Facebook Twitter

¹ბს-12-12(კ-08) 25 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე /მ. შ.-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - ბათუმის მერიისა და ი. ც.-ის მიმართ, ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის, ბინის რეკონსტრუქციის და გაფართოების თაობაზე გაცემული ნებართვის ბათილად ცნობისა და შენობაზე მინაშენის მოშლის შესახებ/.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. შ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - ბათუმის მერიისა და ი. ც.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით შექმნილი კომისიის დასკვნის, ბინის რეკონსტრუქციის და გაფართოების თაობაზე გაცემული ნებართვის ბათილად ცნობა და შენობაზე მინაშენის მოშლა /იხ. ს.ფ. ტI, 1-3/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე – ი. ც.-ს დაევალა ფასადის უკან შეწევა 70 სმ-ით; მოსარჩელეს უარი ეთქვა მშენებლობის მოშლის, კომისიის დასკვნისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ბათილად ცნობის ნაწილში /იხ.ს.ფ. ტI, 132-134/. ს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. შ.-მ და ი. ც.-მ. მ. შ.-მ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 138-140/. ი. ც.-მ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ფასადის 70 სმ-ით შეწევის ნაწილში /იხ.ს.ფ. ტI, 141-142/.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 12 ივლისის განჩინებით მ. შ.-ისა და ი. ც.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. ტI, 173-176/.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. შ.-მა და ი. ც.-მ. მ. შ.-მა მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 180-186/. ი. ც.-მ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების გაუქმება ფასადის 70 სმ-ით შეწევის ნაწილში /იხ.ს.ფ. ტI, 187-188/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 10 თებერვლის განჩინებით მ. შ.-ისა და ი. ც.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩირებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. ტI, 233-238/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი; დაკმაყოფილდა ი. ც.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ი. ც.-თვის გარეთა ფასადის 70 სმ-ით შეწევის დავალდებულების ნაწილში; მ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. ტI, 345-352/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. ტI, 378-381/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. ტI, 447-460/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ი. ც.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ი. ც.-თვის გარეთა ფასადის 70 სმ-ით შეწევის დავალდებულების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 26 დეკემბრის განჩინება; არ დაკმაყოფილდა მ შ.-ის სარჩელი 2003 წლის 9 ოქტომბრის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ /იხ.ს.ფ. ტII, 131-140/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას /იხ.ს.ფ. ტII, 156-162/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. ტII, 167-168/.

საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში მხარეებს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. ტ. II, 167-168/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მ. შ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. შ.-ის საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.