ბს-1267-1229(2კ-08) 15 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 12 დეკემბერს შპს “ლ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ლ.-სთვის” 137358 ლარის დარიცხვის თაობაზე თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 სექტემბრის შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹396 ბრძანებისა და თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 29 სექტემბრის ¹702 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მისთვის სოციალური და საშემოსავლო გადასახადების, შესაბამისად, 46000 ლარისა და 76667 ლარის დარიცხვის ნაწილში.
შპს “ლ.-მ” თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 იანვრის განმწესრიგებელ სხდომაზე მიუთითა, რომ იგი ზრდიდა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობას და ამის თაობაზე იმავე სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დამატებით მოითხოვა შპს “ლ.-ს” შესაგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹05/7115 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ლ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 სექტემბრის შემოწმების აქტი, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹396 ბრძანება, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 29 სექტემბრის ¹702 საგადასახადო მოთხოვნა სოციალური და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში და შპს “ლ.-ს” შესაგებლის დაკმაყოფილებაზე თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹05/7115 უარი; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა 3680 ლარის გადახდა შპს “ლ.-ს” სასარგებლოდ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრით (საგადასახადო ინსპექცია); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექცია) ერთად, მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
შპს “ლ.-მ” შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება და თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს “ლ.-ს” შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ლ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 22 სექტემბრის შემოწმების აქტი, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 სექტემბრის ¹396 ბრძანება, თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 29 სექტემბრის ¹702 საგადასახადო მოთხოვნა საშემოსავლო და სოციალური გადასახადების ნაწილში და თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹05/7115 უარი; გასაჩივრებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ბაჟის _ 3680 ლარის თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.