Facebook Twitter

¹ბს-136-127(კ-07) 1 მაისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ა. ბ-ის, გ. ჭ-ის, თ. ჩ-ის, ზ. ბ-ის, აგრეთვე, დ. გ-ის, ს. კ-ის, კ. გ-ის, ნ. დ-ისა და სხვათა წარმომადგენლების _ გ. გ-ისა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 4 ივნისს ც. ა-ემ, მ. ო-ამ, ნ. და გ. დ-ებმა, კ. გ-ემ, თ. ჩ-მა, გ. ჭ-ემ, ზ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, შ. კ-ემ, ს. კ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ამ, მ. მ-ემ, ვ. შ-ემ, ო. ა-ემ, ჯ. ა-ემ სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ და მოპასუხისათვის მათ სარგებლობაში არსებული ბინების ფართსა და სტატუსზე შესაბამისი საბუთების გაცემის დაკისრება მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების მანძილზე მუშაობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ცხოვრობდნენ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე განლაგებულ ნაგებობებში, თუმცა არ გააჩნდათ ხსენებული საცხოვრებელი ბინების ფლობის შესახებ სათანადო დოკუმენტები. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებმა ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას მიმართეს და მათ სარგებლობაში არსებული ბინების ფართსა და სტატუსზე ოფიციალური საბუთების გაცემა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისათვის მათ სარგებლობაში არსებული ბინების ფართსა და სტატუსზე შესაბამისი საბუთების გაცემის დაკისრება მოითხოვეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 და 11 იანვრის განჩინებებით მოსარჩელეთა სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ც. ა-ის, მ. ო-ას, ნ. და გ. დ-ების, კ. გ-ის, თ. ჩ-ის, გ. ჭ-ის, ზ. ბ-ის, დ. გ-ისა და სხვათა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას დაევალა, უზრუნველეყო ბოტანიკური ბაღის საცხოვრებელი ფართით მოსარგებლე პირები მათ მიერ დაკავებულ ფართზე სათანადო დოკუმენტებით, საცხოვრებელი ფართის ჩვენებით და საცხოვრებელი სადგომის სტატუსის შესახებ, დამტკიცებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, ს. კ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ემ, ც. ა-ამ, ვ. შ-ემ, ო. ა-ემ, კ. გ-ემ, ნ. დ-ემ, თ. ჩ-მა, გ. ჭ-ემ და მ. ო-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე რიცხული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისათვის ახლად მინიჭებული _ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის სტატუსის გაუქმება, აღნიშნული შენობა-ნაგებობებისთვის საუწყებო საცხოვრებელი სადგომების სტატუსის მინიჭება და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის მათ მიერ დაკავებულ ბინებზე კანონით გათვალისწინებული საბუთების გაცემის დავალება მოითხოვეს. კერძოდ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის საცხოვრებელი სადგომების არასწორი სტატუსი დამტკიცებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ და, ვინაიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის კომპეტენციაში არ შედიოდა საცხოვრებელ სადგომებზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისაგან დამოუკიდებლად რაიმე საბუთის გაცემა. აპელანტებმა საქმეში თანამოპასუხეებად ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჩართვა მოითხოვეს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, აპელანტებმა შეცვალეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე რიცხული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისათვის ახლად მინიჭებული სტატუსის გაუქმება, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს მენიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ და მიღებული იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო საბჭოს 2004 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (¹9 ოქმი), აღნიშნული შენობა-ნაგებობები მიჩნეულიყო, როგორც საუწყებო საცხოვრებელი სადგომები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის მათ მიერ დაკავებულ ბინებზე კანონით გათვალისწინებული საბუთების გაცემის დავალება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმეში მესამე პირად ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა ჩააბა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ს. კ-ის, ა. ბ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ზ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, ს. კ-ემ, ა. ბ-ემ, ც. ა-ემ და სხვებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ს. კ-ის, ა. ბ-ის, ც. ა-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ ისე განიხილეს და გადაწყვიტეს მოცემული საქმე, რომ არ გამოიკვლიეს, კონკრეტულად, რა საბუთის გაცემას ითხოვდნენ მოსარჩელეები, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რომელ სანივთო ან ვალდებულებით უფლებაზე ჰქონდათ პრეტენზია სადავო ბინებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივრით გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და სააპელაციო სასამართლომ ისე განიხილა მოცემული საქმე და უცვლელად დატოვა თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში გამოტანილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, არ იმსჯელა დავის საგნის შეცვლის ან გადიდების დაშვებაზე და მოსარჩელეთა შუამდგომლობის მიუხედავად, არ განიხილა საქმეში იმ პირების ჩაბმის საკითხი, რომელთა წინააღმდეგაც იყო მიმართული დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას კანონიერად დაევალა დაკავებულ ფართზე მოსარჩელეთა სათანადო დოკუმენტებით