Facebook Twitter

ბს-140-136(კ-08) 13 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 25 თებერვალს ბ. ლ-ემ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალის მიმართ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრამვით მიყენებული ზიანის _ 8932 ლარის და ყოველთვიურად 72 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის ფილიალი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი (იხ. ს.ფ. 28-31; ტ.I).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლის 18 ნოემბრიდან ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა, ხოლო ერთდროული თანხის _ 8932 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 37-39; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 42-43; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახწლმწიფო ფონდი (იხ. ს.ფ. 64-66; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, არასათანადო მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმიწოფო ფონდით, ხოლო არასათანადო მოპასუხე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქმეში ჩაერთო მესამე პირად (იხ. ს.ფ. 73-75; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებითბ. ლ-ისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2002 25 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის ერთდროული თანხის 42 ლარის გაანგარიშებით, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ყოველთვიურად 42 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე (იხ. ს.ფ. 101-108; ტ.I).

2007 წლის 13 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 3-4; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოთი (იხ. ს.ფ. 19-21; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლლოს 2007 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით ბ. ლ-ის უფლებამონაცვლედ ჩაერთო ც. ლ-ე (იხ. ს.ფ. 35; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 39-43; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური სუბსიდიების სააგენტომ და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადების საფუძველს წარმოადგენდა სსსკ-ის 423.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტი, კერძოდ, განცხადებელი სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება, რის საფუძველზეც იქნა გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ბრძანებულებით. სააპელაციო სასამართლომ კი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად კანონის არასწორად განმარტების შედეგად არასწორად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 423.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოს დადგენილებაში მოიაზრება არა ნორმატიული, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. ს.ფ. 49-56; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 61-62; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 61-62; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ კვალიფიციურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.