Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-639-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე.რ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 25 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაკისრების მოთხოვნით ე.რ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან მსესხებელი) წინააღმდეგ ნ.კ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 25 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის გადახდა დაეკისრა.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 2321 მუხლი).

7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

7.1. სხვა წინაპირობებთან ერთად, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისთვის გამოკვეთილი უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოთხოვნის დასასაბუთებლად სარჩელის გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება გამსესხებელს არ წარუდგენია. ამდენად, სესხის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

7.2. ბინა, სადაც ხუთი შვილი და ავადმყოფი მეუღლე ცხოვრობს დაყადაღებულია, ის მოპასუხისა და მისი ოჯახისთვის ერთადერთი საცხოვრისია. კასატორს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს იმ მოცემულობაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლომ მას უკვე გადახდილი სესხის ანაზღაურება დააკისრა. როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებდა, მოთხოვნის დამასაბუთებელი მტკიცებულება მას არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციიდან ოქმების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასამართლომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსრებელი გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხემ 28 685 ლარი და 1 900 აშშ დოლარი გადაიხადა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

11. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა. სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით მოპასუხე ინფორმირებული უნდა საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

ბ. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით.

მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია, კერძოდ:

- საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს 2023 წლის 2 აგვისტოს ჩაბარდა;

- მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სსსკ-ის XXVI თავის თანახმად სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა;

- შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს 10-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელიც 2023 წლის 14 აგვისტოს ამოიწურა. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია.

13. მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სსსკ-ის 2321 მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე. სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად გაამართლებენ მასში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა და, თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო თავისებურებიდან გამომდინარე (რაზეც ზემოთ განიმარტა), მოცემულ საქმეზე სარჩელი დაკმაყოფილდა არა საქმეში არსებული მტკიცებულებების არსებითი მსჯელობის საფუძველზე განხილვის და შეფასების საფუძველზე, არამედ იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

- მხარეები არიან ნაცნობები, რომლებსაც ჰქონდათ მრავალწლიანი ურთიერთობა. 2022 წლის დეკემბერში მოპასუხემ სთხოვა სესხად 25000 აშშ დოლარის გადაცემა. 2022 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 25 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს 2022 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დაებრუნებინა, თუმცა თანხა არ დაუბრუნებია. მხარეებს შორის სესხის გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება არ შემდგარა. 2023 წლის 4 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სამმართველოს პირველ სამმართველოს. გამომძიებელმა გამოკითხა მოსარჩელეც და მოპასუხეც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, მოპასუხე აღიარებს 25 000 აშშ დოლარის მოსარჩელისგან სესხად მიღებას, თუმცა თანხას უკან არ აბრუნებს. სწორედ ამის გამო მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს და ითხოვს სესხის დაბრუნებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარჩელს თან ერთვის 2023 წლის 4 ივლისს მოპასუხესთან გამომძიებლის გასაუბრების ოქმი, სადაც დეტალურადაა მითითებული მოთხოვნილი თანხის სესხად გადაცემის დამადასტურებელ ფაქტებზე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 623-ე და 624-ე მუხლები დაასახელა.

სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, მაგრამ, ვინაიდან დადგენილ ვადაში მას შესაგებელი არ წარუდგენია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, რომლებიც, სსკ-ის 623-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო, მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) დანაწესიდან გამომდინარე ამართლებდა სესხის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა ყველა წინაპირობა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობიდან გამომდინარე.

საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სამართლიან სასამართლოს უფლების პრინციპს არ არღვევს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 2321-ე მუხლის დეფინიცია, რომელზეც ზემოთ უკვე მიეთითა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1956-2018, 24.05.2019). ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას, უნდა შეფასდეს სსსკ-ის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევად იქნას მიჩნეული (შდრ. იხ. სუსგ: №ას-729-682-2017, 29.09.2017).

ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით, ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1033-953-2017, 30.01.2018). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia),

15. საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თავის მფლობელობაში არსებული ბინა კასატორისა და მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრისია და თანხის დაკისრების შედეგად შესაძლოა მისი რეალიზაცია განხორციელდეს. პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს, როგორც პირის უფლების აღიარება, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით (ჩეპმენი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chapman v. the United Kingdom), განაცხადი no. 27138/95, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2001 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 99) ან როგორც პირის უფლება, იცხოვროს გარკვეულ ადგილას (გარიბი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Garib v. the Netherlands), განაცხადი no. 43494/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 141). კონვენციის მე-8 მუხლის ძალით სახელმწიფოზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის გამყოფი ზღვარი ხშირად რთული დასადგენია. შესატყვისი პრინციპები მსგავსია. ორივე შემთხვევაში უნდა დამყარდეს სამართლიანი წონასწორობა კონფლიქტურ ინტერესებს შორის. „შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხადი, წინასწარგანჭვრეტადი და სათანადოდ ხელმისაწვდომი. პირს უნდა შეეძლოს კანონის შესაბამისად მოქმედება. აგრეთვე, ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული საჯარო ხელისუფლებისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში სათანადო ღონისძიებების მიღება. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გონივრული სიცხადით უნდა მიუთითებდეს იმ ფარგლებსა და გზებზე, რომლითაც უნდა განხორციელდეს საჯარო ხელისუფლებისთვის დელეგირებული დისკრეცია ისე, რომ პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ დაცვის მინიმალური ხარისხით, რომლის უფლებაც მათ აქვთ სამართლის უზენაესობაზე დამყარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში. რაც შეეხება წინასწარგანჭვრეტადობას, ფრაზა „კანონის შესაბამისად“ ამ კონტექსტში გულისხმობს, inter alia, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა საკმარისად განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა სათანადოდ მიანიშნოს ინდივიდებს იმ გარემოებებსა და პირობებზე, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, ხელისუფლებას უფლება აქვს, გამოიყენოს უფლებათა შემზღუდველი ღონისძიებები. ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ პირებს უნდა შეეძლოთ, გონივრულად განჭვრიტონ, სულ მცირე, იურისტის რჩევით, რომ მათზე შეიძლება კანონის მოქმედება გავრცელდეს“ (იხ. საცხოვრისის უფლება /საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა/; ავტორი - ნანა მჭედლიძე; 2019; 38-39; რედაქტორი- ნინო კალატოზიშვილი; სუსგ №ას-1578-2022, 26.01.2023). ამდენად, კრედიტორის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია თანხვედრაშია როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან და აღნიშნული გარემოება ვერ შეაფერხებს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებას.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-1671-2019, 2020 წლის 13 მარტის განჩინება; №ას-1183-2019, 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება; №ას-1563-2019, 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგან კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე 3 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა, რაც მოცემულ შემთხვევაში 930 ლარს შეადგენს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი მას უკვე გადახდილი აქვს, ამ უკანასკნელის მიერ ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა, 630 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.რ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 630 ლარის გადახდა, მის მიერ უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია