¹ბს-127-118(3კ-07) 25 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ქ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 15 სექტემბერს პ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2000 წლის ნოემბრიდან 2004 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო 2004 წლის 2 აგვისტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდა სამუშაოდან. სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით ახლად დანიშნულ პირებთან შედარებით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-ამ და მოითხოვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანება პ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილშიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-აც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და პ. ქ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იყო მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რაზეც კასატორებს არ წამოუყენებიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციას პ. ქ-ვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა, რითაც დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რადგან იმავე კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არ წარმოადგენდა მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს, ხოლო თუ რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, შესაძლებელი იყო მოხელე გათავისუფლებულიყო სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანახმა არ იყო დანიშნულიყო მისთვის შეთავაზებულ სხვა თანამდებობაზე, რაც პ. ქ-ას მიმართ არ იქნა დაცული. აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია არაკანონიერად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანება პ. ქ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომ არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, ამასთან დაკავშირებით, არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ გამოუთხოვია სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ, პ. ქ-ას სამუშაოდან გათავისუფლებისა და სადავო ბრძანების მიღების დროს ადმინისტრაციას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა შეეთავაზებინა პ. ქ-ვის სხვა თანამდებობა. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური საბაჟოების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია და პ. ქ-ას მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობა აღარ არსებობდა, მაგრამ არ უმსჯელია და არ გამოუკვლევია ის გარემოება, გაუქმებულ იქნა რა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი _ გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველო, მისი ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს და არსებობდა თუ არა პ. ქ-ვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო საკითხების გადაწყვეტისას, კერძოდ, პ. ქ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანების კანონიერების შემოწმებისა და სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, უნდა დაედგინა, რეალურად განხორციელდა თუ არა გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს, თუ აღნიშნული სტრუქტურული ერთეული გაუქმდა და არ არსებობდა მისი უფლებამონაცვლე, რადგან ამ საკითხების გადაწყვეტის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ადმინისტრაციას უნდა დაეცვა თუ არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანასთა სამინისტროს 2004 წლის 2 აგვისტოს ¹5-1408 ბრძანება და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ქ-ა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 ივნისის ¹426 და 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებელი რეორგანიზაციის გამო, 2004 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹5-1408 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, თუ იგი თანახმა არ იყო დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, პ. ქ-ვის კი ადმინისტრაციას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი, რაც სახეზე იყო კონკრეტულ შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და დავალებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იმ საკითხის გარკვევის შემდეგ, იმავე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის _ გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს და სადავო ბრძანების მიღების დროს ადმინისტრაციას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა პ. ქ-ვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობისა, სააპელაციო პალატამ არ აღადგინა სამუშაოზე. ამას კი საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვებოდა იმის მტკიცებულება, რომ სადავო ბრძანების მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ ის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის _ საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციები გადაეცა თუ არა სხვა სამმართველოს და სადავო ბრძანების მიღების დროს ადმინისტრაციას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება არასწორია, რადგან საქმეში არსებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წერილებით დადგენილია, რომ სამუშაოდან დათხოვნის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში არსებობდა ვაკანტური თანამდებობები და 320 ახალი თანამშრომელი მიიღეს, რის გამოც ადმინისტრაციას ჰქონდა შესაძლებლობა შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გამოიტანა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი გულისხმობდა შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი პირისათვის ვაკანტური თანამდებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთავაზების ვალდებულებას, რისი შესაძლებლობაც ამ შემთხვევაში ადმინისტრაციას არ გააჩნდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ მიუთითა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილები, არასწორად განმარტა და გამოიყენა იმავე კოდექსის 53-ე მუხლი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ქ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ქ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. ქ-ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.