Facebook Twitter

ბს-140-131(კ-07) 5 ივნისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

გულნარა ილინას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი _ დ. გ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ხ.-ი, წარმომადგენელი ბ. ბ.-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. ხ.-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

საქმის გარემოებები:

ქ. თბილისის პრემიერის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით მოსარჩელე დაინიშნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ...-ის პირველ მოადგილედ, 150 ლარი ხელფასის ანაზღაურებით. 2003 წლის 17 მარტის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა დაბალანაზღაურებად თანამდებობაზე. 2003 წლის 5 მაისს მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლის 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 17 მარტის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და მოპასუხეს დაევალა ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება 684 ლარის ოდენობით. ზედამხედველობის სამსახურმა 2003 წლის 22 სექტემბრის განჩინების აღსრულების თაობაზე 2003 წლის 18 დეკემბერს გამოსცა ბრძანება 2003 წლის 17 მარტის ბრძანების (მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ, რის შემდეგაც მოსარჩელეს ხელფასებს შორის სხვაობა 684 ლარის ოდენობით აუნაზღაურდა 2004 წლის თებერვალში, მაგრამ 2003 წლის სექტემბრიდან არ მიუღია სამსახურის უფროსის მოადგილის ხელფასი 150 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით, ასევე _ კვარტალური, სადღესასწაულო პრემიები და სხვ.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

2004 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის პრემიერს, რომლითაც მოითხოვა ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. ქ. თბილისის პრემიერის 2004 წლის 28 სექტემბრის განკარგულებით მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან, მაგრამ ხელფასებს შორის სხვაობა არ აუნაზღაურდა. 2005 წლის 28 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის პრემიერს, რომლის 2005 წლის 17 ოქტომბრის პასუხით ეცნობა, რომ აღნიშნული საკითხი სცილდებოდა მის კომპეტენციას, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიაჩნია (ს.ფ. 2-3;).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის _ 1110 ლარის, კვარტალური პრემიის _ 600 ლარის, სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარების _ 450 ლარის ანაზღაურება, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ი. ხ.-ი მუშაობდა თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ. 2003 წლის 17 მარტის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 17 მარტის ბრძანება ი. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და სამსახურს დაევალა ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება 684 ლარის ოდენობით. 2003 წლის 18 დეკემბერს სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება 2003 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ. 2004 წლის თებერვალში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ხელფასებს შორის სხვაობა 684 ლარის ოდენობით. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 8 დეკემბრის ცნობის თანახმად, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ...-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 1950 ლარს, ერიცხებოდა კვარტალური პრემია 600 ლარი, აგრეთვე, სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარება 450 ლარი, ხოლო მოსარჩელეს, როგორც ...-ის მთავარ სპეციალისტს, ამ პერიოდის მანძილზე მიღებული ჰქონდა თანამდებობრივი სარგო 840 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, 2003 წლის სექტემბერში მოსარჩელე კვლავ ითვლებოდა თბილისის პრემიერის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით დანიშნულ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახელმწიფო ....-ის პირველ მოადგილედ, რამდენადაც 2003 წლის 17 მარტის ბრძანება მოსარჩელის გადაყვანის თაობაზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლოს დასკვნით, სანამ არ მოხდებოდა თბილისის პრემიერის მიერ, “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” 27-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, რაც 2004 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით განხორციელდა, ფაქტობრივად, მოსარჩელე ითვლებოდა პირვანდელ თანამდებობაზე დანიშნულად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ასრულებდა დაბალანაზღაურებად სამუშაოს _ მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ....-ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას და იღებდა ხელფასს 70 ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1. 44-ე, “შრომის კანონთა კოდექსის” 207-ე მუხლები და განმარტა: ის გარემოება, რომ მოსარჩელე უკანონოდ იქნა გადაყვანილი სხვა თანამდებობაზე, დასტურდებოდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, 2003 წლის 22 სექტემბრიდან 2004 წლის 21 სექტემბრამდე მოსარჩელის სამასახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემამდე, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ხელფასებს შორის სხვაობა (ს.ფ. 82-84).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი, რამდენადაც ქ. თბილისის პრემიერის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით მოსარჩელე დაინიშნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახელმწიფო ...-ის უფროსის პირველ მოადგილედ. პრემიერის 2003 წლის 3 მარტის განკარგულებით დამტკიცდა ... სამსახურის საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა, მაგრამ განსაზღვრული იყო უფროსის მოადგილის 5 საშტატო ერთეული. პრემიერის 2003 წლის 14 და 24 მარტის განკარგულებებით უფროსის მოადგილის 5 საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვადასხვა პირი, ამასთან, ფორმალურად, მაშინვე არ გამოიცა განკარგულება ი. ხ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ იგი უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა პრემიერის ¹241 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც გაუქმდა უფროსის პირველი მოადგილის შტატი.

აპელანტის მითითებით, ი. ხ.-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2003 წლის 7 აპრილს დაინიშნა მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისად, არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი არ ასრულებდა უფროსის პირველი მოადგილის უფლება-მოვალეობას.

საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მისი თანხმობით, ხოლო მოსარჩელე სპეციალისტის თანადებობაზე გადაყვანილ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ამასთან, მოსარჩელეს მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ განკარგულება სადავოდ არ გაუხდია.

საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი არა ი. ხ.-ის სხვა თანადებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანება, არამედ ბათილად იქნა ცნობილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც სულ სხვა სამართალურთიერთობაა და სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 106-ე მუხლს, მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს სამოქალაქო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალაზე, მაშინ, როცა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციულ საქმეზე.

აპელანტის მოსაზრებით, ასევე არასწორად იქნა დადგენილი საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც “ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებოების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით განისაზღვრა სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო იყო 150 ლარით, ხოლო მთავარი სპეციალისტის _ 120 ლარით, ანუ სხვაობა ხელფასებს შორის 30 ლარი იყო. ამასთან, აპელანტმა მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე, 37-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარება არ არის კანონით განსაზღვრული ის დანამატები, რომლებიც შეიძლება შედიოდეს შრომით გასამრჯელოში, შესაბამისად, მათი ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც დაუშვებელია, როცა პირი უკანონოდ არის გადაყვანილი სხვა თანამდებობაზე (ს.ფ. 90-92).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:L

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ი. ხ.-ი მუშაობდა თბილისის მერიის ...-ის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ. 2003 წლის 17 მარტის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის 2003 წლის 17 მარტის ბრძანება ი. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და სამსახურს დაევალა ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება 684 ლარის ოდენობით. 2003 წლის 18 დეკემბერს სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება 2003 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ. 2004 წლის თებერვალში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ხელფასებს შორის სხვაობა 684 ლარის ოდენობით. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 8 დეკემბრის ცნობის თანახმად, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ...-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 1950 ლარს, ერიცხებოდა კვარტალური პრემია _ 600 ლარის, აგრეთვე სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარება 450 ლარის ოდენობით, ხოლო ი. ხ.-ს, როგორც ...-ის მთავარ სპეციალისტს, ამ პერიოდის მანძილეზე მიღებული ჰქონდა თანამდებობრივი სარგო 840 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, 2003 წლის სექტემბერში მოსარჩელე კვლავ ითვლებოდა თბილისის პრემიერის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით დანიშნულ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახელმწიფო ...-ის პირველ მოადგილედ, რამდენადაც 2003 წლის 17 მარტის ბრძანება მოსარჩელის გადაყვანის თაობაზე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლოს დასკვნით, სანამ არ მოხდებოდა თბილისის პრემიერის მიერ, “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” 27-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, რაც 2004 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით განხორციელდა, ფაქტობრივად, მოსარჩელე ითვლებოდა პირვანდელ თანამდებობაზე დანიშნულად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ასრულებდა დაბალანაზღაურებად სამუშაოს _ მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ი. ხ.-ი გათავისუფლებულად ითვლებოდა “ქ. თბილისის მერიის ... სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 3 მარტის განკარგულების ძალაში შესვლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა გაუქმდა საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის საშტატო ერთეული და განმარტა, რომ ი. ხ.-ი ... სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა ქ. თბილისის პრემიერის 2004 წლის 28 სექტემბრის ¹500 განკარგულებით.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1. 44-ე, “შრომის კანონთა კოდექსის” 207-ე მუხლები და განმარტა, რომ ი. ხ.-ს უნდა ანაზღაურებოდა ხელფასებს შორის სხვაობა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო ი. ხ.-ის დაბალანაზღაურებად სამსახურში, კერძოდ, მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის ფაქტი (იხ. ს.ფ. 106-110).

სააპელაციო საამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ხ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ.116-119).

კასაციის მოტივი:

სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ი. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი, რამდენადაც ქ. თბილისის პრემიერის 2002 წლის 18 ივლისის განკარგულებით მოსარჩელე დაინიშნა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის სახელმწიფო ...-ის უფროსის პირველ მოადგილედ. პრემიერის 2003 წლის 3 მარტის განკარგულებით დამტკიცდა ... სამსახურის საშტატო ერთეულების ნუსხა, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა, მაგრამ განსაზღვრული იყო უფროსის მოადგილის 5 საშტატო ერთეული. პრემიერის 2003 წლის 14 და 24 მარტის განკარგულებებით უფროსის მოადგილის 5 საშტატო ერთეულზე დაინიშნა სხვადასხვა პირი. ამასთან, ფორმალურად მაშინვე არ გამოიცა განკარგულება ი. ხ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ იგი უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა პრემიერის ¹241 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც გაუქმდა უფროსის პირველი მოადგილის შტატი.

კასატორის მითითებით, ი. ხ.-ი პირადი განცხადების საფუძველზე 2003 წლის 7 აპრილს დაინიშნა მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, შესაბამისად, არც სამართლებრივად და არც ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი არ ასრულებდა უფროსის პირველი მოადგილის უფლება-მოვალეობას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 43-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დასაშვებია მისი თანხმობით, ხოლო მოსარჩელე სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანილ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ამასთან მოსარჩელეს მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ განკარგულება სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი არა ი. ხ.-ის სხვა თანადებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანება, არამედ ბათილად იქნა ცნობილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც სულ სხვა სამართალურთიერთობაა და სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 106-ე მუხლს, მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს სამოქალაქო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალაზე, მაშინ, როცა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია ადმინისტრაციულ საქმეზე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამდენადაც “ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის საბიუჯეტო დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 150 ლარს, ხოლო მთავარი სპეციალისტის _ 120 ლარს, ანუ სხვაობა ხელფასებს შორის 30 ლარი იყო. ამასთან, კასატორმა მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე, 37-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარება არ არის კანონით განსაზღვრული ის დანამატები, რომლებიც შეიძლება შედიოდეს შრომით გასამრჯელოში, შესაბამისად მათი ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც დაუშვებელია, როცა პირი უკანონოდ არის გადაყვანილი სხვა თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში მოწინააღმდეგე მხარემ _ ი. ხ.-მ აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 131-133/.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ი. ხ.-მ უარი თქვა ნაწილობრივ სარჩელზე, კერძოდ, სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში /იხ.ს.ფ, 160, სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება ი. ხ.-ის სარჩელის მოთხოვნის, სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება ი. ხ.-ის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, ხოლო დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ი. ხ.-მ უარი თქვა ნაწილობრივ სარჩელზე, კერძოდ, სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში /იხ.ს.ფ, 160, სხდომის ოქმი/.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში, როგორც უკანონო ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მისი უკანონოდ გადაყვანის მთელი პერიოდისათვის, ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში არის უკანონო, რამდენადაც სადღესასწაულო დამხმარება არ განეკუთვნება “კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატს” რომლის ანაზღაურების ვალდებულება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე წარმოეშობა ადმინისტრაციას მოხელის უკანონოდ გადაყვანის მთელი პერიოდისათვის, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია სსსკ-ის 393.2 “გ” მუხლის მოთხოვნების დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც სამართლებრივად არასწორი განჩინების დადგენის საფუძველი გახდა.

ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ ი. ხ.-მ, უარი თქვა რა ნაწილობრივ სარჩელზე _ სადღესასწაულო დახმარების, 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადღესასწაულო დახმარების _ 330 ლარის ანაზღაურების ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272 “გ" მუხლის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ი. ხ.-ის მიერ სარჩელის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო.

