Facebook Twitter

¹ბს-123-115(კ-07) 30 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 14 აპრილს მ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 130 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ის სარჩელი, თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 130 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 25).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 28-29).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი აღიძრა 2006 წლის 14 აპრილს, მას შემდეგ, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილი უკვე ამოქმედებული იყო. 2003 წლის 31 დეკემბრის ¹3211-რს კანონით შეტანილ ცვლილებებამდე ხსენებული ნორმა არსებობდა, მხოლოდ მისი მოქმედება დროებით იყო შეჩერებული საბიუჯეტო კრიზისის გამო, 2005 წელს კი კვლავ ამოქმედდა. არანაირ ეჭვს არ იწვევდა ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილ მოხელეს სრული უფლება გააჩნია მიიღოს კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს სახით, ამავე კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამაზე მიუთითებდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებაც.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 65 ლარს, რაც ორ თვეზე გადაანგარიშებით შეადგენდა 130 ლარს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341-ე მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხების გაცემა განხორციელებას ექვემდებარებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად, გარდა ამავე კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, კომპენსაცია დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაცემული. მოცემულ შემთხვევაში კი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით სწორედ საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება იყო გათვალისწინებული (ს.ფ. 40-44).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამართლის ნორმის სამართლებრივი ბუნება და სამართლებრივი შედეგები. ნებისმიერი ნორმატიული აქტის საფუძველზე პირს უფლება წარმოეშობოდა მხოლოდ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემთხვევაში. სამართლის ნორმის შეჩერება გულისხმობდა, რომ ამ ნორმას შეჩერების განმავლობაში არ გააჩნია იურიდიული ძალა, შესაბამისად, არ შეიძლებოდა, რომ შეჩერებული ნორმის საფუძველზე პირს წარმოშობოდა რაიმე უფლება. სასამართლომ კი “შეჩერება” განმარტა როგორც რაიმე მოქმედების განხორციელების გადადება სხვა დროისათვის.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 2004 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება და იმავე კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედება გადავადდა 2006 წლის 1 იანვრამდე, მაშინ როდესაც 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის მე-2 პუნქტით 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შეჩერებული იყო 2005 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული არავის გაუსაჩივრებია და შესაბამისად, დღეისათვის არც ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული (ს.ფ. 51-53).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.