Facebook Twitter

ბს-128-119(კ-07) 22 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ დ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საგარეჯოს რაიონის გამგეობა

მესამე პირი _ თ. შ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 27 სექტემბერს საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. გ-მა მოპასუხე საგარეჯოს რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹88 დადგენილების გაუქმება, მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმის დამტკიცება, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

საგარეჯოს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარის გამცემი რაიონულმა კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 ოქმის თანახმად, სოფელ ......... საკრებულოს კუთვნილ 390 ჰა საძოვარზე 2005 წლის 12 აგვისტოს გამართულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ. გ-ი. საგარეჯოს სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი რაიონული კომისიის ¹15 ოქმის დამტკიცებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 9 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის გამგეობამ ¹88 დადგენილებით დაადგინა, რომ გადაიდოს საკითხის განხილვა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3/38 მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე იმ მოტივით, რომ 2005 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მეორე კონკურსანტის _ თ. შ-ის სასარჩელო განცხადება 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელის მითითებით, საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹88 დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე და 21-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს. 2001 წლის 2 აგვისტოს გურჯაანის რაიონის ქონების მართვის სამმართველოში გამართულ აუქციონზე დ. გ-ის მიერ შეძენილ იქნა შპს “ჯ-ის” ბალანსზე რიცხული მეცხვარეობის ფერმა, რომელიც მდებარეობს იჯარით გასაცემი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და რომელიც საგარეჯოს რაიონის გამგეობას სრულიად უკანონოდ ჰქონდა იჯარით გაცემული ფიზიკურ პირზე _ თ. შ-ზე. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება გაუქმებულია მოსარჩელის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განჩინებით.

საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით ილახება მოსარჩელის უფლება, მიიღოს მიწა იჯარით, გამოიყენოს მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება _ მეცხვარეობის ფერმა, აწარმოოს ფერმერული მეურნეობა. სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ კანონმდებლობას, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულების მე-3 თავის მე-4 და მე-5 მუხლებს, რომლის თანახმად, კომისია გადაწყვეტილების ოქმსა და ხელშეკრულების პროექტს წარუდგენს გამგეობას, რომელიც ვალდებულია ორ კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ წერილობით აცნობოს როგორც კომისიას, ისე კონკურსში გამარჯვებულს.

მოსარჩელის აზრით, მას უფლება აქვს მოპასუხისაგან მოითხოვოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს ზიანი შედგება სასამართლო ხარჯებისა და იმ ზიანისაგან, რომელსაც განიცდის მოსარჩელე ფერმის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის გამო (ს.ფ. 2-8).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება თ. შ-ი (ს.ფ. 24).

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება სასამართლომ ან რომელიმე სხვა ორგანომ განიხილოს. მოცემულ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 ოქმი, რომელიც საგარეჯოს რაიონის გამგეობას უნდა დაემტკიცებინა, თ. შ-მა სადავო გახადა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში, რის გამოც საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹88 დადგენილება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საკითხის განხილვის გადადების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 56-59).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა ასევე მოითხოვა თ. შ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმება (ს.ფ. 69-84).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ საგარეჯოს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის მიერ 2005 წლის 12 აგვისტოს ჩატარდა კომერციული კონკურსი სოფელ .......... ტერიტორიაზე მდებარე 390ჰა საძოვარზე. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა გურჯაანის რაიონის სოფელ ......... მცხოვრები დ. გ-ი, რაზედაც შედგა კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 ოქმი. საგარეჯოს რაიონის გამგეობამ 2005 წლის 9 სექტემბერს განიხილა საკითხი სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი რაიონული კომისიის ¹15 ოქმის დამტკიცების შესახებ და მიიღო ¹88 დადგენილება საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მიერ ¹3/38 საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საკითხის განხილვის გადადების შესახებ. აღნიშნულ დადგენილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2005 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მეორე კონკურსანტის _ თ. შ-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 ოქმის ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს. ამასთან, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული ნორმის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადავო ოქმი გურჯაანის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცდებოდა შესაბამისი დადგენილებით, ასეთს კი ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო. გარდა ამისა, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა მხარეებს მხოლოდ უფლება დაუტოვა თავისი შეხედულებისამებრ განკარგონ დავის საგანი ანუ ეს ნორმა წარმოადგენს უფლებააღმჭურველ და არა მავალდებულებელ ნორმას. საგარეჯოს რაიონის გამგეობას მოცემული ნორმის საფუძველზე მხოლოდ უფლება ექნებოდა, გაესხვისებინა დავის საგანი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა თ. შ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში. თ. შ-ი საქმეში ჩაბმული იყო მე-16 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო განჩინება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას (ს.ფ. 171-177).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ, აღნიშნულით კი დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის წესი. მოცემული საქმე შეეხება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავას საიჯარო ურთიერთობის თაობაზე, ამასთან, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის აპრილის თვეში, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იგი უნდა განეხილა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს ერთპიროვნულად. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია აპელანტის დაუსწრებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს საქმის დაუსწრებლად განხილვა არ მოუთხოვია, რის გამოც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლო სხდომის დღეს კასატორი იყო ავად და მის დაუსწრებლად გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შელახა მისი საპროცესო უფლებები.

