Facebook Twitter

ბს-1376-1334(კ-08) 21 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღნიშნული კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.08წ. გადაწყვეტილებაზე ე. ფ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.08წ. გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ე. ფ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.01.07წ. გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ფ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს ე. ფ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 300 ლარის გადახდა დაეკისრა, სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება ე. ფ-ის მიერ მითითებულ მისამართზე მისი ოჯახის წევრს, კერძოდ, მის რძალს თ. შ-ეს ჩაჰბარდა 23.09.08წ. ე. ფ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ფოსტი მეშვეობით მხოლოდ 27.10.08წ. გაასაჩივრა(ს.ფ 222). სსკ-ის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. სსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.