Facebook Twitter

ბს-13-13(კ-07) 15 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “ბ-ა”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ცაგერის რაიონის გამგეობა

მესამე პირი _ სს “ჯ-ა”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 25 მაისს ცაგერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ბ-ამ” მოპასუხე ცაგერის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სს “ჯ-თვის” არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილებით სს “ჯ-ას” ცაგერში, კურორტ ......... მიმდებარე ტერიტორიაზე 4ჰა მიწის ნაკვეთზე მიენიჭა კერძო საკუთრების უფლება. აღნიშნული ტერიტორია, რომელიც შედიოდა სატყეო მეურნეობის ფონდში კანონმდებლობის დარღვევით იქნა გასხვისებული სს “ჯ-ზე”. იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977 წლის 27 იანვრის ¹59 დადგენილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან საქართველოს მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის კომიტეტის ბრძანებით მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტის და დაპროექტების ნებართვის გაცემა არ წარმოადგენდა საფუძველს მიწის საკუთრებაში გამოყოფისათვის. აღნიშნული დოკუმენტაციის არარსებობა მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ცაგერის სახელმწიფო სამეურნეო ტყის კომლიდან 4ჰა მიწის ფართობი არ ამორიცხულა და არ გადასცემია რომელიმე იურიდიულ პირს, იგი დღესაც ირიცხება ცაგერის სატყეო მეურნეობის ორბელის სატყეოზე. ცაგერის რაიონის გამგეობის სადავო დადგენილების შესახებ შპს “ბ-თვის” მაშინ გახდა ცნობილი, როცა მას, როგორც მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში ფაქტობრივად გამარჯვებულ კომპანიას, არ მიეცა საშუალება, დაეკანონებინა წყლის მოპოვების უფლება. საგულისხმოა, რომ ცაგერის რაიონის სასამართლოს 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ცაგერის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სპეციალისტი ს. ლ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი სს “ჯ-თვის” ........-ის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო საკუთრების უფლებით გამოყოფილი 4ჰა მიწის ფართობის სქემატურ ნახაზში ყალბი მონაცემების შეტანის გამო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მიწის გასხვისების უკანონობას.

ზემოაღნიშნულის გამო, შპს “ბ-ამ” დაუყოვნებლივ მიმართა სხვადასხვა ინსტანციებს, კერძოდ, ცაგერის რაიონის პროკურატურას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტს, გენერალურ პროკურატურას. მისი საჩივრის საფუძველზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კურორტ “ .........” მიმდებარე ტერიტორიაზე 4ჰა მიწის ნაკვეთის სს “ჯ-თვის” საკუთრების უფლებით გადაცემისას ცაგერის რაიონის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა (ს.ფ. 2-4).

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სს “ჯ-ა” (ს.ფ. 19).

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ბ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილება სს “ჯ-თვის” კურორტ “ ........ ” 4ჰა მიწის ფართობზე კერძო საკუთრების უფლების მიღების შესახებ, ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების მოქმედება შეწყდა მისი ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილებასთან დაკავშირებით 2005 წლის 12 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში “ ......... ” წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე 4ჰა მიწის ნაკვეთის სს “ჯ-თვის” საკუთრების უფლებით გადაცემის კანონშესაბამისობის გასარკვევად დაიწყო გამოძიება და დადასტურდა, რომ ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილება სს “ჯ-ზე” კურორტ .........-ში 4ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2005 წლის 15 დეკემბრის დადგენილებით დასტურდებოდა, რომ ცაგერის რაიონის ყოფილი გამგებლის ო. კ-ის და ამავე რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედება სს “ჯ-თვის” საკუთრების უფლებით კურორტ ......... ტერიტორიაზე 4ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილება მიჩნეულ იქნა უკანონოდ.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დასტურდებოდა, რომ ცაგერის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სპეციალისტ ს. ლ-ს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, სს “ჯ-თვის” ........-ის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო საკუთრების უფლებით უკანონოდ გამოყოფილი 4ჰა მიწის სქემატურ ნახაზში პირადი მოტივით ყალბი მონაცემების შეტანისათვის.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, შპს “ბ-ას” ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილებით, სს “ჯ-თვის” კანონის მოთხოვნათა დარღვევით “ ......... ” ტერიტორიაზე 4ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის გამო ხელი შეეშალა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან მინერალური წყლის ჩამოსხმის მოპოვებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების მოქმედება უნდა შეწყვეტილიყო მისი ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან (ს.ფ. 47-52).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ დადგენილიყო ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან (ს.ფ. 58-59).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს “ბ-ას” დირექტორის ე. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 61-62).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ცაგერის რაიონის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა შპს “ბ-ას” სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ ცაგერის რაიონული სასამართლოს განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2006 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

რაიონული სასამართლო ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების უკანონობის საფუძვლად მიუთითებდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის საგამოძიებო ნაწილის უფროსის 2005 წლის 15 დეკემბრის დადგენილებაზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ასევე ცაგერის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც ცაგერის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სპეციალისტ ს. ლ-ს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, თუმცა საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს ამ შემთხვევაში პრეიუდიციული ძალა არ გააჩნდა. ამავე დროს, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო გამოძიების მიერ დადასტურებულად მიჩნეული გარემოება, კერძოდ, სს “ჯ-ის” მიერ კურორტ “ ........ ” ტერიტორიაზე წლების განმავლობაში უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, რაც დადასტურებული იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2005 წლის 15 დეკემბრის დადგენილებაში. ამდენად, სს “ჯ-ას” მოქმედი კანონმდებლობით უფლება ჰქონდა, მოეპოვებინა მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის ზემოაღნიშნული ნორმა და უკანონოდ მიიღო წარმოებაში შპს “ბ-ას” სარჩელი. სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია 2005 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 26 თებერვლამდე პერიოდი, მაშინ როდესაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებდა საქმეს ცაგერის რაიონის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რომელიც დასრულდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით და შპს “ბ-ას” დირექტორ ე. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული დადგენილების ჩაბარების შემდეგ (2006 წლის 14 მარტს) მოსარჩელემ ჯერ მიმართა ცაგერის რაიონის გამგეობას 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო შემდეგ ცაგერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე განჩინებით უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის საქმის წარმოების გაგრძელებაზე და უნდა შეეწყვიტა იგი. ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სს “ჯ-ა”, დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით მიწის საკუთრების შესახებ (ს.ფ. 66-70).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ცაგერის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ კურორტ “ .......... ” ტერიტორიის მიმდებარე 4ჰა მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა ცაგერის სატყეო მეურნეობის ბალანსზე. ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილებით სს “ჯ-ას” უფლება მიენიჭა, მიეღო მის სარგებლობაში არსებულ 4ჰა მიწის ფართობზე კერძო საკუთრების უფლება, რაიონის მიწის მართვის სამმართველოს არსებული წესით რეგისტრაციაში გაეტარებინა სს “ჯ-ის” მიწის საკუთრების უფლება და გაეცა შესაბამისი საბუთი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. რაიონულ სასამართლოს უნდა გამოერკვია, რამდენად იყო უფლებამოსილი შპს “ბ-ა”, გაესაჩივრებინა ცაგერის რაიონის გამგეობის დადგენილება, რა ზიანს აყენებდა ეს აქტი მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ 4ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული იყო კონკურსი ლიცენზიის მოსაპოვებლად, ერთადერთი განცხადება შეტანილი ჰქონდა შპს “ბ-ას” და ის გაიმარჯვებდა ამ კონკურსში, არ გულისხმობდა, რომ ამ აქტით მას მიადგა ზიანი. ამდენად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოცემულ შემთხვევაში რამდენად იყო სარჩელი აღძრული შპს “ბ-ას” დარღვეული უფლების დასაცავად (ს.ფ. 109-112).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს. ცაგერის რაიონის გამგეობის მიერ მიწის გასხვისება სამართლებრივად დაკავშირებულია ამავე მიწაზე მდებარე მინერალური წყლის მოსაპოვებლად ლიცენზიის გაცემის საკითხთან. სახელმწიფო ტყის უკანონო გაცემის აქტით შეილახა ცაგერის თითოეული მაცხოვრებლის უფლება.

გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი, ცაგერის რაიონის გამგეობის წარმომადგენლად კერძო რწმუნებულების საფუძველზე დაუშვა პირი, რომელიც არ არის ამ ორგანიზაციის თანამშრომელი. ამასთან, მისი, როგორც ადვოკატის უფლებამოსილება არ არის დადასტურებული შესაბამისი წესით გაცემული რწმუნებულებით.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და გადაწყვეტილება მიიღო ისეთ საკითხებზე, რაზეც მოთხოვნა აპელანტს არ დაუყენებია. იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში შპს “ბ-ა”, რომელიც საქმიანობას ეწევა მეურნეობის იმ დარგში, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის უკანონო გასხვისებასთან, სავსებით ლოგიკურია, დაობდეს მისი დარღვეული უფლების აღსადგენად (ს.ფ. 121-122).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ბ-ას” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში რაიონულ სასამართლოს უნდა გამოერკვია, რამდენად იყო უფლებამოსილი შპს “ბ-ა”, გაესაჩივრებინა ცაგერის რაიონის გამგეობის სადავო დადგენილება, რა ზიანს აყენებდა ეს აქტი მოსარჩელეს.

საკასაციო საჩივრის დავის საგანია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული შპს “ბ-ას” სარჩელი დამატებით საჭიროებს თუ არა დასაშვებობის საკითხის შემოწმებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, არსებობს თუ არა ასეთი შემოწმების საჭიროების საფუძველი საქმის სრულყოფილი განხილვის ინტერესებიდან გამომდინარე.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელს დასაშვებად მიიჩნევს, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი:

ა. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას;

ბ. პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს;

გ. უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას.

ამდენად, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია, გასაჩივრებული აქტით ზიანი ადგებოდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ინტერესს ან უკანონოდ იზღუდებოდეს მისი რომელიმე უფლება. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩელეს, მოითხოვოს საქმის განხილვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ “თავისი” უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი.

მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ასაჩივრებს ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის ¹9 დადგენილებას, რომლითაც სს “ჯ-ას” ცაგერის რაიონში, კურორტ “ ...... ” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 4ჰა მიწის ფართობზე მიენიჭა კერძო საკუთრების უფლება. სარჩელის აღძვრის ინტერესი, რომლითაც მოსარჩელე სარჩელზე თავის უფლებას ასაბუთებს, არის ის გარემოება, რომ, მას, როგორც კურორტ “ ....... ” მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირს, სადავო ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებით ხელი შეეშალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაგან მინერალური წყლის ჩამოსხმის უფლების მოპოვებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით წამოიჭრება საკითხი, აქვს თუ არა მოსარჩელეს, როგორც “........... ” მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზიის მაძიებელს, ცაგერის რაიონის გამგეობის 1999 წლის 8 აპრილის დადგენილების ბათილობის მოთხოვნის უფლება, რამდენად აყენებს ზიანს აღნიშნული დადგენილება მოსარჩელის ინტერესებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს 2005 წლის 10 ივნისის სხდომის ¹6 ოქმიდან ამონაწერში არ არის მითითებული შპს “ბ-ას” ხელშეშლასა და მის არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე იმის გამო, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს “ჯ-ა”. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას სს “ჯ-ამ” წარმოადგინა განცხადება, რომ 2007 წლის 18 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართა კონკურსი “.........” მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით. აღნიშნულ კონკურსში შპს “ბ-ას” მონაწილეობა არ მიუღია. მასში გაიმარჯვა ფიზიკურმა პირმა ჯ. ჩ-ემ. შპს “ბ-ას” ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასადგენად აღნიშნული საკითხები ასევე საჭიროებს გამორკვევას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი, დასაშვებია თუ არა შპს “ბ-ას” სარჩელი, მოითხოვს დავის საგნის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის საფუძვლიან ანალიზს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული გამორკვევის გზით. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ რაიონულ სასამართლოს შპს “ბ-ას” ნამდვილი იურიდიული ინტერესის საკითხი არ გამოურკვევია, ისე განიხილა საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4 ნაწილების მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელის დაშვების (დაუშვებლობის) საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ამოწმებს ამგვარი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობას. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში საქმეს განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, აღნიშნული შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო შემთხვევას, როდესაც წარმოების შეწყვეტის საფუძვლები უდავოა, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც წარმოების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის საკითხი, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არ არის ცალსახა და საქმის სრულყოფილად განხილვის ინტერესები მოითხოვს მის კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადამოწმებას, როგორც ეს სადავო შემთხვევაშია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის დარღვევით განხილვის თაობაზე, რამდენადაც კანონის აღნიშნული ნორმა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებს უფლებას ანიჭებს, წარმომადგენლად დანიშნოს ადვოკატი. საქმეში არსებული რწმუნებით ცაგერის რაიონის გამგეობამ მათი სააპელაციო საჩივრის განხილვაში წარმომადგენლობის უფლება მიანიჭა ი. ა-ეს (ს.ფ. 94), ხოლო ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მას წარდგენილი ჰქონდა ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთი, დასტურდება სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმით (ს.ფ. 102), რომელიც კასატორს სადავოდ არ გაუხდია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ბ-ას” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.