ბს-1357-1315(კ-08) 15 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ივლისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 20 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შ. ნ.-ის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორს _ შ. ნ.-ს დაევალა ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება შ. ნ.-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (საღნაღის რაიონი, სოფელი ...) ჩაჰბარდა 2008 წლის 1 დეკემბერს, ხოლო 2008 წლის 8 დეკემბერს შ. ნ.-მა ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განხილვა სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნია არანაირი საშუალება, შეიტანოს სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, მის მიერ კი სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 1 მარტს, რა დროსაც მოქმედი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის რედაქციის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი იყო ინდივიდუალური მეწარმე, არ დააბრკოლებდა საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, შ. ნ.-მა სარჩელი ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში აღძრა 2007 წლის 1 მარტს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის იმჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფიზიკური პირი იყო ინდივიდუალური მეწარმე, არ დააბრკოლებდა საქმის განხილვასა და გადაწყვეტას, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნა “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის ¹5670-რს კანონით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონი მოქმედებს დროში _ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული საქმეების წარმოება ხორციელდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება სწორედ ცალკეული საპროცესო მოქმედებაა, რომლის შესრულების დროსაც სასამართლო იყენებს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებულ იმ საპროცესო ნორმას, რომელიც მოქმედებს საკასაციო საჩივრის შეტანის მომენტში. კასატორ შ. ნ.-ის მიერ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეტანილია 2008 წლის 23 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს შ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე განხილვის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, შ. ნ.-მა (მისთვის მიცემულ ვადაში) არ შეავსო ხარვეზი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება შ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, შ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს შ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.