Facebook Twitter

ბს-1304-1264(კ-08) 14 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 4 მაისს ო. ყ-ის წარმომადგენელმა – ზ. ბ-მა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს ყოფილი სასამართლო აღმასრულებლის _ დ. ჯ-ის 2001 წლის 25 ივლისის განკარგულების არარად აღიარების თაობაზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ყ-იმ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებით ო. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. ყ-ის წარმომადგენელმა _ ზ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ო. ყ-ის წარმომადგენლის _ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ო. ყ-იმ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2008 წლის 20 ივნისს (ს.ფ. 113), ხოლო ო. ყ-ის წარმომადგენელმა – ზ. ბ-მა _ 2008 წლის 24 ივნისს, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ყვარლის საფოსტო განყოფილების მეშვეობით 2008 წლის 24 ივლისს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის ჩაბარებული დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად, ხოლო მხარისათვის ჩაბარებული – წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად. რაც ნიშნავს იმას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ერთ-ერთ მათგანს ჩაჰარდა სასამართლო დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება განჩინების ო. ყ-თვის ჩაბარების მომენტიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ო. ყ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2008 წლის 20 ივნისს, ამდენად მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2008 წლის 21 ივლისამდე, ხოლო კასატორის წარმომადგენლის – ზ. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2008 წლის 24 ივლისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ყ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.