Facebook Twitter

31 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

საქმე Nა-1266-გან-7-2026

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - კ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ვ–კო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

განმცხადების მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ქირის დაკისრება (სარჩელით), არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით (განჩინება მიღებულია ზეპირი განხილვის გარეშე), კ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ხ.მ–ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.

2. 2026 წლის 16 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა კ.გ–მა, რომელმაც მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და მიუთითა, რომ 2024 წლის 2 დეკემბერს მის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის თანახმადაც მას დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 1 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ხოლო 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში.

3. კასატორმა სრულად შეავსო ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟი რამდენიმე გადახდით გადაიხადა. 2026 წლის 16 მარტს მას ჩაბარდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რომლის მიხედვითაც დაუბრუნდა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, ხოლო ალიმენტის ნაწილში გადახდილი 1 800 ლარის სახელმწიფო ბაჟის საკითხზე საკასაციო პალატას არ უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით კ.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 800 ლარის 70%, ანუ 1 260 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

6. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).

8. ვინაიდან საქმე ეხება სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვას.

9. მოცემულ შემთხვევაში კ.გ–ი საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე უარის თქმის ნაწილში, რის გამოც 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მას დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარდგენა - 1 800 ლარი ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში და 300 ლარი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში.

10. საქმის მასალების თანახმად, მან საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოასწორა და მოთხოვნილი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, რის შემდგომაც 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, კ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო; კ.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.

12. პალატის მითითებით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი მოცემულია სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილში, რომლის თანახმადაც, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

13. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ.გ–მა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეავსო და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1 800 ლარი ალიმენტის ნაწილში და 300 ლარი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, მას დაუბრუნდა მხოლოდ 300 ლარის 70% -210 ლარი.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატას არ გადაუწყვეტია საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საკითხი, არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა და კ.გ–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 800 ლარის 70%-ის, ანუ 1 260 ლარის დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.გ–ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. კ.გ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.მ–ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 800 ლარის (საგადახდო დავალება №25021041911, გადახდის თარიღი 12.12.2024), 70% - 560 ლარი;

3. კ.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.მ–ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1000 ლარის (საგადახდო დავალება №25254270163, გადახდის თარიღი 27.12.2024), 70% - 700 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია