Facebook Twitter

საქმე №ა-1735-შ-59-2026

14 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ქ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რატინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბერს გაცემული N 14 VI 570/25 ერთობლივი სამკვიდრო მოწმობა

პალატამ გამოარკვია:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რატინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბერს გაცემული იქნა N 14 VI 570/25 ერთობლივი სამკვიდრო მოწმობით სასამართლომ დაადგინა, რომ 2023 წლის 29 აგვისტოს რეტინგენში გარდაცვლილი ი.ქ–ის დაბადებულის 14.05.1997 წელს თბილისში, მემკვიდრეები არიან ა.ქ–ი დაბადებული 15.03.1967 წელს; მცხოვრები: ........., 40880 რატინგენი (გარდაცვლილის მამა) ½ წილზე და მ.ი–ი დაბადებული 01.10.1975 წელს მცხოვრები: ....... ქუჩა N49, 40880 რატინგენი (გარდაცვლილის დედა) ½ წილზე.

2026 წლის 08 აპრილს, ა.ქ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რატინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბერს გაცემული N 14 VI 570/25 ერთობლივი სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ქ–ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სამკვიდროს მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ქ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ა.ქ–ის შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანოტარო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), შუამდგომლობის ავტორს - ა.ქ–ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რატინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბერს გაცემული N 14 VI 570/25 ერთობლივი სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ. სუსგ საქმე Nა-365-შ-11-2026; საქმე №ა-2824-შ-78-2023, 01.06.2023წ.; საქმე Nა-1745-შ-44-2019, 16 აპრილი, 2019 წელი; საქმე Nა-6404-შ-155-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 186-ე, 187-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ქ–ს უარი ეთქვას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რატინგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 09 დეკემბერს გაცემული N 14 VI 570/25 ერთობლივი სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი