15 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-754 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - ა.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ბ–ძე, თ.ბ–ძე (მოპასუხეები)
II კასატორი - მ.ბ–ძე, თ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ს–ძე
მოპასუხეები - ხ.თ–ძე, შპს „თ-ე“, შპს „მ.“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება; ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ს–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, 1-ლი კასატორი ან გამსესხებელი), მ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე. აპელანტი, II კასატორი ან მსესხებელი) და თ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე. აპელანტი, II კასატორი ან მსესხებელი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; პირველ და მეორე მოპასუხეებს - 600 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა. მხარეთა საკასაციო პრეტენზიებით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. 1-ლი კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უმართებულოდ, მტკიცებულებათა სრული ანალიზის გარეშე მიიჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა იგი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. II კასატორების მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრვი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, არასწორად დადგინდა ფაქტები 2016 წლის სადავო სესხის ხლშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის თაობაზე (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისისა და 10 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2016 წლის 20 ივნისს გამსესხებელმა მსესხებლებს ორი წლის ვადით, სარგებლის გარეშე - 600 000 აშშ დოლარი, ასესხა (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება).
4.4. 2018 წლის 17 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა - 2020 წლის 18 სექტემბრამდე გაიზარდა (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება).
4.5. 2020 წლის 14 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით კი, სესხის დაბრუნების ვადა დამატებით - 2022 წლის 18 სექტემბრამდე გაიზარდა (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება).
4.6. 2022 წლის 27 მაისს, შპს ,,თ-ბ–სა“ და შპს ,,მ“-ს (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხეები) შორის უძრავ ქონებაზე (თბილისში, ..... ქუჩა N15 მიმდებარედ (ნაკვთი 04/1..) ს/კ-ით #....., დაზუსტებული ფართობი: 1402.00 კვ.მ; თბილისში, .... ქუჩა N15, ს/კ-ით #...., დაზუსტებული ფართობი: 10726.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართი 1455.90 კვ.მ და N2 6071.45 კვ.მ; თბილისში, .... ქუჩა N15-ის მიმდებარედ, ს/კ-ით #...., დაზუსტებული ფართობი: 4602.00 კვ.მ; ..... ჩიხი (143) დაფარვის ზონა - სადგური ლილოს მიმდებარედ (..... ქ N15) ს/კ-ით #.......) ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო
4.7. 2021 წლის 4 ოქტომბერს მეორე მოპასუხემ თბილისში, სოფელ ............., მდებარე 1139.00 კვ. მ. დაზუსტებული ფართობი, ს/კ-ით #......., ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადვო ჩუქების ხელშეკრულება), შვილს, ხ.თ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მეორე მოპასუხის შვილი) აჩუქა.
4.7.1. მესამე მოპასუხემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2 დამოუკიდებელ ერთეულად ს/კ-ით # ........ (569 კვ.მ) და ს/კ-ით # ........ (570 კვ.მ) გამიჯნა.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ - სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალეები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს. ამ შემთხვევაში, თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას სსკ-ის, 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), მუხლის შემადგენლობის არსებობა განაპირობებს.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის ერთდროულად უნდა იყოს განხორციელებული სსკ-ის 623-ე მუხლის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მსესხებელს უნდა ჰქონდეს გადაცემული თანხა საკუთრებაში და კისრულობდეს განსაზღვრული ვადის მიხედვით, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
6.1. სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება.
ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს.
7. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ).
სხვა საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ).
8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები თანხის მიღებას სადავოდ არ ხდიან, მათი პრეტენზია ვალდებულების შესრულების ფაქტს ეხება, კერძოდ, მათი მითითებით, თანხის დიდი ნაწილი გადაიხადეს.
9. მოპასუხეების/კასატორების მითითებულ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მათ ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება)) მუხლზე, რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ ვალდებულება სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე შეწყდეს კრედიტორის სასარგებლოდ, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია: ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
10. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს გამსესხებელმა მსესხებლებს ორი წლის ვადით, სარგებლის გარეშე - 600 000 აშშ დოლარი, ასესხა.
11. ასევე დადგენილია, ისიც რომ 2018 წლის 17 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა - 2020 წლის 18 სექტემბრამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წლის 14 სექტემბერს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა - 2022 წლის 18 სექტემბრამდე გაგრძელდა.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს.
კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ ისაა, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება.
კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის მიხედვით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არ აქვს რაიმე საჭიროება, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით.
სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა, აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მხოლოდ მოვალეს შეიძლება დაეკისროს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი).
13. მოცემულ საქმეში, მოპასუხეები ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად მათ მიერ ცალმხრივად შედგენილ ცხრილებზე და ექსელის ფაილზე უთითებდნენ, რომელიც მოსარჩელის/გამსესხებელს ხელმოწერით არ იყო დადასტურებული.
14. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზეა შედგენილი ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც მიუთითებს, რომ პირველმა მოპასუხემ 2016 წლის ივნისიდან, 2020 წლის 3 იანვრის ჩათვლით, მოსარჩელესა და დ.ბ–ძეს ნაღდი ანგარიშსწორებით, ჯამურად - 324910 აშშ დოლარი და 436 ლარი აუნაზღაურა.
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მტკიცებულებების ავთენტურობასთან მიმართებით და მიიჩნევს, ვინაიდან, მტკიცებულებები შედგენილია ცალმხრივად, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა სწორედ ამ მტკიცებულებებს ეფუძნება, იგი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ ჩაითვლება და მასზე დაყრდნობით სასამართლო ვალდებულების შესრულების სადავო ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადგენს. საგულისხმოა ასევე, რომ საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნების ფაქტი (იხ, მოწმეების დავით ბრეგვაძის, დალი ხალვაშის, ბესიკ ბეჟანიძისა და თეა ირემაშვილის ჩვენებები).
16. რაც შეეხება 2021 წლის 30 სექტემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას, მასში აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოვალეს კრედიტორის წინაშე გააჩნია - 240 000 აშშ დოლარის შესასრულებელი ფულადი ვალდებულება, რომელიც 3 წლის განმავლობაში, 2024 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დაიფაროს.
17. სანოტარო წესით დამოწმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების პარალელურად საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისგან 6 თვით, 2019 წლის 17 მარტამდე - 100 000 აშშ დოლარი ისესხეს. მოსარჩელის განმარტებით, ხსენებული თანხა ნასესხებია 2018 წლის 17 სექტემბერს, შემდეგ 30.09.2021 წლის შეთანხმებით მხარეთა მიერ აღიარებულ იქნა 240 000 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობა, რაც მოიცავს ხელწერილით ნასესხებ თანხას 100 000 აშშ დოლარს; ვალის აღიარების დროისთვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის კვლავ იქნა სესხად გაცემული - 140 000 აშშ დოლარი, ამიტომ შედგა სანოტარო აქტი ვალის - 240 000 აშშ დოლარის აღიარებაზე, სადაც განსაზღვრულია თანხის დაბრუნების ვადა და მას - 600 000 დოლარის შესახებ შედგენილ წერილობით სესხის ხელშეკრულებასთან, კავშირი არ აქვს.
18. ამდენად, საქმის გარემოებათა განხილვის და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, ხოლო პირველმა და მეორე მოპასუხეებმა სესხის თანხის დაფარვის ან თანხის სხვა სამართლებრივ საფუძველით დაბრუნების ფაქტი ვერ დაადასტურეს, რაც რამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ თავდაპირველ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არაა მოჩვენებითი გარიგება შემდეგი მსჯელობიდან გამომდინარე:
სსკ-ის 56.1 მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.
მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).
20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გარიგების მოჩვენებითობაზე მითითებით თავდაპირველ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს, ამ მხრივ პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეები ნასყიდობის საგანზე, ფასზე და გადახდის წესზე შეთანხმდნენ, მყიდველმა აანაზღაურა ნასყიდობის საფასური და მიიღო ნაყიდი ქონება. ამასთან, საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე, შპს თა-ბე სესხის სამართალურთიერთობის მონაწილე არაა და იგი პარტნიორისგან დამოუკიდებელი სამართალსუბიექტია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქონების გასხვისებაზე ზემოაღნიშნული სუბიექტის მხრიდან მოჩვენებითი განზრახვა არ იკვეთებოდა, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილების აღსრულება მის ქონებაზე არ მიექცეოდა.
21. მოსარჩელე მეორე და მესამე მოპასუხეებს (მამ-შვილს), შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც ითხოვდა. საკასაციო სასამართლო ამ გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადასტურების მიზნებისათვის, დაუსაბუთებლად მიიჩევს იმ ფაქტზე აპელირებას, რომ მჩუქებელი და დასაჩუქრებული ახლო ნათესავები (მამა-შვილს) არიან და ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი იმ პრეზუმფციის უარსაყოფად, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მათ ნამდვილ ნებას. მოცემულ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინებაშია განმარტებული, რომ ნათესაური კავშირი ერთ-ერთი ელემენტია სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, თუმცა - არასაკმარისი და არაერთადერთი.
22. მესამე მოპასუხის მითითებით, მას ჰქონდა საამშენებლო ბიზნესი და სწორედ აღნიშნულ საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით გადასცა მამამ უძრავი ქონება, რასაც ადასტურებს მიწის ნაკვეთის გამიჯვნისა და მასთან დაკავშირებით საამშენებლო საქმიანობის წარმოების პროექტის არსებობა. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მეორე მოპასუხეს ვადამოსული დავალიანება არ ჰქონდა, ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გარიგების დადებისას მოვალე იმყოფებოდა გადახდისუუნარობის მოსალოდნელი საფრთხის წინაშე, საქმეში არ წარდგენილა.
23. მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის არსებული ნათესაური კავშირის პარალელურად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სესხის გაცემისას, კრედიტორს (გამსესხებელს) არ „უზრუნია“ მოვალის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების სანივთო უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც სესხის გაცემა არ იყო დამოკიდებული მის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობაზე და მოსარჩელემ სესხი სანივთო უზრუნველყოფის გარეშე გასცა, მსესხებელს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა კუთვნილი ქონება.
ის სამართლებრივი რისკი კი, რომელიც, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების რისკს უკავშირდება, დასაჩუქრებულის პასუხისმგებლობის საგანი ვერ გახდება, გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას ვერ შეარყევს და ვერ შექმნის შინაგან რწმენას იმისას, რომ ხელშემკვრელი მხარეები, თუნდაც ნათესაური კავშირის მქონენი, მოქმედებდნენ მოჩვენებითად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
24. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
25. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი, I კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 26.03.2025წ), 70% - 4200 ლარი. II კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ლ.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახდო დავალება #3977, გადახდის თარიღი 01.07.2025წ), 70% - 4200 ლარი. შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ს–ძის, მ.ბ–ძისა და თ.ბ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ს–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 26.03.2025წ), 70% - 4200 ლარი.
3. მ.ბ–ძეს (..........) და თ.ბ–ძეს (.........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახდო დავალება #3977, გადახდის თარიღი 01.07.2025წ), 70% - 4200 ლარი.
შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია