საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1379-1337(კ-08) 20 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 12 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1379-1337(კ-08) თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი, ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 397.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, სსსკ-ის 70-78-ე და 13.2 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ თ. ჩ-ეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა 2008 წლის 29 სექტემბერს და პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 27 სექტემბერს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (იხ. ს.ფ. 84). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა სსსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 28 ოქტომბერს. კასატორმა კი საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 61.3 მუხლის მოთხოვნის თანახმად, საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2008 წლის 30 ოქტომბერს, რაც დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით (იხ. ს.ფ. 103).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.