Facebook Twitter

¹ბს-122-114(კ-07) 25 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 21 ივნისს მ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წელს გაწვეულ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 13 ოქტომბრის ¹541 ბრძანების თანახმად, სასწავლებლად გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის .... უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში მსმენელად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2000 წლის 25 სექტემბრის ¹1426 ბრძანებით მ. ლ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სწავლის პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ, გაუცემელი სტიპენდიის სახით, დაუგროვდა 853 აშშ დოლარის დავალიანება.

მოსარჩელის განმარტებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს აღნიშნული დავალიანება არ დაუფარავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 853 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დაზუსტა სარჩელი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 853,50 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ 853,50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 29 მაისის ¹555 ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ლ-ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მსახურობდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანება მის მიმართ: 1998 წელს _ 105 აშშ დოლარს, 1999 წელს _ 449,58 აშშ დოლარს, 2000 წელს _ 298,92 აშშ დოლარს, სულ კი 853,50 აშშ დოლარს შეადგენდა, რასაც არც აპელანტი უარყოფდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, მ. ლ-ის მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 29 მაისის ¹555 ცნობის გაცემით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა სადავო დავალიანების არსებობა, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევდა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმავე კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ხსენებული კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათაA შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუშაკის სახელფასო (სტიპენდიის) დავალიანების ანაზაღაურების ვალდებულება ეკისრებოდა იმ ორგანოს, რომელთანაც მუშაკი იმყოფებოდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში და რომელსაც მის მიმართ აღნიშნული დავალიანება გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ლ-ის სახელფასო (სტიპენდიის) დავალიანების ანაზღაურება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის გამო კი, სხვადასხვა პერიოდში წარმოიქმნა სახელფასო დავალიანებები. სახელფასო დავალიანების გადახდის გადავადება “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ხდებოდა. მოცემულ შემთხვევაში კი, მ. ლ-ის სტიპენდიის გადახდა არ იყო გადავადებული “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით. ამასთან, აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 წლებში, რის გამოც მ. ლ-ის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.