უზრუნველყოფა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცებული შენობა-ნაგებობის სტატუსიდან გამომდინარე. სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, კონკრეტულად რომელი იურიდიული დოკუმენტებით უზრუნველყოფას ითხოვდნენ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები და რა დაევალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამასთან, გასარკვევი იყო სარჩელის საგანი, კონკრეტულად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რომელ სანივთო ან ვალდებულებით-სამართლებრივ უფლებაზე ჰქონდათ მოსარჩელეებს პრეტენზია და რამდენად არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ს. კ-ის, ა. ბ-ის, ც. ა-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს სადავო ბინებისთვის საუწყებო საცხოვრებელი სადგომის სტატუსის გაუქმება და სამსახურებრივი დანიშნულების ბინის სტატუსის მინიჭება. ამდენად, მოსარჩელეებმა აღნიშნული ბინებისათვის სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის სტატუსის გაუქმება, საუწყებო საცხოვრებელი სადგომის სტატუსის მინიჭება და მოპასუხისათვის აღნიშნულის თაობაზე სათანადო საბუთების გაცემის დაკისრება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დაამტკიცა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიმართვა მის ბალანსზე არსებული შენობებისათვის სამსახურებრივი ბინის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელიც ხელვაჩურის რაიონის გამგეობის მიერ იქნა დამტკიცებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა უფლებამოსილი იყო შეეცვალა სადავო ბინების სტატუსი. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნული განახორციელა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 112-ე, 113-ე, 115-ე 116-ე და 117-ე მუხლებისა და “საქართველოს სსრ რესპუბლიკაში სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და სარგებლობის წესების შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 12 სექტემბრის ¹601 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სამსახურებრივი ბინის სტატუსი კანონიერად მიანიჭა ბოტანიკური ბაღის ბალანსზე არსებულ ნაგებობას და არ არსებობდა სადავო ბინებისთვის საუწყებო საცხოვრებელი სადგომის სტატუსის დაბრუნების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჭ-ემ, გ. მ-ემ, ა. ბ-ემ, გ. ჭ-ემ, თ. ჩ-მა, ზ. ბ-ემ, აგრეთვე დ. გ-ის, ს. კ-ის, კ. გ-ის, ნ. დ-ისა და სხვათა წარმომადგენლებმა _ გ. გ-ემ და ზ. ბ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 112-ე, 113-ე, 115-ე 116-ე და 117-ე მუხლები და “საქართველოს სსრ რესპუბლიკაში სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემისა და სარგებლობის წესის შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 12 სექტემბრის ¹601 დადგენილება, ამასთან, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორთა მოსაზრებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობამ არასწორად მიანიჭა მათ საცხოვრებელ სახლებს სამსახურებრივი სადგომის სტატუსი, რამდენადაც სადავო საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა საუწყებო სადგომებს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები განეკუთვნებოდა მკაცრად მიზნობრივი დანიშნულების სადგომებს. ისინი განკუთვნილი იყო იმ მოქალაქეთა ჩასახლებისათვის, რომლებსაც თავიანთი შრომითი ურთიერთობების ხასიათის გამო, სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ეცხოვრათ. შრომითი ურთიერთობების არსებობა საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, როგორც სამსახურებრივი საცხოვრებლების, ისე საუწყებო საცხოვრებლების მიცემისას, არ იძლეოდა დანიშნულებით სრულიად განსხვავებულ ამ საცხოვრებელი სადგომების გაიგივების საფუძველს. განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობდა, რომ თუ საუწყებო სახლებში საცხოვრებელი სადგომები მუშა-მოსამსახურეებს ეძლეოდათ მათი სამუშაოსაგან დამოუკიდებლად, სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები პირიქით, მუშაკს ეძლეოდა არა მარტო იმიტომ, რომ ისინი მოცემულ საწარმოში ან ორგანიზაციაში მუშაობდნენ, არამედ იმ შრომითი მოვალეობების თავისებურებათა გამო, რომელთა შესრულებისთვისაც აუცილებელი იყო სამუშაო ადგილზე ან მის მახლობლად ცხოვრება. ამდენად, კასატორებმა მიუთითეს, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არ სჭირდებოდა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის სტატუსის საცხოვრებელი სადგომები, რადგან არ ჰყავდა ისეთი მუშაკები, რომლებსაც თავიანთი მოვალეობის თავისებურებათა გამო, აუცილებლად სამუშაო ადგილზე უნდა ეცხოვრათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ა. ბ-ის, გ. ჭ-ის, თ. ჩ-ის, ზ. ბ-ის, აგრეთვე დ. გ-ის, ს. კ-ის, კ. გ-აძის, ნ. დ-ისა და სხვათა წარმომადგენლების _ გ. გ-ისა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 2 მაისამდე.

2007 წლის 17 მარტს ზ. ბ-ემ, დ. გ-ემ, ა. ბ-ემ და სხვებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინეს მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია.

2007 წლის 19 მარტს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობამ წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ა. ბ-ის, გ. ჭ-ის, თ. ჩ-ის, ზ. ბ-ის, აგრეთვე დ. გ-ის, ს. კ-ის, კ. გ-ის, ნ. დ-ისა და სხვათა წარმომადგენლების _ გ. გ-ისა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ-ის, გ. მ-ის, ა. ბ-ის, გ. ჭ-ის, თ. ჩ-ის, ზ. ბ-ის, აგრეთვე დ. გ-ის, ს. კ-ის, კ. გ-ის, ნ. დ-ისა და სხვათა წარმომადგენლების _ გ. გ-ისა და ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.