Facebook Twitter

¹ბს-1242-1204(კ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ბ.-ი, ბ. რ.-ა და ო. დ.-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი _ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ.-მა, ბ. რ.-მ და ო. დ.-მა 2007 წლის მაისში სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის ¹438 და ¹439 ბრძანებების და 2007 წლის 29 მაისის ¹04-01/5478 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ.-ის, ბ. რ.-ს და ო. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხოლო მე-4 პუნქტით სახელმწიფო სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება დაევალა ფინანსთა სამინისტროს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო ვალის დაფარვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის ყველა წევრის მიმართ ვალის დასაფარად საქმის განხილვის დროისათვის შემუშავებული არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ.-მა, ბ. რ.-მ და ო. დ.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მიმართ ბაჟის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მოცემული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ.-მა, ბ. რ.-მ და ო. დ.-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მათი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კაონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მით უფრო რომ მხარეთა შორის წარმოშობილ სამათლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს სპეციალური კანონი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ არ დაეთანხმა მოთხოვნილი თანხის გაანგარიშებას სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად იმ მოტივით, რომ თანხის ამგვარი გამოთვლა ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტს. სასამართლოს ეს მოსაზრება ზოგადია და არ გამომდინარეობს მითითებული მუხლიდან, რომლის თანახმადაც, ამ ტიპის ვალდებულების დაფარვის წესის შემუშავება და საქართველოს პარლამენტის საფინანსო კომიტეტთან შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა 1998 წლის 1 სექტემბრამდე. კანონით დადგენილი ეს ვალდებულებები არ შესრულებულა დღემდე, ანუ არც ფულადი ვალდებულება იქნა შესრულებული და არც მოპასუხეს არ შეუმუშავებია ამ ვალდებულების შესრულების წესი, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი. კასატორებმა მიუთითეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე ¹ბს-999-953 კს-06, რომლითაც განიმარტა შემდეგი: კანონში პიდაპირ არის მითითებული, რომ ვალდებულბის დაფარვის წესი უნდა შემუშავებულიყო 1998 წლის 1 სექტემბრამდე. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირ მოქმედების ძალა მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის განხორციელებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ.-ის, ბ. რ.-ს და ო. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ. ბ.-ის, ბ. რ.-ს და ო. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მ. ბ.-ის, ბ. რ.-ს და ო. დ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.