Facebook Twitter

საქმე №ას-198-2026

19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – დ.დ–ნი, თ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხ.ბ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა თ.ბ–ძისა და დ.დ–ნის (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „საჩივრის ავტორები“, „განმცხადებლები“) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების (ს/კ: .......) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

3. 2026 წლის 15 იანვარს აპელანტების წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოსარჩელისათვის სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის, ასევე, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის მომსახურებების მიწოდების შეჩერების ან/და შეწყვეტის ან/და ნომრის ცვლილების აკრძალვა.

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის თანახმად:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია დ.დ–ნის სარჩელი ხ.ბ–ის მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით ხ.ბ–ს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე, აეკრძალა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის მომსახურების მიწოდების შეჩერება ან/და შეწყვეტა ან/და სააბონენტო ნომრის ცვლილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ხ.ბ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება;

4.2. თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იქნება გამოყენებული, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დავას იურიდიული საფუძვლები ეკარგება. ხ.ბ–მა შესაძლოა უარი თქვას სარჩელზე, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გზით ან მის გარეშე გაასხვისოს სადავო უძრავი ქონება, და ამით უძრავი ქონების შემძენი აქციოს კეთილსინდისიერ შემძენად, იმ პირობებში, როდესაც უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის გარკვევის მიზნით, სასამართლოში მიმდინარეობს დავა და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ხ.ბ–ი გამოცხადდება მომსახურების სუბიექტებთან და რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე აპელანტის მიმართ მოახდენს ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის მომსახურების მიწოდების შეჩერებას ან/და შეწყვეტას ან/და სააბონენტო ნომრის ცვლილებას, რაც სოციალური უფლების გარეშე ტოვებს აპელანტებს;

4.3. სასამართლო შემოწმებას ექვემდებარება ხ.ბ–ის მესაკუთრეობის ნამდვილობის საკითხი, ასევე აპელანტების მხრიდან უძრავი ნივთის ფლობის, განკარგვისა და კეთილსინდისიერი შემძენობის საკითხი. შესაბამისად, დავის საგანი უნდა იყოს დაცული.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხეების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდნენ მოპასუხეები.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მიუთითეს, რომ არ ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას, რადგან, მართალია, მოსარჩელის სტატუსით არ სარგებლობენ, თუმცა მოთხოვნილია „ქმედების აკრძალვა“, რაც არის უზრუნველყოფის ღონისძიების შემადგენელი ნაწილი და საკითხის განხილვა, დავის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე უნდა გადაწყვეტილიყო ანალოგიის გამოყენებით.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში იხილება ხ.ბ–ის სარჩელი მოპასუხეების - თ.ბ–ძისა და დ.დ–ნის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორები წარმოადგენენ მოპასუხე მხარეს. მათი მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წარდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის მითითება ანალოგიის გამოყენებაზე, რადგან საკანონმდებლო რეგულაციით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება მოსარჩელის ინტერესის დაცვას, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება ან ისევ მოსარჩელის დაცვას იმ ზიანისგან, რომელიც მოპასუხის მხრიდან კომპენსირებული ვერ იქნება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობით, ერთადერთი ვისაც შეუძლია დააყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობა მოსარჩელე მხარეა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ბ–ძისა და დ.დ–ნის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრის განჩინებაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართლზომიერად ეთქვათ განმცხადებლებს უარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

12. სსსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და, ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული.

14. განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების ავტორები მოპასუხეები არიან, რომლებიც ითხოვენ მოსარჩელისათვის სადავო უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის, ასევე, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის მომსახურებების მიწოდების შეჩერების ან/და შეწყვეტის ან/და ნომრის ცვლილების აკრძალვას. განმცხადებლები თავად არიან მათ წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხეები. შესაბამისად, მათი მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას კი არ წარმოადგენს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, პირიქით, მოპასუხის მოთხოვნა ეხება აღსრულების პროცესის შეჩერებას, მიმართულია სასამართლოს მიერ მიღებული (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება) მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ და შეუძლებელია განხილული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად. შესაბამისად, განმცხადებელთა მოთხოვნა ვერ დარეგულირდება სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით (სსსკ 191-1991 მუხლები) (ამ საკითხზე იხ. სუსგ საქმე Nას-178-178-2018, 5 თებერვალი 2018 წელი; ა-1222-ბ-10-2015, 14 აგვისტო 2015 წელი).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს განმცხადებელთა მითითებაზე, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია დ.დ–ნის სარჩელი ხ.ბ–ის მიმართ უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით მოპასუხეს (წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელე) აეკრძალა სადავო უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე, აეკრძალა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერზე ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყლისა და გაზის მომსახურების მიწოდების შეჩერება ან/და შეწყვეტა ან/და სააბონენტო ნომრის ცვლილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კი მოპასუხის (წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელე) საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, განმცხადებლებმა მათ მიერ აღძრული სარჩელის ფარგლებში გამოიყენეს სსსკ-ის 191-ე მუხლით მინიჭებული უფლება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.დ–ნისა და თ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 იანვრისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე