ბს-1214-1176(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 10 ივლისს მ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 8 ივნისის ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობას, ქ. ბათუმის მერიის დავალდებულებას გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურისტის მ. შ.-.ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 8 ივნისის ¹02-12-167 აქტის სათაურის ჩამოყალიბებას შემდეგი რედაქციით: ,,მ. შ.-ის, ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის ...-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ”.
2007 წლის 24 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მ. შ.-მ და მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ბათუმის მერის 2007 წლის 8 ივნისის ¹02-12-167 ბრძანების მეორე პუნქტის – სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე - უკანონოდ ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. შ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2007 წლის 8 ივნისის ¹02-12-167 ბრძანების მეორე პუნქტი მ. შ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მ. შ.-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა; მ. შ.-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2007 წლის 11 ივნისიდან თანამდებობრივი სარგო – საშტატო განრიგით დადგენილი განაკვეთის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 25 ნოემბერს მ. შ.-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
2008 წლის 27 ნოემბერს ქ. ბათუმის მერიამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ქ. ბათუმის მერიას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.