Facebook Twitter

საქმე №ა-728-შ-23-2026 17 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ლ–ვა (პ)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინების შედეგად მინიჭებული გვარის ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ე. პ. ა. ასულსა (პირადი ნომერი: ........., ქორწინებამდელი გვარი - ლ–ვა) და ა. პ. ს. ძეს (პირადი ნომერი: ..........) შორის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებული იყო 2017 წლის 5 თებერვალს მინსკის რეგიონის კოპილის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის სამოქალაქო რეესტრის ოფისში (ჩანაწერი №6), შეწყდა. განქორწინების შედეგად მათ მიენიჭათ შემდეგი გვარები: კაცს - პ, ქალს - ლ–ვა.

2. ე.ლ–ვას სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, რომლითაც მხარემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების შედეგად მინიჭებული გვარის ნაწილში.

3. განმცხადებლის განმარტებით, იგი შვილთან ერთად იმყოფება საქართველოში და სურს, მოიპოვოს საქართველოში ცხოვრების უფლება. ამ მიზნით მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მოსთხოვეს გვარის შეცვლის ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, განქორწინების შედეგად მინიჭებული გვარის ნაწილში, წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ე. პ. ა. ასულსა (პირადი ნომერი: .........., ქორწინებამდელი გვარი - ლ–ვა) და ა. პ. ს. ძეს (პირადი ნომერი: .........) შორის ქორწინება, რომელიც რეგისტრირებული იყო 2017 წლის 5 თებერვალს მინსკის რეგიონის კოპილის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის სამოქალაქო რეესტრის ოფისში (ჩანაწერი №6), შეწყდა. განქორწინების შედეგად მათ მიენიჭათ შემდეგი გვარები: კაცს -პ, ქალს - ლ–ვა.

7. საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

8. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განმცხადებელი არ არის საქართველოს მოქალაქე და, როგორც თავად განმარტავს, ამჟამად შვილთან ერთად იმყოფება საქართველოში და სურს ბინადრობის ნებართვის მოპოვება, რის გამოც ესაჭიროება უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

9. განცხადებას ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2026 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება განმცხადებლის შვილის, ა.პ–ის, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა საჭიროება, რომ წარმოდგენილიყო გვარის ცვლილების შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობის შესახებ გადაწყვეტილება.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - მინსკის კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

13. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები.

14. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

15. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება განქორწინების შედეგად გვარის ცვლილებას და თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება საოჯახო სამართლის სფეროს, შესაბამისად, ექვემდებარება მინსკის კონვენციით დადგენილი წესით ცნობის რეჟიმს.

16. საქმის მასალებით არ იკვეთება კონვენციით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი, მათ შორის პროცესუალური დარღვევები, საჯარო წესრიგის დარღვევა ან სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მისი ცნობის შესაძლებლობას. ამასთან, დგინდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის აუცილებლობა დადასტურებულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ვინაიდან მისი არარსებობის გამო განმცხადებლის შვილის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება დატოვებულია განუხილველად. ეს ყველაფერი მიუთითებს აღნიშნული გადაწყვეტილების პრაქტიკულ და სამართლებრივ მნიშვნელობაზე საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებში.

17. ამდენად, როგორც კონვენციის მიზნებიდან და დადგენილი პირობებიდან, ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შუამდგომლობა საფუძვლიანია.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ლ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საბჭოთა რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. პ. ა. ასულს (პირადი ნომერი: ........, ქორწინებამდელი გვარი ლ–ვა) და ა. პ. ს. ძეს (პირადი ნომერი: ..........) შორის ქორწინების შეწყვეტის შედეგად განმცხადებელს მიენიჭა გვარი - ლ–ვა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია