Facebook Twitter

ბს-134-126(კ-06) 8 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ბ. კ-ი (ვ. კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხონის ფილიალი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ მიუღებელი საპენსიო სხვაობის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 მაისს ხონის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. კ-მა მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხონის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1997 წლის მარტიდან 2005 წლის იანვრის ჩათვლით მიუღებელი საპენსიო სხვაობის _ 950 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის მითითებით, იგი იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე, 1997 წლის თებერვლამდე იღებდა შრომის მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიას. 1997 წელს მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხონის ფილიალს და წარუდგინა ხონის სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული ¹17 ცნობა, რომლის მიხედვით მას, როგორც სამამულო ომის მონაწილეს, უნდა დანიშვნოდა პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, ომის მონაწილის პენსიის ნაცვლად დაუნიშნეს ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის პენსია 35 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, ვ. კ-მა იგივე თხოვნით მიმართა ფილიალის ხელმძღვანელობას, რომელმაც მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2005 წლის 1 თებერვლიდან მოსარჩელეს დაენიშნა პენსია 45 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-2).

ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხონის ფილიალს ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის კანონით დადგენილი წესით გადახდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ვ. კ-მა 1997 წელს მიმართა ხონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების გამგეს და მოითხოვა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის პენსია, რაც დაკმაყოფილდა, ხოლო ომის მონაწილის პენსიის მისაღებად შესაბამისი ცნობა და განცხადება 2005 წლის 28 იანვრამდე არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ვ. კ-ს პენსია უნდა დანიშვნოდა პენსიის გადასაანგარიშებლად ფონდისათვის მიმართვიდან ერთი წლის უკან დახევით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, ვ. კ-მა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხონის ფილიალს მიმართა 2005 წლის იანვრის ბოლოს. ამდენად, მიუღებელი სხვაობა მას უნდა ანაზღაურებოდა 2004 წლის 1 თებერვლიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე, რაც მთლიანობაში 120 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 32-34).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა (წარმომადგენელი ზ. ფ-ა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელანტმა არ გაიზიარა სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ვ. კ-ს ომში მონაწილის პენსიის მისაღებად შესაბამისი ცნობა და განცხადება 2005 წლის 28 იანვრამდე არ ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც განცხადების შეტანის ვადა 1997 წლის თებერვლიდან უნდა ათვლილიყო. აპელანტის მითითებით, სასამართლოს აღნიშნული განმარტება მცდარი იყო, რადგან ამის თაობაზე მან თავის დროზე განაცხადა სიტყვიერი პრეტენზია, რაც მოპასუხე მხარის მიერ უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 39-42).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ის წარმომადგენლის ზ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, აწ გარდაცვლილმა ვ. კ-მა, 1997 წელს განცხადებით მიმართა ხონის სოცუზრუნველყოფის განყოფილების გამგეს და მოითხოვა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის პენსია, რაც დაკმაყოფილდა, დაენიშნა პენსია თვეში 35 ლარის ოდენობით და ღებულობდა 2005 წლის იანვრის ჩათვლით. 2005 წლის 13 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა გასცა ცნობა იმის შესახებ, რომ ვ. კ-ს მინიჭებული ჰქონდა სამამულო ომის მონაწილის სტატუსი. 2005 წლის 27 იანვარს ვ. კ-მა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფილიალს მიმართა განცხადებით და მოითხოვა პენსიის გაზრდა 45 ლარამდე, რაც დაკმაყოფილდა და 2005 წლის 1 თებერვლიდან დაენიშნა სამამულო ომის მონაწილეებისათვის განკუთვნილი პენსია თვეში 45 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ვ” პუნქტის მიხედვით, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაინიშნებოდა მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემოდა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად კი, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ძველ პენსიებს შორის მიეცემოდა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. კ-მა პენსიის დამატების მოთხოვნით სათანადო ორგანოებს განცხადებით მიმართა 2005 წლის 27 იანვარს, საპენსიო სხვაობა უნდა ანაზღაურებულიყო ერთი წლის უკან დახევით (2004 წლის 1 თებერვლიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე), რაც მთლიანობაში 120 ლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ ვ. კ-მა უფრო ადრე მიმართა სოცფონდს პენსიის მომატების მოთხოვნით, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა (ს.ფ. 94-99).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (ს.ფ. 102-105).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის საოქმო განჩინებით აწ გარდაცვლი ვ. კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე ბ. კ-ი. ამ უკანასკნელმა სრულად მოიწონა ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვა აღნიშნული საკასაციო საჩივრის განხილვა და დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ის საკასაციო არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. კ-ის სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა 1997 წლის მარტიდან 2005 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში 45 ლარსა და 35 ლარს შორის მიუღებელი საპენსიო სხვაობის _ 10 ლარის ყოველთვიურად ანაზღაურება. საქმეზე დადგენილია რომ აღნიშნულ პერიოდში ვ. კ-ს დანიშნული ჰქონდა და იგი იღებდა ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის პენსიას 35 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვ. კ-ი სადავო პერიოდში წარმოადგენდა იმაზე მეტი ოდენობით პენსიის მიღებაზე უფლების მქონე პირს, ვიდრე დანიშნული ჰქონდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. კ-ი წარმოადგენდა ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირს და არა დიდი სამამულო ომის მონაწილეს, რომელიც იბრძოდა ფრონტზე. წლიური საბიუჯეტო კანონი, რომელიც მოქმედებდა სადავო პერიოდში, ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირებისათვის ითვალისწინებდა პენსიას 35 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პენსია ვ. კ-ს ეძლეოდა და მისი დავალიანება არ არის დავის საგანი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოთხოვნა სადავო პერიოდში 35 ლარზე მეტი თანხის გაცემის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევით, რამდენადაც გადაწყვეტილება გამოიტანა გარდაცვლილი ვ. კ-ის მიმართ, იმ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდებოდა ვ. კ-ის გარდაცვალება. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციოს სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმეზე წარმოება გარდაცვლილი ვ. კ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუკი ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ დარღვევას არ გამოუწვევია კასატორის მიმართ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.