Facebook Twitter

ბს-1231-1193(კ-08) 24 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ.-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. დ.-მ 2007 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 15 აგვისტოს ¹380 ბრძანების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ა. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელციო საჩივარი შეიტანა ა. დ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ა. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 15 აგვისტო ¹380 ბრძანება მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹... ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ა. დ.-მ სარჩელით მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 15 აგვისტოს ¹380-ე ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹... ოქმი. აღნიშნული ბრძანების გამოცემას კი საფუძვლად დაედო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 მაისის ¹33 განკარგულება, რითაც ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის გამგეობასა და ფიზიკურ პირს ჯ. ჯ.-ს შორის 2001 წლის 02 ივლისს გაფორმებული ¹36 სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება. ბათილდობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, ის რომ მოიჯარის მიერ დარღვეული იქნა ამბროლაურის გამგეობის 2001 წლის 26 ივნისს ¹32 დადგენილებისა და საიჯარო ხელშეკრულების მე-3 თავით გათვალისწინებული პირობები; უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის 2005 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჯ. ჯ.-მ გაასხვისა ამბროლაურის რაიონ სოფელ ...-ში 4,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც იყიდა ა. დ-მ; საქმეში არსებული მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹... ოქმით დასტურდება, რომ აღნიშნული ოქმი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დნიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისად გაიცა ჯ. ჯ.-ზე; საქმეში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ არსებობდა 2001 წლის 02 ივლისის ¹36 ხელშეკრულება ამბროლაურის რაიონის გამგეობასა და ჯ. ჯ.-ს შორის.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 მაისის ¹33 განკარგულებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის გამგეობასა და ფიზიკურ პირს ჯ. ჯ.-ს შორის 2001 წლის 02 ივლისს გაფორმებული ¹36 საიჯარო ხელშეკრულება და ამავე განკარგულების მეორე პუნქტით ეთხოვა სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის იმერეთის სამხარეო სამმართველოს გააუქმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონულ განყოფილების მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2005 წლის 21 ოქტომბრის დამადასტურებელი ¹... ოქმი, რომლის გაცემის საფუძველია ¹36 საიჯარო ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ ¹380 სადაო აქტის გამოცემის დროს დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2005 წლის 21 ოქტომბრის ¹... ოქმი არის აღმჭურველი-ადმინისტრაციული აქტი, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ნდობა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმის-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 15 აგვისტოს ¹380-ე ბრძანების საფუძველს, რითაც ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2005 წლის 21 ოქტომბრის დამადასტურებელი ¹1 ოქმი, წარმოადგენდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 მაისის ¹33 განკარგულება, რითაც ბათილად იქნა ცნობილი ამბროლაურის გამგეობასა და ფიზიკურ პირს ჯ. ჯ.-ს შორის 2001 წლის 02 ივლისს გაფორმებული ¹36 სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება; სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 მაისის ¹33 განკარგულება არარა აქტად არის აღიარებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

კასატორი მიუთითებს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება, კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში 2001 წლის 26 ივნისის ¹32 დადგენილებით დამტკიცებული ამბროლაურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის წესით გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის 2001 წლის 05 ივნისის ¹3 ოქმით გამოცხადებულ კონკურსში სოფ. ...-ში 4,5 ჰა მიწის ფართობზე გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა სოფ. ...-ს მევენახეთა ჯგუფი, ხოლო საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული ჯ. ჯ.-სთან.

კასატორის აზრით, საქარველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონული განყოფილების მიერ გაცემულ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2005 წლის 21 ოქტომბრის დამადასტურებელ ¹... ოქმს გამოეცალა საფუძველი, შესაბამისად სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 აგვისტოს ¹380 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ამბროლაურის რაიონული განყფილების მიერ გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის 2005 წლის 21 ოქტომბრის დამადასტურებელი ¹... ოქმი, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სამმართველომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ზემოაღნიშნული ოქმი ცნო ბათილად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივლისის გადწყვეტილებაზე;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.