¹ბს-137-129(კ-06) 17 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოსარჩელე) – ვ. ლ-ი
წარმომადგენელი _ მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
წარმომადგენელი _ ნ. კ-ა
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი _ ზ. ჩ-ი
მესამე პირი (მოპასუხე სარჩელში) _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენლები _ კ. ი-ი, ნ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 31 დეკემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ლ-მა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და ავსტრიაში გაძევება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1989 წელს მან უარი განაცხადა ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად გადავიდა ავსტრიაში, თუმცა არ მიუღია არც ავსტრიის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, ხოლო 1997 წლის 20 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ შეთხზული დოკუმენტების საფუძველზე ავსტრიიდან რუსეთში გააძევეს. რუსეთიდან მან არალეგალურად მოახერხა ჯერ უკრაინაში, შემდეგ სომხეთში გადასვლა, საიდანაც 2002 წელს გააძევეს, რის შემდეგაც იმავე წელს შემოვიდა საქართველოში არალეგალურად. საქართველოში შემოსვლის შემდეგ ვ. ლ-მა მოითხოვა საქართველოდან ავსტრიაში გაძევება, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹111 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-2 მუხლის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებსა და მე-5 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2000 წლის 3 აგვისტოს ¹182 ბრძანებით დამტკიცებულ “უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ" დროებითი დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტზე და “ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის” მე-7 ოქმზე.
2005 წლის 9 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოდან უცხოელის გაძევება დასაშვები იყო მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანაში (ამ შემთხვევაში ავსტრია არ განეკუთვნებოდა არც ერთს) ან იმ ქვეყანაში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში (ვ. ლ-ი ავსტრიიდან არ შემოსულა საქართველოში) ან კიდევ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც თანახმა იქნებოდა მის მიღებაზე (1997 წელს ვენის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვ. ლ-ი დეპორტირებულ იქნა ავსტრიიდან და ამ სახელმწიფოს, რომელსაც ეცნობა აღნიშნულის თაობაზე, არ გამოუხატავს ვ. ლ-ის მიღების სურვილი).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამორიცხულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იგი მოცემულ საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ივნისის განჩინებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ვ. ლ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევს სარეგისტრაციო და სავიზო რეჟიმს და არ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის საფუძველი, სახეზე იყო ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებითად აღნიშნული გარემოებების არსებობას არც მოსარჩელე უარყოფდა და მათი არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი არც მის სასარჩელო განცხადებაში და არც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არ იყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ლ-ის ძირითადი მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 10 ნოემბრის ¹1367 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის, საქართველოდან ავსტრიაში მის გაძევებაზე მითითების დაფიქსირების თაობაზე და ჩათვალა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც არ გააჩნდა პირს, რომელიც არ წარმოადგენდა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და რომლიდანაც პირი არ შემოსულა საქართველოში, ასეთს კი ამ შემთხვევაში ავსტრია წარმოადგენდა, პირი შეიძლებოდა გაძევებულიყო მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით, ავსტრიას კი თანხმობა არ გამოუთქვამს ვ. ლ-ის მიღებაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის ¹1367 ბრძანებაში ცვლილების შეტანის _ გაძევების ქვეყნად ავსტრიის მითითების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დავალება.
კასატორის განმარტებით, 2002 წელს იგი არალეგალურად შემოვიდა საქართველოში, მას შემდეგ უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მოითხოვს საქართველოდან ავსტრიაში გაძევებას, სადაც 1989 წლიდან ცხოვრობდა და სადაც მეუღლე ჰყავდა. აღნიშნულის თაობაზე კასატორმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ამავე სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიამ ¹36/84 დადგენილებით მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹11 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, ვ. ლ-ი უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევდა სავიზო და სარეგისტრაციო რეჟიმებს, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მისი, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირის, საქართველოდან გაძევება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2004 წლის 10 ნოემბერს გამოსცა ¹1367 ბრძანება ვ. ლ-ის საქართველოდან გაძევების თაობაზე და აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ხსენებულ ბრძანებაში არ მიუთითა ის კონკრეტული ქვეყანა, სადაც უნდა მომხდარიყო კასატორის გაძევება.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2002 წლამდე საქართველოში არასოდეს უცხოვრია და არანაირი ქონება და ვინმეს მიმართ რაიმე ვალდებულება ამ ქვეყანაში არ გააჩნია, შემოსვლის დღიდან ვ. ლ-მა არაერთ სახელმწიფო ორგანოს მიმართა თხოვნით ავსტრიაში დეპორტაციის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. კასატორი საქართველოში ცხოვრობს ყოველგვარი სტატუსის გარეშე, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ირღვევა მისი კანონიერი უფლებები, არ გააჩნია არავითარი ადამიანური პირობები, არა აქვს საცხოვრებელი ადგილი და უსახსრობის გამო, ვერ სარგებლობს სამედიცინო დახმარებით და ვერ ყიდულობს მედიკამენტებს, მაშინ, როდესაც არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი და მისთვის აუცილებელია სამედიცინო მომსახურება.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან ავსტრიამ ნება დართო 1989 წლიდან ეცხოვრა ავსტრიაში, საქართველოდან უპირობოდ უნდა იქნეს გაძევებული ავსტრიაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 24 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 5 ივლისამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2006 წლის 20 სექტემბერს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ვ. ლ-ი საქართველოში შემოვიდა არალეგალურად და საქართველოში შემოსვლის შემდეგ მოითხოვა საქართველოდან ავსტრიაში გაძევება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2001 წლის 10 ნოემბერს გამოსცა ¹1367 ბრძანება “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 29-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების, მე-5 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 3 აგვისტოს ¹182 ბრძანებით დამტკიცებული “უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ" დროებითი დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირის _ ვ. ლ-ის, რომელიც დაიბადა 1945 წლის 9 იანვარს სომხეთში, ქ. ერევანში, საქართველოდან გაძევების შესახებ და აღნიშნული ბრძანების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის აღსასრულებლად გადაგზავნის თაობაზე. ხსენებული ბრძანების საფუძვლად მიეთითა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2004 წლის 22 ივლისის ¹5453 წერილზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დასკვნასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის 2004 წლის 9 ნოემბრის ¹36/84 დადგენილებაზე. ხსენებული დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული, რომ ვ. ლ-ი უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, არღვევდა სავიზო და სარეგისტრაციო რეჟიმებს და აღარ არსებობდა საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის საფუძველი. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მოქალაქეობის არმქონე პირის _ ვ. ლ-ის საქართველოდან გაძევება და დადგინდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ხსენებული დადგენილების საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის დასკვნასთან ერთად, რომლითაც, თავის მხრივ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. ლ-ი 2003 წლიდან უკანონოდ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქ. თბილისში, .... ქ. ¹6-ში, რის გამოც აღნიშნულმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა ვ. ლ-ის საქართველოდან გაძევება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2005 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ახალი კანონი, რომლის ამოქმედებისთანავე, იმავე კანონის 67-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონი, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹111 ბრძანებულება ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”, ხსენებული ახალი კანონი კი ამოქმედდა 2006 წლის 1 ივლისიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ლ-ი წარმოადგენს “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის (რომელიც მოქმედებდა 2006 წლის 1 ივლისამდე) პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქალაქეობის არმქონე პირს, ასევე “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ უცხოელს _ პირს, რომელსაც დუკუმენტურად არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, დასახელებულ ახალ კანონში უფრო კონკრეტულად აისახა ვ. ლ-ის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხევვაში სახეზეა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას მოქმედი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 29-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რომლებითაც რეგლამენტირებული იყო უცხოელი მოქალაქის გაძევების საფუძვლები, აგრეთვე, “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის 53-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რომლებიც იდენტურ საფუძვლებს შეიცავს, გათვალისწინებული შემთხვევა, ვინაიდან ვ. ლ-ი უკანონოდ შემოვიდა და იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და აღარ არსებობს მისი საქართველოში შემდგომი ყოფნის საფუძველი. ამასთან, “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 1993 წლის 3 ივნისის კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული გაძევების წესის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 მარტის ¹111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,უცხოელთა საქართველოდან გაძევების დროებითი წესის შესახებ" დებულების მე-3-6 პუნქტების, ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 3 აგვისტოს ¹182 ბრძანებით დამტკიცებული “უცხოელთა საქართველოდან გაძევების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ" დროებითი დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრძანებით. ზემოხსენებული ახალი კანონის 54-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე, ამავე კანონის 53-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მაშასადამე, აღნიშნული ნორმების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოდან გაძევება ვ. ლ-ის სურვილს წარმოადგენს _ იგი თვითონ მოითხოვს გაძევებულ იქნეს ავსტრიაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2001 წლის 10 ნოემბრის ¹1367 ბრძანებით, მართალია, მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეობის არმქონე პირის _ ვ. ლ-ის საქართველოდან გაძევების შესახებ და აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად გადაუგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ დასახელებულ ბრძანებაში არ მიუთითა ის კონკრეტული ქვეყანა, სადაც უნდა მომხდარიყო ვ. ლ-ის გაძევება. შესაბამისად, ხსენებული ბრძანების პრაქტიკული რეალიზება ობიექტურად შეუძლებელი გახდა, რაც საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის სხდომაზე დაადასტურა კიდეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრისა და 2007 წლის 17 იანვრის სხდომებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ხსენებული სამინისტრო არ არის ვალდებული მიუთითოს ქვეყანა, რომელშიც გააძევებს პირს, რადგან აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის 58-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოდან უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს მისი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში (ქვეყანაში) ან იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში, ანდა ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანახმაა მიიღოს იგი. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, დასახელებულ კანონში სიტყვა-სიტყვით არ არის ჩაწერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულებაზე, გაძევების შესახებ აქტში მიუთითოს კონკრეტული ქვეყანა, მაგრამ აღნიშნული, არ ნიშნავს იმას, რომ ხსენებულ სამინისტროს არ ევალება იმ ქვეყნის მითითება, სადაც უნდა მოხდეს პირის გაძევება. “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონის 58-ე მუხლის პირველ პუნქტში უცხოელის გაძევების პუნქტობრივად მითითებული სამივე შემთხვევა გაძევების დანიშნულების სახელმწიფოს განსაზღვრით, პირდაპირ ითვალისწინებს პირის გაძევებას შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კონკრეტულად განსაზღვრულ სახელმწიფოში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად “ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის” მე-7 ოქმზე მითითებას, ვინაიდან აღნიშნული ოქმის პირველი მუხლი ეხება მხოლოდ იმ უცხოელს, რომელიც შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფება კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოელი, რომელიც კანონიერ საფუძველზე ცხოვრობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს იქედან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უნდა აღსრულდეს კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, ვ. ლ-ი თვითონ მოითხოვს საქართველოდან გაძევებას და მისივე განმარტებით, რომელიც მან გააკეთა საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის სხდომაზე, მას არ სურს საქართველოში დარჩენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალება ერთი თვის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განსაზღვროს ქვეყანა, სადაც შეიძლება ვ. ლ-ის გაძევება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთი თვის ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განსაზღვროს ქვეყანა, სადაც შეიძლება ვ. ლ-ის გაძევება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.