სარჩელის დანარჩენ დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმის მასალების თანახმად, ი. ხ.-ი მუშაობდა თბილისის მერიის ... სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ. 2003 წლის 17 მარტის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ... სამსახურის 2003 წლის 17 მარტის ბრძანება ი. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში და სამსახურს დაევალა ხელფასებს შორის არსებული სხვაობის ანაზღაურება 684 ლარის ოდენობით. 2003 წლის 18 დეკემბერს სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება 2003 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ. 2004 წლის თებერვალში მოსარჩელეს აუნაზღაურდა ხელფასებს შორის სხვაობა 684 ლარის ოდენობით. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2005 წლის 8 დეკემბრის ცნობის თანახმად, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ...-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 1950 ლარს, კვარტალური პრემია _ 600 ლარს, აგრეთვე სადღესასწაულო და საშვებულებო დახმარება 450 ლარს, ხოლო ი. ხ.-ს, როგორც ...-ის მთავარ სპეციალისტს ამ პერიოდის მანძილზე მიღებული ჰქონდა თანამდებობრივი სარგო 840 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი არა ი. ხ.-ის სხვა თანადებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანება, არამედ ბათილად იქნა ცნობილი მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რაც სულ სხვა სამართალურთიერთობაა და სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსსკ-ის 106-ე მუხლს, მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმა მიუთითებს სამოქალაქო საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების პრეიუდიციულ ძალაზე, მაშინ, როცა რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება გამოტანილია ადმინისტრაციულ საქმეზე.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ადმინისტრაციულ საქმეზე, არ ცვლის მის პრეიუდიციულ ძალას სადავო სამართალურთიერთობაში, რამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 “ბ” პუნქტი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სავალდებულობაზე, მის პრეიუდიციულ ძალაზე, რომლებიც ასევე არ საჭიროებენ დადასტურებას-მტკიცებას მხარეთა მიერ.

საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 44-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მისი უკანონოდ გადაყვანის მთელი პერიოდისათვის, თუ მას ეკრძალებოდა ძველი სამუშაოს შესრულება და მან ამის თაობაზე წერილობით აცნობა დაწესებულებას. ამასთან, შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილია, რომ დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისას ადმინისტრაცია ვალდებულია, აანაზღაუროს ხელფასებს შორის სხვაობა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ი. ხ.-ი ფორმალურად გათავისუფლებულად ითვლებოდა პრემიერის ¹241 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც გაუქმდა უფროსის პირველი მოადგილის შტატი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 26.1. და 110.1. მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. მოცემულ შემთხვევაში ი. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა 2004 წლის 28 სექტემბერს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად, ი. ხ.-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება სწორედ აღნიშნული თარიღით, რამდენადაც თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა რა ცნობილი 2003 წლის 17 მარტის ბრძანება ი. ხ.-ის გათავისუფლების თაობაზე, იმ პირობებში როცა არ არსებობდა “საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების” 27-ე მუხლის საფუძველზე თბილისის პრემიერის განკარგულება ი. ხ.-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც რეალურად 2004 წლის 21 სექტემბერს ¹500 განკარგულებით განხორციელდა, ი. ხ.-ი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ითვლებოდა პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენილ მოხელედ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ ი. ხ.-ი ფაქტობრივად ასრულებდა დაბალანაზღაურებად სამუშაოს _ 2004 წლის განკარგულებით დაინიშნა მტკვრის ... მხარის ტერიტორიული სამმართველოს ...-ის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის 2003 წლიდან – 2004 წლამდე პერიოდს, რა დროსაც მისი ...-ის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების არარსებობის გამო იურიდიულად ის ითვლებოდა პირველ მოადგილედ, შესაბამისად, ი. ხ.-ის მოთხოვნა ადრინდელ და ახლანდელ ხელფასებს შორის სხვაობის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. ხ.-ი გათავისუფლებულად არ ითვლებოდა “ქ. თბილისის მერიის ...-ის საქალაქო სამსახურის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების ნუსხის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის პრემიერის 2003 წლის 3 მარტის განკარგულების ძალაში შესვლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა გაუქმდა საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის საშტატო ერთეული, რამდენადაც განკარგულება, ი. ხ.-ის ...-ის საქალაქო სასახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის პრემიერმა გამოსცა 2004 წლის 21 სექტემბერს, შესაბამისად ამ პერიოდამდე ის ითვლებოდა უფროსის პირველ მოადგილედ მისი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის არარსებობის გამო, იმ პირობებშიც კი, თუ ის ფორმალურად არ ასრულებდა ...-ის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის მოვალეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ი. ხ.-სათვის სადღესასწაულო დახმარების 330 ლარის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების, როგორც არსებითად სწორის უცვლელად დატოვების პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება ი. ხ.-ის სარჩელის მოთხოვნის _ სადღესასწაულო დახმარების 330 ლარის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება ი. ხ.-ის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო;

3. დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.