Facebook Twitter

ბს-138-134(კ-08) 9 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ნ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

07.08.07წ. ნ. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 03.07.07წ. ¹გან-590 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბრძანების საფუძველზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მ/შ 19.08.05წ. ¹გან-428 ბრძანებით შრომითი ურთიერთობა შეუჩერდა სასამართლოში საქმის განხილვამდე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 03.07.07წ. ¹გან-590 ბრძანებით დაწესებულების რეორგანიზაციის საფუძვლით განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან შტატების შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერებულია. მისი სამსახურებრივი ურთიერთობა მოპასუხე ორგანიზაციასთან შეჩერებული იყო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რის გამოც სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას. მოსარჩელის განცხადებით, სამსახურიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის დარღვევით იქნა გათავისუფლებული, კერძოდ, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოპასუხე ორგანიზაციამ არ აცნობა 1 თვით ადრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.07წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 03.07.07წ. ¹გან-590 ბრძანება და საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ნ-ას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ ნ. ნ-ას საქართველოს კონტროლის პალატასთან შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 11.08.05წ. ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო გამოეცა ადმინისტრაციული აქტი ნ. ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემით მოპასუხის მიერ არსებითად იქნა დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის მოთხოვნა მოხელის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.09.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, მიიჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა საქმეზე დადგენილი ზოგიერთი გარემოება, რის შედეგად მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა I ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტი ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესების არსებითი დარღვევით იქნა გამოცემული. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, სადავო აქტის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.1 მუხლის დარღვევით გამოცემა არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რომელიც გახდებოდა ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.2 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამავე კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა, მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. კანონმდებელმა თვითონ განსაზღვრა 108-ე მუხლის I პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი სანქცია ფულადი კომპენსაციის სახით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხარის 108-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პირის გაუფრთხილებლობა არ შეიძლება გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი. აღნიშნული დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხზე მიღებული ვერ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.11.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ამ.

კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და განხილვის გარეშე, კანონის გვერდის ავლით, სააპელაციო საჩივრის ფარგლების გადაცილებით, დაუსაბუთებლად, მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108.2 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ერთი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე მუშაკის გათავისუფლება არ წარმოადგენდა სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის არსებით დარღვევას. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა ამავე კანონის 97.3 მუხლის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოადგენს 108.1 და 108.2 მუხლის შემავსებელ ნორმას, კერძოდ, საჯარო სამსახურის ადმინისტრაცია ვალდებულია 1 თვით ადრე გააფრთხილოს მოხელე მოსალოდნელი და არა სავალდებულო შემცირების შესახებ, მასვე ევალება ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისცეს შემცირებულ მოხელეს შესაბამისი კომპენსაცია. კასატორის განცხადებით, საქარველოს კონტროლის პალატაში სახეშეცვლილი სახელწოდებით დღესაც არსებობს მისი თანამდებობა და სხვა ანალოგიური თანამდებობები, რომლებიც მთელ რიგ შემთხვევაში ვაკანტურია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.02.08წ. განჩინებით ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს მოსაზრებების წარმოდგენის ვადა განესაზღვრათ. საქართველოს კონტროლის პალატამ წარმოადგინა მოსაზრება, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. კასატორმა ნ. ნ-ამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც აღნიშნა, რომ სადავო საქმის განხილვისას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ერთსა და იმავე მუხლს სხვადასხვაგვარი შეფასებები და განმარტებები მიეცა, რაც სამსახურებრივი ნორმის არაერთგვაროვან გაგებას იწვევს. აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს სადავო საკითხის მიმართ გააჩნია ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა(იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.06.04წ. გადაწყვეტილება, საქმე ¹ბს-86-70-კ-04).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევა არ წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რომელსაც, სავარაუდოდ, შეეძლო საქმის განხილვის შედეგზე ემოქმედა. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.