კასატორის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184.2 მუხლზე, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარეს თავის შესაგებელში და ახსნა-განმარტებებში არ მიუთითებია. ამით სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით ¹15 ოქმის დამტკიცების შესახებ საკითხის განხილვა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ 2005 წლის 28 აგვისტოს საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო თ. შ-ის განცხადება აღნიშნული სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლოს განჩინება ოქმი ¹15-ის შეჩერების თაობაზე. ამასთან, არც მითითებული სხდომის ოქმი და არც საგარეჯოს რაიონის გამგეობის სადავო დადგენილება განეკუთვნება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, ორივე ეს დოკუმენტი არის ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო პირს შორის დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული გარიგების თაობაზე.

კასატორი ასევე უთითებს, რომ მან 2006 წლის 9 და 16 ნოემბერს შუამდგომლობებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ი. ღ-სა და სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების თაობაზე. სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების ასლი მისთვის არ გაუგზავნიათ, რაც ასევე მიანიშნებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის კანონდარღვევით განხილვაზე (ს.ფ. 205-218).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საგარეჯოს რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო, გადაედო საკითხის განხილვა სასამართლოს მიერ სადავო კონკურსის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ განიხილოს. შინაარსობრივად მსგავს საკითხს აწესრიგებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

მოცემული საქმის დავის საგანია საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹88 დადგენილების კანონიერება და საგარეჯოს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმის დამტკიცება. 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების თაობაზე და კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა დ. გ-ი. საგარეჯოს რაიონის გამგეობის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹88 დადგენილებით გადაიდო 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმის დამტკიცების საკითხის განხილვა თ. შ-ის მიერ აღნიშნული ოქმის კანონიერების საკითხზე აღძრულ დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საგარეჯოს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გამცემი რაიონული კომისიის 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმით კონკურსის წესით მიწის იჯარით გაცემის სამართლებრივი ურთიერთობა და კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი პირისათვის უფლების მინიჭების პროცესი არ დასრულებულა. აღნიშნული ურთიერთობის სპეციალური შინაარსის გათვალისწინებით, რაც რეგულირდება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის კონკურსის წესით გაცემის პროცესი არ მთავრდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებით. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კომისიამ მიღებული გადაწყვეტილების ოქმი და ხელშეკრულების პროექტი უნდა წარუდგინოს რაიონის გამგეობას, რომელიც ვალდებულია ორ კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მეიჯარესა და კონკურსში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დ. გ-თვის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის პროცესი 2005 წლის 12 აგვისტოს ¹15 სხდომის ოქმის შედგენით არ დასრულებულა. იმ მომენტისათვის კი, როდესაც 2005 წლის 9 სექტემბერს გამგეობა აღნიშნული სხდომის ოქმის დამტკიცების საკითხს იხილავდა, ამ ოქმით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა უკვე სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა, კერძოდ, 2005 წლის 28 აგვისტოდან საგარეჯოს რაიონული სასამართლოს წარმოებაში იყო თ. შ-ის სარჩელი ზემოაღნიშნული ოქმისა და კონკურსის კანონიერების შესახებ. ამდენად, გამგეობის უნდა განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო სასამართლოში სადავო ურთიერთობაზე, აღნიშნული კი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ კოლეგიურად საქმის განხილვით საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვის წესი არ წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას და არ გამორიცხავს ამ მუხლით გათვალისწინებული დავების კოლეგიურად განხილვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ მის დაუსწრებლად საქმის განხილვით საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. გ-ი ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ნოემბრის სხდომას, აღნიშნულ სხდომაზე სასამართლო კოლეგიამ ადგილზე თათბირით დაადგინა საქმის განხილვის 2006 წლის 7 დეკემბრისთვის გაგრძელება. დ. გ-თვის, რომელიც 2006 წლის 16 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა, ცნობილი იყო აღნიშნული სხდომის გადადების თარიღი. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე დ. გ-ი არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე ინფორმაცია და შუამდგომლობა სასამართლო სხდომის განხილვის გადადების შესახებ მის მიერ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე არ წარდგენილა. ამის გამო 2006 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე დ. გ-ის გამოუცხადებლობა ვერ განიხილებოდა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენდა საქმის განხილვის გადადების საფუძველს.

რაც შეეხება კასატორის მითითებას სააპელაციო საჩივრის განმხილველ მოსამართლეთა აცილების საფუძვლების არსებობის შესახებ, საქმის მასალებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი მოსამართლის აცილების საფუძვლები და აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეზე საპროცესო დარღვევა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იქნებოდა, არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

3. დ. გ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.