Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ ბს-134-133(კ-08) 18 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ვ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარეების _ თ. გ.-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ.

2006 წლის 29 სექტემბერს თ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ვ. კ.-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის _ ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ შეთანხმებული 2002 წლის 8 ნოემბრის ¹01-12/444 არქიტექტურული პროექტის, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მოადგილის მიერ 2002 წლის 8 ნოემბერს და 2004 წლის 12 იანვარს გაცემული ¹01/12/444, ¹01-12/850 მიმართვების არარა აქტებად აღიარება, აღნიშნული მეორე აქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 93,34 კვ.მ დამხმარე ნაგებობაზე რეგისტრირებული უფლებისა და “არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ” ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2006 წლის 19 ივნისის ¹01-16/592 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 14 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი არ უთითებდა გასაჩივრების კონკრეტულ საფუძვლებს, რაში გამოიხატებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას კანონის დარღვევა და აღნიშნულმა დარღვევებმა რამდენად განაპირობა საქმეზე არასწორი განჩინების გამოტანა. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში არ აყალიბებდა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და კასატორ ვ. კ.-ს დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 14 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, გასაჩივრების საფუძვლებისა და საკასაციო საჩივრის მოთხოვნის მითითებით, სათანადო ასლების დართვით. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი ვ. კ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 4 მარტს. ვ. კ.-მ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ვ. კ.-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ვ. კ.-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.