საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1358-1316(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.08წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.06.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 21.04.08წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათიდან (ს.ფ.136) დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრს ჩაბარდა 2008 წლის 1 აგვისტოს, შესაბამისად მას საკასაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2008 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, მან კი სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2008 წლის 4 სექტემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ერთ თვიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.