Facebook Twitter

ბს-1212-1174(კ-08) 8 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ჯ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 4 თებერვალს ე. ჯ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს ¹926 ბრძანების ბათილად ცნობა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ლოტი ¹...-ის დამტკიცების ნაწილში; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ზ. გ.-ს შორის დადებული 2007 წლის 11 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში არსებული ...-ის შენობა დაექვემდებარა აუქციონის წესით გასხვისებას.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო ე. ჯ.-ის სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ე. ჯ.-მ დამატებით მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (...) და მასზე დამაგრებული 1033 კვ.მ მიწის ფართის პრივატიზაციის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 17 ივლისის ¹802 ბრძანების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ე. ჯ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. გ.-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინებით ე. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.