¹ბს-1353-928(კ-05) 15 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის საერთო ზედამხედველობის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.12.04წ. განჩინება
დავის საგანი _ დარღვევის გამოსწორება და საჯარიმო თანხის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ სარჩელით მიმართა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა ე. რ-თვის საჯარიმო თანხის და დარღვევის გამოსწორების დავალება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის დაკვეთით .......... ქ. ¹118-ში შენდებოდა საცხოვრებელი სახლი მშენებლობის სათანადო ნებართვის, დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი პროექტისა და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ,,არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ" პუნქტის “კ.ა,” ,,კ.ბ" და “კ.გ” ქვეპუნქტების შესაბამისად დაირღვა აღნიშნული კანონით დადგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის საორგანიზაციო წესების მოთხოვნები. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი კანონით დადგენილი საჯარიმო თანხა და დარღვევა არ იქნა გამოსწორებული.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 09.10.03წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და ქ. თბილისში, ......... ქუჩა ¹118-ში ე. რ-ის დაკვეთით წარმოებული სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ე. რ-ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 27.02.04წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ქ. თბილისში, ........ ქ. ¹118-ში მიმდინარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დაშვებული დარღვევის გამოსწორება დაევალა, მასვე დაეკისრა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 27.02.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ......... ¹118-ში მდებარე ბინის დაკანონება, იმის გათვალისწინებით, რომ იყო სტიქიით დაზარალებული, ასევე მოითხოვა ,,არქმშენინსპექციისათვის” სათანადო ნებართვის გაცემის დავალება, რითაც გამოსწორდებოდა დარღვევა და განთავისუფლდებოდა უკანონო ჯარიმისაგან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.12.04წ. განჩინებით ე. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.04წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. რ-ე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევით აშენებდა სამსართულიან (მანსარდით) საცხოვრებელ სახლს, კერძოდ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი პროექტის, მშენებლობის სათანადო ნებართვისა და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე. აღნიშნულის გამო ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ” ¹63-2 დადგენილებით ე. რ-ე დაჯარიმდა 3000 ლარით. დადგენილება ე. რ-ეს სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაევალოს მშენებლობის ნებართვის გაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
კასატორმა აღნიშნა, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გათვალისწინებული ის გარემოებანი, რამაც გამოიწვია უკანონო მშენებლობის წარმოება. კასატორი აღნიშნავს, რომ მიწისძვრით დაზარალებულებს და უსახლკაროდ დარჩენილებს სახელმწიფო დახმარებას უნდა უწევდეს სახლის აშენებაში, ამის საპირისპიროთ აშენებულს უნგრევენ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა მხარეთა დაუსწრებლად. სასამართლო უწყება ჩაჰბარდა ერთხელ, ავადმყოფობის გამო საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა პროცესზე, რის შესახებ ცნობა წარადგინა. ამის შემდეგ უწყება ჩაჰბარდა სასამართლო პროცესის დღის გასვლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის შედეგად გაარკვია, რომ პროცესი უკვე ჩატარებული იყო და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა მისი, როგორც პროცესში მონაწილე მხარის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, კერძოდ არ მიეცა საშუალება დასწრებოდა სასამართლო პროცესს. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატის 20.07.06წ. განჩინებით ე. რ-ის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოება შეჩერდა ქ. თბილისის არქმშენინსპექციის უფლებამონაცვლის დადგენამდე. 01.07.07წ. გაჩინებით საქმის წარმოება განახლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე გადაეცეს თბლისის სააპელაციო პალატის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად მოტივად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით სასამართლო პროცესზე მიწვეული არ ყოფილა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 30.12.04წ. სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყებები გაეგზავნათ მხარეებს (ს.ფ. 49,53). კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლო უწყება გადაეცა. ამასთანავე განმარტავს, რომ უწყება დაგვიანებით, სასამართლო პროცესის ჩატარების შემდეგ ჩაჰბარდა. სსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება სასამართლო პროცესის ჩატარების შემდეგ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული არ არის სასამართლო უწყების მეორე ეგზემპლარი ე. რ-ის ხელმოწერით, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა უწყების ჩაბარების დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.12.04წ. განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.12.04წ. განჩინება და საქმე განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.