Facebook Twitter

საქმე №ას-278-2026 31 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.რ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ტ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ.ტ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ.რ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 28 თებერვალს შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში .........., ს/კ ........, №1 შენობა-ნაგებობიდან საერთო ფართი 122.89 კვ.მ (მათ შორის 1-ელ სართულზე 58.65 კვ.მ; 1-ელ სართულზე 43.81 კვ.მ; სარდაფი 20.29 კვ.მ.) აღირიცხა მოსარჩელის სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი ლ.ბ–სა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 25 თებერვალს გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება №01/19; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების - 5000 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯების, 3385 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ 2025 წლის 19 ივნისს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. მას არ უცნობებია სასამართლოსთვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე, 229-ე და 275-ე მუხლების ერთობლიობით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. 2026 წლის 16 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

6. მოპასუხე მიუთითებს, რომ საქმის დასრულების შემდეგ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანისთვის მზადების პროცესში, დეტალურად გაეცნო ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. კერძოდ, 2025 წლის 8 მარტის გადაცემაში „შაბათის ფორმულა“ მისთვის ცნობილი გახდა ახალი და არსებითი გარემოება - სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტი უკავშირდება საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს და ატყობინებს მისი ემიგრაციაში იძულებით წასვლის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მარტში მოწინააღმდეგე მხარეს უკვე ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მისი ემიგრაციაში ყოფნის შესახებ. მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციის ფლობისა, მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი მიზანმიმართულად მიმართავდნენ სასამართლოს მოთხოვნით, რომ სააპელაციო საჩივარი განხილულიყო დაუსწრებლად ან დარჩენილიყო განუხილველად. ეს გარემოება საქმის განხილვის დროს მისთვის ცნობილი არ იყო და ობიექტურად ვერ წარმოადგენდა მას სასამართლოში, რადგან გადაცემა მხოლოდ 2025 წლის 20 დეკემბერს ნახა, სტრასბურგისთვის მზადებისას. მანამდე არც გადაცემა უნახავს და არც მისი სამართლებრივი მნიშვნელობა გაუაზრებია. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოვლინდა 2025 წლის 20 დეკემბერს, როდესაც გადაცემა ნახა.

7. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც გამოწვეული იყო პოლიტიკური დევნის, რეპრესიისა და უშუალო საფრთხის გამო და, შესაბამისად, ობიექტურად მოკლებული იყო სასამართლო პროცესში მონაწილეობისა და სასამართლო უწყებების მიღების შესაძლებლობას. ეს გარემოება რომ გამხდარიყო სასამართლოს სრულფასოვანი შეფასების საგანი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ვერ იქნებოდა კანონიერად დასაბუთებული, ვინაიდან მოსარჩელის დაუსწრებლობა და უწყების ჩაუბარებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეულობით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოპასუხის განცხადება დარჩა განუხილველად, ვინაიდან მისი შეტანა განხორციელდა ვადის დარღვევით, რაც მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სიუჟეტი ეთერში გავიდა 2025 წლის 8 მარტს. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გამოითვალა განცხადების წარდგენის ვადა, რაც ცალსახად მიუთითებს განჩინების უკანონობაზე.

10. მისი იძულებითი ემიგრაციისა და პოლიტიკური დევნის პირობებში, სატელევიზიო სიუჟეტის დეტალური შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2025 წლის 20 დეკემბერს, საქმის მასალების ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მომზადების პროცესში. აქედან გამომდინარე, 2026 წლის იანვარში შეტანილი განცხადებით კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა სრულად არის დაცული.

11. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იაქტიურა მისი ადგილსამყოფლის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემას ჰქონდა მისი WhatsApp საკონტაქტო მონაცემები. საქმის განმხილველი კოლეგიის წევრისთვის ცნობილი იყო მისი ემიგრაციის შესახებ. სასამართლომ აირჩია პასიური, ფორმალისტური გზა, რითაც ხელი შეუწყო მისი პროცესიდან ჩამოცილებას.

12. კერძო საჩივართან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა წერილობითი პოზიცია და მიუთითა კერძო საჩივრის უსაფუძვლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანს წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

15. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ.: პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

16. სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ.: მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).

17. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

18. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 265-ე მუხლის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ მართალია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სარგებლობს საბოლოობისა და უცვლელობის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის დაცვას, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი მექანიზმის არსებობას. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი საპროცესო წესის დაცვით.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საქმის წარმოების განახლების საკითხს ეძღვნება თავი LII, რომელიც წარმოადგენს მოქნილ, საგამონაკლისო საპროცესო ინსტრუმენტს. იგი ადგენს განცხადების შეტანის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს და განსაზღვრავს კანონით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელი ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ობიექტი სსსკ-ის LII თავის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს, ისე ის განჩინებები, რომლებიც პროცესს საბოლოოდ ასრულებენ. ასეთ ობიექტებად მიიჩნევა პირველი ინსტანციის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები (საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ), აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები და შესაბამისი განჩინებები, მათ შორის განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა ან საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ყველა სხვა, შუალედური ხასიათის განჩინება, რომელიც მხოლოდ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულებას ან საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას ემსახურება და პროცესის დასრულებას არ იწვევს, ვერ ჩაითვლება საქმის წარმოების განახლების ობიექტად (აღნიშნულ საკითხზე დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-730-2020, 12.10.2020წ.; №ა-2175-ა-11-2023, 05.05.2023წ.; №ა-252-ა-7-2025, 09.12.2025წ.).

21. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. ამ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეყილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ა-2533-ა-5-2018, 11.06.2018წ.; №ას-1455-2019, 15.11.2019წ.; №ას-1531-2024, 21.02.2025წ.).

22. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

23. სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

24. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა მოწმდება სასამართლოს ინიციატივით. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაცული განცხადების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა, სასამართლო ვალდებულია განჩინებით დატოვოს იგი განუხილველად. აღნიშნული წესი გამომდინარეობს სსსკ-ის 429-ე მუხლიდან.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, განცხადების არსებითი განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს მისი დასაშვებობა. დასაშვებობის შემოწმება წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას, რომლის გარეშე შეუძლებელია განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობა. ეს გულისხმობს, რომ სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. აღნიშნულ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს წარმოადგენს საპროცესო ვადების დაცვა. შესაბამისად, განცხადების წარმოებაში მიღების აუცილებელი პირობაა მისი კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში წარდგენა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადავიდეს მოთხოვნის არსებით განხილვაზე.

26. სსსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები, თავის მხრივ, იმპერატიული ხასიათისაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისაგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღნიშნული ნორმით, არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების ან აღდგენისა და შეჩერების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1075-1008-2012, 10.09.2012წ.; №ას-427-399-ა-2017, 23.05.2017წ.; №ას-1560-1480-2017, 07.03.2018წ.).

27. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 427-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს განცხადების სავალდებულო შინაარსობრივ და ფორმალურ მოთხოვნებს და ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, ეკისრება ვალდებულება მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებს განცხადების შეტანის ვადის დაცვას, ასევე შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების დადასტურება.

28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ განცხადება განუხილველად დატოვა, ვინაიდან დარღვეული იყო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

29. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ სატელევიზიო სიუჟეტის დეტალური შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2025 წლის 20 დეკემბერს, საქმესთან დაკავშირებული მასალების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენის მზადების პროცესში. მანამდე არც სიუჟეტი უნახავს და არც მისი სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა გაცნობიერებული, რის გამოც ახლად აღმოჩენილი გარემოების თარიღია 2025 წლის 20 დეკემბერი, ხოლო განცხადება შეტანილია კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით.

30. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ მისი განცხადება კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით არის წარდგენილი, ვინაიდან იგი არ არის გამყარებული სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტაციითა და მტკიცებულებებით.

31. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება დაფუძნებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ამასთან, სსსკ-ის მე-4 მუხლი ადგენს, რომ მხარეს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.

32. საქმის მასალების თანახმად, 2025 წლის 7 ოქტომბერს წარდგენილ კერძო საჩივარში განმცხადებელი ქვეყნის დატოვების ფაქტს უკავშირებდა ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტს, რომელიც ეთერში 2025 წლის 8 მარტს გავიდა. კერძოდ, კერძო საჩივარში აღნიშნულია: „მ.რ–მა 2025 წლის 2 მარტს მოულოდნელად დატოვა საქართველო და ამჟამად იგი ემიგრაციაში იმყოფება იტალიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტი საჯარო გაშუქდა მედიაში. კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტში, რომელიც ეთერში გავიდა 2025 წლის 8 მარტს...“. ამასთან, იმავე კერძო საჩივარში მითითებულია სიუჟეტის გავრცელება სხვადასხვა მედია საშუალებებით, მაგალითად, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში 2025 წლის 10 მარტს გასული დ. ტ–ძის გადაცემა „საჯარო პოლიტიკა“. შესაბამისად, კერძო საჩივრის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ განმცხადებლისთვის 2025 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით უკვე ცნობილი იყო სიუჟეტი, რომელსაც უკავშირებს განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადას. მიუხედავად ამისა, საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადება სასამართლოში შეტანილია 2026 წლის 16 იანვარს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, მხარეს არ მიუთითებია და არც წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ დასახელებულ გარემოებებს და გაამყარებდა მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაფუძნებულ, კანონით მკაცრად დადგენილი ვადის დაცვის არგუმენტს.

33. სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სატელევიზიო სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია მისთვის მხოლოდ 2025 წლის 20 დეკემბერს გახდა ცნობილი, ვინაიდან ეს განცხადება წინააღმდეგობაშია თავად კერძო საჩივრის ავტორის სხვა განცხადებებთან და ქმნის აშკარად ურთიერთგამომრიცხავ პოზიციას. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ განმცხადებელი უკვე იყო ინფორმირებული აღნიშნული სიუჟეტის არსებობის შესახებ, რაც ცხადად გამოჩნდა 2025 წლის 7 ოქტომბრის კერძო საჩივარში, რომელშიც ის პირდაპირ აღნიშნავს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღებსა და მისი საჯარო გავრცელების ფაქტებს. აღნიშნული წინააღმდეგობრივი პოზიცია აშკარად წარმოშობს მისი შეფასების სანდოობის დეფიციტს და არგუმენტაციას აკლებს დამაჯერებლობას. გარდა ამისა, სამართლებრივად, მსგავსი წინააღმდეგობრივი მტკიცება არ არის საკმარისი კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვის დასადასტურებლად. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ვერ დაუყრდნობა მხოლოდ დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ან წინააღმდეგობაშია მის განცხადებებთან.

34. სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული მხარის მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე დაფუძნებული პოზიცია ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით განმტკიცებულ შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტურ პრინციპებს. იმ პირობებში, როდესაც განცხადების დასაშვებობის წინაპირობებს სასამართლო საკუთარი ინიციატივით ამოწმებს, მტკიცების ტვირთისა და მტკიცების სტანდარტის მიმართ მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრდება. აღნიშნული მიდგომა ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და საბოლოობის პრინციპების დაცვას, ასევე პროცესის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და სასამართლო გადაწყვეტილებების თვითნებური გადახედვის თავიდან აცილებას.

35. პალატის მითითებით, რადგან დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო, როგორც წესი, აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა-არარსებობის საკითხს და აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრული საქმისწარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ა-2185-ბ-7-2022, 06.05.2022წ.; №ა-2739-24, 13.06.2024წ.).

36. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს შეფასებით, განცხადება დასაშვები რომც ყოფილიყო, მას წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა. კერძოდ, განცხადების შინაარსის თუნდაც ზედაპირული შეფასებაც კი ცხადყოფს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართლებრივ შემადგენლობას, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურად შეიძლებოდა გამხდარიყო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. აღნიშნული რეგულაციის მიზანია უზრუნველყოს მხოლოდ ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინება, რომლებიც რეალურად ახდენენ გავლენას უკვე დასრულებული საქმის შედეგზე და ამავდროულად გამორიცხოს პროცესის ხელოვნური გახანგრძლივება ან სასამართლო გადაწყვეტილებების დაუსაბუთებელი გადასინჯვა.

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას.“ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ.).

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეებზე: №ას-7-2021, 18.03.2021წ.; №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ.; №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ.).

39. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).

40. საკასაციო პალატის შეფასებით, განმცხადებელს არ მიუთითებია ისეთი გარემოება, რომელიც შეიძლება არსებითად ან შინაარსობრივად განხილულ იქნეს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ფარგლებში.

41. საკითხის მეტი სიცხადისათვის სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სამართლებრივ მოწესრიგებაში სასამართლო აქტების გასაჩივრებისა და მათი შემდგომი გადახედვის მექანიზმები ემყარება ორ ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ ლოგიკას: ერთი მხრივ, არსებობს ჩვეულებრივი გასაჩივრება (საჩივარი/სააპელაციო/საკასაციო საჩივარი და კერძო საჩივარი), ხოლო მეორე მხრივ, საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე. ამ ორი ინსტიტუტის ერთმანეთისგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია იმის სწორად გასაგებად, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვთ საბოლოო ხასიათი და მათი შეცვლა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებშია შესაძლებელი.

42. უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრის, მათ შორის აპელაციისა და საკასაციო საჩივრის, და კერძო საჩივრის ინსტიტუტი ემსახურება იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმებას, რომლებიც მიღებულია უკვე არსებული ფაქტობრივი და საქმის მასალების ფარგლებში. საქმის წარმოების ამ ეტაპზე სასამართლო ამოწმებს, სწორად იქნა თუ არა შეფასებული მტკიცებულებები, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული სამართლის ნორმა და არსებობდა თუ არა პროცესუალური ან მატერიალური შეცდომა იმ დროისთვის ცნობილი გარემოებების საფუძველზე. ამისგან განსხვავებით, საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ წარმოადგენს გასაჩივრების გაგრძელებას და არც დამატებით ინსტანციას.

43. პალატის აზრით, ზემოაღნიშნული მსჯელობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის დასრულების ორ კატეგორიას შორის განსხვავების გამოკვეთაც, კერძოდ, პირველ შემთხვევაში არსებობს არსებითად დასრულებული საქმეები, სადაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, პროცესუალურად დასრულებული საქმეები, სადაც დავა შინაარსობრივად არ გადაწყვეტილა, თუმცა პროცესი დასრულდა (მათ შორის სარჩელის ან საჩივრის განუხილველად დატოვების ან საქმის შეწყვეტის გზით). აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების დასრულება, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის იწვევს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, რაც განპირობებულია განსხვავებული სამართლებრივი რეგულირებით. არსებითად დასრულებულ საქმეებში, როგორც წესი, სრულად მოქმედებს მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმები, ვინაიდან დავა წყდება შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში და დგინდება მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების საბოლოო შინაარსი, ხოლო პროცესუალურად დასრულებულ საქმეებში, დავის შინაარსობრივი გადაწყვეტის გარეშე, საქმე სრულდება მხოლოდ საპროცესო სამართლის ნორმებით განსაზღვრული წინაპირობების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ფუნქციური არსი ამ კატეგორიებში, მათი სამართლებრივი ბუნების შესაბამისად, განსხვავებულად ვლინდება.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევა ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვის დროს, თუმცა მხარისათვის ცნობილი არ იყო და რომელთა დროულად წარდგენის შემთხვევაში გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ამ საფუძვლის კლასიკური და ძირითადი გამოყენების სფერო უკავშირდება არსებითად განხილულ საქმეებს და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებითაც უკვე დადგენილია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლებები და ვალდებულებები. სწორედ ასეთ შემთხვევებში არის შესაძლებელი შეფასდეს, მოახდენდა თუ არა ახალი გარემოება გავლენას სასამართლოს მსჯელობაზე ან შეფასებაზე და მიიღებოდა თუ არა განსხვავებული, მხარისთვის უფრო ხელსაყრელი შედეგი. შესაბამისად, სამართლებრივი გაგებით, ამ შემთხვევაში ცენტრალურია მატერიალური დავის შედეგის გადახედვის შესაძლებლობა.

45. რაც შეეხება ისეთ სასამართლო აქტებს, რომლებიც დავას არსებითად არ წყვეტენ, თუმცა პროცესს ასრულებენ (როგორიცაა სარჩელის ან საჩივრის განუხილველად დატოვება, საქმის წარმოების შეწყვეტა ან დაუსწრებელი გადაწყვეტილება), მათ მიმართ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდულად და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ახლად გამოვლენილი გარემოება არა დავის არსს, არამედ იმ პროცესუალურ საფუძველს ეხება, რის გამოც საქმე დასრულდა. ასეთ დროს სადავო ხდება არა მატერიალური სამართლებრივი შედეგი, არამედ თავად პროცესის დასრულების კანონიერება და მისი საფუძვლის სისწორე. შესაბამისად, ამ კატეგორიის სასამართლო აქტებთან მიმართებით აღნიშნული საფუძველი გამოიყენება უფრო ვიწრო და სპეციფიკური გაგებით, მაშინ როდესაც მისი ძირითადი დანიშნულება მაინც უკავშირდება არსებითი განხილვის შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების გადახედვას.

46. განსახილველ დავაში საქმის წარმოების განახლების ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორის (იმ ეტაპზე აპელანტის) გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იგი არ დააკმაყოფილა. ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ფარგლებში უკვე შეფასდა სადავო საკითხი, კერძოდ, დადგინდა, რომ განმცხადებელი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო და მიუხედავად ამისა არ გამოცხადდა, ხოლო მის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის მისი ემიგრაციაში ყოფნის ფაქტი, არ ჩაითვალა საპატიო მიზეზად გამოუცხადებლობისათვის. ამიტომ, იგივე გარემოებებზე ხელახლა მითითება არ ქმნის საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რადგან ეს არ არის ახალი, მანამდე უცნობი ფაქტი, არამედ უკვე შეფასებული პროცესუალური საკითხის გამეორებაა.

47. მხარე საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ასახელებს გარემოებას, რომელიც უკავშირდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი ემიგრაციაში ყოფნის შესახებ ინფორმაციის ფლობას. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ 2025 წლის 8 მარტის სატელევიზიო გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს უკვე 2025 წლის მარტში ჰქონდა ინფორმაცია მისი ემიგრაციაში ყოფნის შესახებ. მისი მტკიცებით, აღნიშნული გარემოება არსებითია, ვინაიდან მოწინააღმდეგე სასამართლოსთვის მიმართვისას საჩივრის განუხილველად დატოვების ან დაუსწრებლად განხილვის მოთხოვნით მოქმედებდა იმ პირობებში, როდესაც მისთვის უკვე ცნობილი იყო განმცხადებლის რეალური ადგილსამყოფელი. ამასთან, განმცხადებელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2025 წლის 20 დეკემბერს და საქმის განხილვის ეტაპზე მისთვის უცნობი იყო.

48. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება შინაარსობრივად არ ცვლის სასამართლოს მიერ უკვე შეფასებულ ძირითად საკითხებს - იყო თუ არა მხარე სათანადოდ ინფორმირებული და წარმოადგენდა თუ არა მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზს. განმცხადებელი არ მიუთითებს ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, არამედ ცდილობს არსებული ვითარების ისეთი ინტერპრეტაციით წარმოჩენას, რომელიც უკავშირდება მოწინააღმდეგე მხარის ქცევის არაკეთილსინდისიერად შეფასებას. შესაბამისად, აღნიშნული უფრო შეეხება მხარის ქცევის შეფასებას, ვიდრე იმ ფაქტობრივ საფუძველს, რომელზეც სასამართლომ დააფუძნა თავისი განჩინება. ამგვარად, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ობიექტურ და არსებითად ახალ ფაქტს, რომელიც ცვლის სასამართლოს მიერ დადგენილ პროცესუალურ საფუძველს (ინფორმირება/გამოუცხადებლობა) და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლად.

49. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარის ინფორმირებულობას განმცხადებელი უკავშირებს 2025 წლის მარტის პერიოდს, მაშინ როდესაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2025 წლის 19 ივნისს. აღნიშნული მიუთითებს, რომ დასახელებული გარემოება ქრონოლოგიურადაც არ წარმოადგენს ისეთ ახალ და გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც ობიექტურად ვერ იქნებოდა ცნობილი ან შეფასებული საქმის განხილვის ეტაპზე და, ამავდროულად, თავისთავად არ ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერ ქცევას.

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება წარმოადგენს როგორც პროცესუალური, ისე მატერიალური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხარეთა ქცევის შეფასებისას. თუმცა, მიუხედავად მისი ზოგადი მნიშვნელობისა, მოცემულ შემთხვევაში კეთილსინდისიერება, როგორც შეფასებითი კატეგორია, არ წარმოადგენს რელევანტურ კრიტერიუმს საქმის წარმოების განახლებისათვის, ვინაიდან იგი არ უკავშირდება ისეთ ახალ და ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გაგებით შეიძლება გახდეს განახლების საფუძველი.

51. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის დანარჩენ პრეტენზიებს, მათი სამართლებრივი შინაარსი შესაძლოა უკავშირდებოდეს სხდომაზე სათანადოდ მოუწვევლობის საკითხს. თუმცა, სხდომაზე მოწვევის კანონიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე უკვე იმსჯელა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამდენად, აღნიშნულ პრეტენზიებზე მსჯელობა წარმოების მოცემულ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია.

52. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

53. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია