Facebook Twitter

20 მარტი, 2026 წელი,

საქმე №ას-1275-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.კ–ძე, თ.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ....... ქუჩის №4-ში მდებარე №33 ბინის (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) მესაკუთრეა დ.ჭ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, გამქირავებელი ან მესაკუთრე).

2. 2021 წლის მაისში, მესაკუთრეს, დ.კ–ძესა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი დამქირავებელი) და თ.ბ–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე დამქირავებელი) შორის ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულება (შემდეგში - ქირავნობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით მხარეთა შორის შედგა მორიგება, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 15 აპრილამდე მოპასუხეებმა სადავო ბინის ნებაყოფლობით განთავისუფლებისა და ამავე მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემის ვალდებულება იკისრეს.

განჩინების მე-3 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეებმა აღიარეს, რომ უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ მათი დავალიანება 3 000 ლარს შეადგენდა, რასაც 2023 წლის 30 ივნისამდე გადაიხდიდნენ. განჩინებით დადგინდა, რომ მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და იძულებითი აღსრულების დაწყების მიზნით მოსარჩელეს ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინების იძულებით აღსასრულებლად მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.

5. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისთვის მესაკუთრემ 890 ლარი გადაიხადა, ხოლო, უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის - 150 ლარი.

6. სადავო ბინის ყოველთვიური ქირა 550 ლარს შეადგენდა.

7. მოპასუხეთა წინააღმდეგ მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

7.1. 2023 წლის 15 აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით (საქმეზე №2/36125-22) ნაკისრი ვალდებულების აღსრულებამდე (მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებამდე) ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის ყოველთვიურად 900 ლარის დაკისრება;

7.2. მესაკუთრის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯის - 1 040 ლარის დაკისრება, საიდანაც 890 ლარი აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას გადახდილი საფასურია, ხოლო, 150 ლარი - უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადების საზღაური.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.2. 2023 წლის 15 აპრილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით (საქმეზე №2/36125-22) ნაკისრი ვალდებულების აღსრულებამდე, კერძოდ, მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის განთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებამდე, ზიანის ასანაზღაურებლად მოსაჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს ყოველთვიურად სოლიდარულად 550 ლარის გადახდა დაეკისრათ;

8.3. მესაკუთრის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინების (საქმე №2/36125-22) აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯის - 1 040 ლარის (საიდანაც 890 ლარი არის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადახდილი საფასური და 150 ლარი - უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის გადახდილი საზღაური) ანაზღაურება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ, საქმეზე სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 567.1 მუხლით (თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.

10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სპეციალური სახეა. კანონმდებელი იმ პრეზუმფციაზე მიუთითებს, რომ ის ვინც აქირავებს, გაქირავებას კვლავ შეძლებდა და შემოსავალს მიიღებდა. ქირის თანხის გაზრდილი საბაზრო ღირებულებით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და ნივთის (ქონების) დაყოვნების გამო ასანაზღაურებელ ოდენობად ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეთა შორის შეთანხმებული მოცულობის თანხა (550 ლარი) განსაზღვრა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, თუმცა, საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებებით მათი საკასაციო საჩივრები განუხილველად დარჩა.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ წარმოადგინა.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- 550 ლარის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება სასამართლომ ისე მიიღო, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები სრულყოფილად არ გამოიკვლია. შესაგებლითა და ახსნა-განმარტებით მოპასუხეები სადავოდ არ ხდიდნენ სარჩელში კასატორის მიერ მითითებულ ფაქტს იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებით ისინი უკანონოდ სარგებლობდნენ და ბინით სარგებლობის თანხას არ იხდიდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინის ქირის დადგენილი ოდენობა 900 ლარია. შესაბამისად, 2023 წლის 15 აპრილიდან მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ყოველთვიურად 900 ლარის შეადგენს. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ უძრავი ქონების 2023 წლის 5 ივნისის ანგარიში წარუდგინა სასამართლოს, რაც სასამართლომ იმ მიზეზით არ გაიზიარა, რომ დასკვნაში ქირის ნაცვლად ინფორმაცია ბინის იჯარის ოდენობაზეა წარმოდგენილი. დასახელებული შეფასებითი ანგარიში ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით არის შედგენილი, სადაც ინტერესის ობიექტია ბინა, რომლის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, მომიჯნავედ არსებული ობიექტები. სწორედ მათი ურთიერთშეჯერებით დადგინდა უძრავი ქონების ქირის ფასი. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მოსაზრება და წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბინის ქირის თანხა სადავო ტერიტორიაზე 900 ლარს შეადგენს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

16. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა, მოპასუხეთა (დამქირავებლები) მიერ მოსარჩელის (უძრავი ქონების მესაკუთრე) უძრავი ქონების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული მოთხოვნა.

17. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი გარემოებებია საყურადღებო, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, რადგან კასატორს (მოსარჩელე) მათ წინააღმდეგ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამ გარემოებებიდან გამომდინარე დადგენილია მოპასუხეთა (დამქირავებლები) მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტი, რაც სსკ-ის 567.1 მუხლის (თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება) საფუძველზე ზიანის ანაზღაურების თაობაზე ამ ნივთის მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

18. რაც შეეხება ზიანის ოდენობის საკითხის შეფასებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ამ ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა ფართით სარგებლობას, რაც კასატორს ქონებით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში ქირის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, რომელიც სსკ-ის 567-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმებული საზღაურის მოცულობის იდენტური უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნივთის დაყოვნების გამო ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეთა შორის შეთანხმებული რაოდენობით (500 ლარი) უნდა განსაზღვრულიყო.

ამავდროულად, ქირის გაზრდილი საბაზრო ღირებულებით დადგენის შესახებ მოსარჩელის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონშესაბამისად არ გაიზიარა მეორე არგუმენტის გათვალისწინებითაც: ამ მიზნით მის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების ანგარიში ქონების იჯარით გაცემის შედეგად მისაღებ ანაზღაურებას შეეხება, რაც ქირავნობისგან განსხვავებული სამართლებრივი ბუნების მქონე ხელშეკრულებაა (სსკ-ის 531-ე და 581-ე მუხლები) და ქირავნობის ხელშეკრულების პირობებში დამქირავებლის მიერ გადასახდელ საფასურთან იდენტური ვერ იქნება.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია