Facebook Twitter

საქმე Nას-290-2026

20 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ი“ (ყოფილი სს „ა.დ–ა“)(მოსარჩელე)

მოპასუხეები - შპს „რ.ს–ს“, შპს „გ.დ.კ–ი“, ნ.მ–ია, ზ.ლ–ნი, ზ.ლ–ნი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა სს „ა.დ–ამ“, მოპასუხეების შპს „რ.ს–სის“, შპს „გ.დ.კ–ის“, ნ.მ–იას, ნ.ქ–ძის, ზ.ლ–ნის და ზ.ლ–ნის მიმართ და მოითხოვა: შპს „რ.ს–სს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 801 366.36 ლარის გადახდა. თავდებ პირებს: ზ.ლ–ნს, ნ.ქ–ძეს, შპს „გ.დ.კ–ის“ და ნ.მ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის გადახდა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ: ზ.ლ–ნს - 200 000 ლარის ფარგლებში, ნ.ქ–ძეს - 801 366.36 ლარის ფარგლებში, შპს „გ.დ.კ–ის“ - 200 000 ლარის ფარგლებში და ნ.მ–იას - 200 000 ლარის ფარგლებში. ზ.ლ–ნს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს დავალიანების - 801 366.36 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სს ,,ს.კ.ა–ის“ (ყოფილი სს „ა.დ–ა“) სარჩელი მოპასუხეების შპს „რ.ს–სის“, ზ.ლ–ნის, ზ.ლ–ნის, ნ.ქ–ძეს, შპს „გ.დ.კ–ის“ და ნ.მ–იას წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა. შპს „რ.ს–სს“ სს ,,ს.კ.ა–ის“ (ყოფილი სს „ა.დ–ა“) სასარგებლოდ დაეკისრა 801 366.36 ლარის გადახდა. თავდებ პირებს: ზ.ლ–ნს, ნ.ქ–ძეს, შპს „გ.დ.კ–ის“ და ნ.მ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების თანხის გადახდა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, კერძოდ: ზ.ლ–ნს - 200 000 ლარის ფარგლებში, ნ.ქ–ძეს - 801 366.36 ლარის ფარგლებში, შპს „გ.დ.კ–ის“ - 200 000 ლარის ფარგლებში და ნ.მ–იას - 200 000 ლარის ფარგლებში. ზ.ლ–ნს მოსარჩელის

სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების - 801 366.36 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „გ.დ.კ–მა“, ნ.მ–იამ და ნ.ქ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით, შპს „რ.ს–სის“, შპს „გ.დ.კ–ის“, ნ.მ–იას და ნ.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ქ–ძის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ქ–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში "სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის წარდგენის გზით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება, აპელანტ ნ.ქ–ძის წარმომადგენელს თ.გ–ძეს გაეგზავნა და გზავნილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2026 წლის 27 იანვარს (იხ. ტ-3; ს.ფ. 73). საქმეშია რწმუნებულება (იხ. ტ-1; ს.ფ. 214-215), რომლის შესაბამისად, ნ.ქ–ძეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს თ.გ–ძისათვის 2029 წლის 26 იანვრის ჩათვლით. მინდობილობა ითვალისწინებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების და განჩინებების გასაჩივრების უფლებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის ათვლა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო მოვლენის (27.01.2026) დადგომის მომდევნო დღეს 2026 წლის 28 იანვარს და ამოიწურა 2026 წლის 09 თებერვალს, უქმე დღეების გათვალისწინებით. კერძო საჩივარი კი საფოსტო განყოფილებაში წარდგენილია 2026 წლის 13 თებერვალს, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით (იხ. ტ-3; ს.ფ.75-77).

დამატებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარი დათარიღებულია 2026 წლის 13 თებერვლით, რაც ასევე გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარი წარადგინა ვადის დაცვით (2026 წლის 09 თებერვლის ჩათვლით).

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

ზემოთ მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი, №ას-2-2020, 13 იანვარი, 2020 წელი; №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-924-2022, 22.07.2022წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ქ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი