ბს-122-121(კ-08) 16 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 15 ოქტომბერს მ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ სამტრედიის ქალაქის გამგეობისა და სამტრედიის რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2004 წლის 30 ივლისს საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ობიექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გამანაწილებელმა კომისიამ არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის ოჯახის ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანა, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზარალის აქტი და ხარჯთაღრიცხვა. აღნიშნული მითითების შემდეგ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ასეთი დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, ქალაქის გამგებლის 20.09.04 წლის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე, ვინაიდან რაიონის გამგებლის ¹78 განკარგულებით 2004 წლიდან შეიქმნა თანხების გამანაწილებელი ახალი კომისია რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის - მ. ი-ის თავმჯდომარეობით, რომლის 5.10.04წ. ¹804 პასუხით მ. გ-ას ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა აღემატებოდა კომისიის კომპეტენციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ქ. სამტრედიის გამგეობის 2004 წლის 20 სექტემბრისა და სამტრედიის რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 2004 წლის 5 ოქტომბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობასა და კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრის შემდეგ, შესაბამისი მხარის დავალდებულებას 1992-93 წლებში საომარი მოქმედების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა სიაში შეყვანის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოპასუხე ქ. სამტრედიის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის ქალაქის გამგებლისა და რაიონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის 2004 წლის 5 ოქტომბრისა და 20 სექტემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; სამტრედიის რაიონის გამგეობას დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მ. გ-ას შეყვანა დაზარალებულთა სიაში.
2005 წლის 10 ივნისს სამტრედიის რაიონის გამგეობამ კერძო საჩივარი შეიტანა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სამტრედიის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის ხელახლა განხილვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 1992-93 წლებში დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სამტრედიის რაიონის მოსახლეობაზე გამოიყო თანხები, რომელთა გაცემა ხდებოდა რაიონის გამგეობის განკარგულებით შექმნილი კომისიის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი და დამტკიცებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. სამტრედიის რაიონის გამგეობის 23.03.01 წლის ¹54 განკარგულებით დამტკიცდა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმდებების დროს სამტრედიის რაიონის დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხების განაწილებისათვის კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელშიც რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებთან ერთად საომარი მოქმედების დროს დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებიც იყვნენ შეყვანილი. 2002 წლის 21 აგვისტოს საომარ მოქმედებათა შედეგად მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საკომპენსაციო თანხების გამანაწილებელი კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ არ მიეღოთ ახალი განცხადებები ძირითად სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, რადგან გასული იყო თითქმის 9 წელი, რის გამოც ზარალის ზუსტად დადგენა ნებისმიერ კომისიას გაუჭირდება. მ. გ-ას 2004 წლის 30 ივლისის განცხადება ომით დაზარალებულთა სიაში შეყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა 1997 წლის კომისიის მიერ შედგენილი ზარალის აქტი და ხარჯთაღრიცხვა.
2002 წლის 10 მარტს კომისიამ, რომელიც შექმნილი იყო რაიონის გამგეობის 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულების საფუძველზე, შეამოწმა მ. გ-ას საცხოვრებელი სახლის ფიზიკური მდგომარეობა და დაადგინა, რომ სახლის მეორე სართული იყო მთლიანად, ხოლო პირველი სართულის კედლები ნახევრად დანგრეული.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული აქტი არ წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ სახლი 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად დაინგრა და მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ სახლი დანგრეულია, ვერ იქნება პირდაპირ დაკავშირებული 1992-93 წლების საომარ მოქმედებებთან, მით უფრო, რომ აქტი შედგა საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ.
გარდა აღნიშნულისა, რაიონული სასამართლოს მითითებით, კომისია შეიქმნა 1993 წელს დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული სამტრედიის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის 2002 წლის 26 თებერვლისათვის არსებული ზარალის აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების გადასამოწმებლად და მას არ ჰქონდა ახალი აქტების შედგენისა და იმ დროისათვის გამოვლენილი დაზიანებების მიზეზების მითითების უფლება.
რაიონულმა სასამართლომ ასევე უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რადგან შპს “....” დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, შპს “....” შედგენილ იქნა მ. გ-ას საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. წარმოდგენილი სახლის პასპორტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვა 2004 წელს არის შედგენილი და მისი საფუძველია არა 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის აქტი, არამედ სახლის პასპორტი ჩვეულებრივი მშენებლობისათვის.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; სამტრედიის ქალაქის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საომარ მოქმედებათა შედეგად დაზარალებულთა სიაში შეყვანის Yთაობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მ. გ-ის 1993-1994 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა სიაში შეყვანის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამტრედიის რაიონის გამგებლის 2004 წლის 14 ივნისის ¹139 ცნობით, მამუკა გაბელაია არის ომით დაზარალებული, რის გამოც დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სამტრედიის რაიონის მოსახლეობისათვის თანხების გამნაწილებელმა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მისი დაზარალებულთა სიაში შეყვანა.
სამტრედიის რაიონის გამგეობის 2002 წლის 22 თებერვლის ¹39 განკარგულებით შექმნილი კომისისა და 2002 წლის 10 მარტის შედგენილი აქტით დადასტურებულია, რომ მ. გ-ას საცხოვრებელი სახლის მე-2 სართული მთლიანად, ხოლო პირველი სართულის კედლები ნახევრად დანგრეულია. საქმეში არსებული მ. Gგ-ას საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით თანხა შეადგენს 27660 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 1993-1994 წლებში დასავლეთ საქართველოში ცნობილი საომარი მოქმედებების დროს ჭურვის მოხვედრის შედეგად მ. გ-ას საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად დაინგრა, ხოლო პირველი სართულის ერთი ,,აზბესტის” ბოძი დარჩა მთელი, ანუ ასეთ მდგომარეობაში, აღნიშნულ სახლში ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. გ-ა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაზარალებულია და ამ სტატუსით იგი შეყვანილ უნდა იქნეს დაზარალებულთა სიაში.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შეიქმნას 2002 წლის 26 თებერვლისთვის არსებული ზარალის აქტებისა და შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის გადამოწმების კომისია.
მ. გ-ამ 2002 წლის 26 თებერვლის ¹39 განკარგულებით შექმნილ კომისიას მიმართა 2004 წლის 20 ივლისს, როგორც დაზარალებულმა, რომლის მიმართ თითქოს შედგენილი იყო ზარალის შესახებ აქტი. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან კომისიამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად მამუკა გაბელაიას დაზარალებულთა სიაში შეყვანა, რადგანაც მას არ გააჩნდა ომის დროს მიყენებული ზარალის აქტი და 1997 წლის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი ზარალის ხარჯთაღრიცხვა.
კასატორის მითითებით, აქტი შედგენილია საომარი მოქმედებების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ. აღსანიშნავია ის, რომ აქტის შედგენის მიზეზი თავად აქტში არ არის მითითებული, ხოლო მოწმეთა ჩვენებებით აქტით დასადასტურებელი გარემოებების დადგენა არ უნდა მოხდეს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კასატორის განმარტებით, მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა ასევე მოსარჩელის მიერ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რადგან შპს "....” მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ხარჯთაღრიცხვა 2004 წელს არის შედგენილი და მისი საფუძველია არა 1992-93 წლების საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის აქტი, არამედ სახლის პასპორტი ჩვეულებრივი მშენებლობისათვის. მოსარჩელეც მიუთითებდა, რომ მას არ გააჩნდა არც ზარალის აქტი და არც ხარჯთაღრიცხვა. ამასთან, ვერ დასტურდება, რომ საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის გამო საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭიროა 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი. ამ ფაქტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მ. გ-ას დაზარალებულთა სიაში შეყვანის შემთხვევაში, მისთვის ტრანსფერიდან მისაცემი თანხა იქნება 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 თებერვლის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 22 თებერვალს მ. გ-ამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
2008 წლის 26 თებერვალს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.