ბს-128-127(კ-08) 12 ივნისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2002 წლის 23 იანვარს ლ., ვ., ზ., გ., ს., ე. მ.-ებმა, ვ., ი. ბ.-ებმა და ...-ის საპრივატიზაციო კომისიამ სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში ...-ის საკრებულოს გამგებლის, გორის მიწის მართვის სამმართველოს, მესამე პირის _ ი. მ.-ის, ნოტარიუს მ. კ.-ისა და ქ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს ...-ის საკრებულოს გამგებლისა და მიწის მართვის სამმართველოსათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრება 500 ლარის ოდენობით, ასევე 2001 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა (იხ. ს.ფ. 1-4; ტ.I).
2002 წლის 24 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ლ., ვ., ზ., გ., ს., ე. მ.-ებმა და ...-ის მიწების საპრივატიზაციო კომისიამ ...-ის თემის საკრებულოს, გორის მიწის მართვის სამმართველოს, ი. მ.-ის, ნოტარიუს მ. კ.-ისა და ქ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს ...-ის საკრებულოს გამგებლისა და მიწის მართვის სამმართველოსათვის სოლიდარულად ზიანის ანაზღაურების დაკისრება 500 ლარის ოდენობით, ასევე 2001 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა და ი. მ.-ის დავალდებულება მიწის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლის შესაბამისად, 0,10 ჰა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების გამო საპრივატიზაციო კომისიის სასარგებლოდ ჯარიმის დაკისრება 2000 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 130-133; ტ.I).
გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ივლისის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა მითითებული ადმინისტრაციული საქმეები (იხ. ს.ფ. 127; ტ.I).
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა მოხსნეს მოთხოვნა ი. მ.-თვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში და მოითხოვეს მოსარჩელეთა სიიდან მიწის საპრივატიზაციო კომისიის ამორიცხვა (იხ. ს.ფ. 156; ტ.I).
გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო შიდა ქართლის ენერგოკომპანია (იხ. ს.ფ. 157; ტ.I).
რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა, მოითხოვეს ...-ის საკრებულოს მიერ გაცემული ¹280 ცნობის ბათილად ცნობა, მიწის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში და საკადასტრო რუკაში ცვლილების შეტანა, ი. მ.-ის დავალდებულება 0,14 ჰა მიწის გამოთავისუფლების შესახებ, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეამცირეს (იხ. ს.ფ. 203; ტ.I).
გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...-ის საკრებულოს 2001 წლის 14 ნოემბრის ¹280 ცნობა სამართლებრივი შედეგებით, ცვლილება შევიდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნაცვლად 2917 კვ.მ-ისა 0,25 ჰა-ის მითითების შესახებ, ი. მ.-ს დაევალა მისი ბაღის მიმდებარედ არსებული, 11მ სიგანისა და 118მ სიგრძის მიწის გამოთავისუფლება (იხ. ს.ფ. 205-206; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულომ და ი. მ.-მა და მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 266-268; 274-275; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 აპრილის განჩინებით გორის რაიონის სოფელ ...-ის საკრებულოს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო (იხ. ს.ფ. 305; ტ.I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 352-360; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ვ. მ.-ებმა და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 380-382; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე გორის რაიონის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 394-396; ტ.I).
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის განჩინებით გორის რაიონის გამგეობისა და ლ. და ვ. მ.-ების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 438-447; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის განჩინებით ...-ის საკრებულოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა (იხ. ს.ფ. 460-462; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინებით ი. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 531-536; ტ.I).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ.-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 2-7; ტ.II).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 87-88; ტ.II).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ლ. მ.-მა და მოითხოვა ი. მ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის არც ერთ პირობას.
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, კასატორის არგუმენტი, რომ მან ქ. მ.-გან შეიძინა 29,17 ჰა მიწის ნაკვეთი და იგი საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე, რაც დასტურდება საკადასტრო რუკითა და რეესტრის ამონაწერით, დაუსაბუთებელია, რადგან საკადასტრო რუკაზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ქ. მ.-ის მიწის ნაკვეთსა და სასოფლო გზას შორის არსებობს ქარსაცავი ზოლიც და სასოფლო გზაც. ამდენად, მხოლოდ იმის მტკიცება, რომ საკადასტრო რუკაზე აღრიცხულია 29,17 ჰა მიწის ნაკვეთი ქ. მ.-ის სახელზე, არ ნიშნავს, რომ იგი სადავოს არ წარმოადგენს. სწორედ მისი კანონიერების შესახებაა დავა მხარეებს შორის და სადავო დოკუმენტის მტკიცებულებად გამოყენება უსაფუძვლოა. ¹280 ცნობის ბათილობის შესახებ მოთხოვნა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ცნობა დაედო საფუძვლად სადავო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რეესტრის ჩანაწერსა და საკადასტრო რუქას.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ქ. მ.-ისა და ი. მ.-ის მიწის ნაკვეთებს შორის მდებარეობს ქარსაცავი ზოლი, ხოლო ქ. მ.-ის ნაკვეთსა და ქარსაცავ ზოლს შორის მდებარეობს სასოფლო გზა, რაც ადასტურებს ქ. მ.-ისა და ი. მ.-ის ნაკვეთებს შორის სასოფლო გზის არსებობას.
მოწინააღმდეგე მხარემ ასევე არ გაიზიარა კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ქ. მ.-ს 1987 წელს გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ მიწის ნაკვეთების რეალურად გადაზომვის შედეგად აღმოჩნდა 0,28 ჰა, რაც შეესაბამება “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” კანონის მოთხოვნებს. კასატორის არგუმენტი ემყარება ¹280 ცნობას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, დასტურდება, რომ ქ. მ.-ის მიწის ნაკვეთის ფართი უკანონოდ იქნა გაზრდილი.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, სს “შიდა ქართლის ენერგოკომპანიის” 2001 წლის 20 ივნისის ცნობით დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთზე 0,4 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა, რომელიც გაყვანილ და დამონტაჟებულ იქნა შესაბამისი ენერგოსამსახურის მიერ და არა ლ. მ.-ის მიერ თვითნებურად. ამასთან, იგი გაყვანილია ექსპლუატაციის უსაფრთხოების ტექნიკის წესების სრული დაცვით და მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას ემსახურება.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ასევე არასწორია კასატორის გამოანგარიშება, რომ სადავო 11 მ სიგანისა და 118 მ სიგრძის გზის ი. მ.-ის ნაკვეთზე დამატებით მისი ნაკვეთის ფართი გაცილებით მეტი გამოვა, ვიდრე 39 ჰა-ია.
ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარიში არ არის დასაბუთებული საჩივრის საფუძვლიანობა, მისი დასაშვებობის წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მართებულად მიიჩნია, რომ 118 მ სიგრძისა და 11 მ სიგანის სავალი გზის მიმატებით ადგილი აქვს “სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევას (იხ. ს.ფ. 102-107; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 87-88; ტ.II).
კასატორის _ ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. მ.-ის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ი. მ.-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს ი. მ.-ს დაუბურნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101502);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.