Facebook Twitter

¹ბს-141-132(კ-07) 25 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 23 სექტემბერს მ. კ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹288 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის მისთვის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 19... წლიდან მუშაობდა კულტურისა და განათლების სისტემაში, ხოლო 19.... წლიდან _ ხელვაჩაურის რაიონის .... სკოლის ...., საიდანაც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ შექმნილი კომისიის 2005 წლის 11 ივლისის დასკვნის საფუძველზე 2005 წლის 13 სექტემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებულ ბრძანებასა და ზემოხსენებულ დასკვნაში მითითებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პედაგოგთა ღირსების შემლახავი მოქმედება მისი მხრიდან სახეზე არ ყოფილა, რის გამოც აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო.

აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარადგინა შესაგებელი, არ დაეთანხმა მ. კ-ას სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შესაგებლის ავტორმა მიუთითა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი საფუძველი იყო .... სახელოვნებო სკოლაში შექმნილი ვითარების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომელშიც მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის არაერთ ფაქტზე იყო მითითებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹288 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის .... სახელოვნებო სკოლის .... თანამდებობაზე, ხოლო განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი განჩინება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასწორი იყო სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ხელვაჩაურის რაიონის .... სახელოვნებო სკოლის .... თანამდებობიდან მ. კ-ას გათავისუფლების შესახებ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 სექტემბრის ¹288 ბრძანების არაუფლებამოსილი ორგანოსა და არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემის შესახებ, ხსენებული დასკვნა არ გამომდინარეობდა სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების დებულებების სწორი ანალიზის შესაბამისად, სწორი განმარტებიდან, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ბრძანების მიღების დროისათვის მოქმედი “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით, არასწორად გაავრცელა აღნიშნული დებულება სადავო ურთიერთობაზე, რადგან “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მითითებული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასა და ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე. ამდენად, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. იმავე კანონის მე-2 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავდა ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც. .... ხელოვნების სკოლის დებულების თანახმად, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა სახელოვნებო საბაზო განათლების, სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული თეატრალური ხელოვნების სკოლას, სახელოვნებო განათლების I და II საფეხურის სპეციალურ სასწავლო დაწესებულებას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ .... ხელოვნების სკოლა არ ახორციელებდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას, რადგან ზოგადი განათლება გულისხმობდა საქართველოს მოქალაქის აღზრდასა და მომზადებას ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, .... ხელოვნების სკოლის ძირითად ამოცანას კი წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში დაწყებითი საერთო განათლების მიცემა, მათი ესთეტიკური გემოვნების წარმართვა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებზე და მიზნად ისახავდა მხატვრული თვითმოქმედების აქტიური მონაწილეების, ესთეტიკური დონის პროპაგანდისტების, სიმფონიური და კამერალური მუსიკის აქტიური მსმენელების გაზრდას, რაც არ გულისხმობდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. შესაბამისად, .... ხელოვნების სკოლა წარმოადგენდა არა ზოგადსაგანმანათლებლო, არამედ სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულებას, რაც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებდა მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ..... ხელოვნების სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებად და არასწორად გამოიყენა “ზოგადი განათლების შესახებ" კანონის 59-ე მუხლის მეორე პუნქტი, რადგან მითითებული ნორმა იმპერატიულად ადგენდა ხსენებული კანონის ამოქმედების შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებული ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის .... გათავისუფლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, რაც ვერ გავრცელდებოდა .... ხელოვნების სკოლაზე, რადგან იგი არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, მ. კ-ას სამუშაოდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, არამედ სადავო ბრძანების გამომცემი აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი, რომლის სტრუქტურულ დაწესებულებასაც წარმოადგენდა .... ხელოვნების სკოლა.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას, სადავო ბრძანების არაკანონიერად მიჩნევის პირობებში, უნდა ემსჯელა, მ. კ-ა ექვემდებარებოდა .... ხელოვნების სკოლის ...., თუ .... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენას, რადგან “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-2 მუხლით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილი ცვლილების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, შეეხო სკოლისგარეშე დაწესებულებებს და უპირობოდ დაადგინა მითითებული კანონის ამოქმედების შედეგად სკოლისგარეშე დაწესებულებების ..... გათავისუფლება, ხოლო ამავე დებულების თანახმად, .... არჩევამდე, სკოლის ხელმძღვანელად შეიძლებოდა დანიშნულიყო პირი მხოლოდ .... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონია ნამსჯელი, მ. კ-ას .... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამებოდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და სათანადო შეფასება მიეცა მათთვის.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ბრძანების საფუძვლიანობის შემოწმებისას არ იმსჯელა, ... ხელოვნების სკოლა წარმოადგენდა თუ არა საჯარო დაწესებულებას, ხოლო იქ დასაქმებული პირები განეკუთვნებოდნენ თუ არა საჯარო მოხელის კატეგორიას და, შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი თუ შრომის კანონთა კოდექსი.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოეკვლია და ემსჯელა, სადავო ბრძანების გამოცემისას დაცულ იქნა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და მომზადებისათვის დადგენილი წესები, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და არსებობდა თუ არა სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ს-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება მ. კ-ას ხელვაჩაურის რაიონის .... სახელოვნებო სკოლის ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; დაკმაყოფილდა მ. კ-ას სარჩელი; მ. კ-ა აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ..... სახელოვნებო სკოლის .... მოვალეობის შემსრულებლად; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ .... ხელოვნების სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და განმარტა, რომ არ არსებობდა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სახელოვნებო სკოლის ტიპიური დებულების” დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 20 მარტის ¹31 ბრძანებისა და ხელვაჩაურის რაიონის კულტურის განყოფილების გამგის მიერ 2004 წელს დამტკიცებული აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონის .... ხელოვნების სკოლის დებულების ძალადაკარგულად მიჩნევის საფუძველი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტები ადგენდნენ უფრო მაღალი იერარქიის ნორმატიული აქტის _ “ზოგადი განათლების შესახებ” კანონისაგან განსხვავებულ რეჟიმს, მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ხსენებული კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად მიჩნევას ითვალისწინებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის აქტი განსხვავებულად არეგულირებდა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს. მითითებული აქტები კი, არეგულირებდა სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულების საქმიანობას და არა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასა და ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას, ხოლო მ. კ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და .... თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად მოითხოვა .... მოვალეობის შემსრულებლად აღდგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, მასში არ არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა გამოც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს დასკვნები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ, თითქოს მ. კ-ამ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და .... თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად, მოითხოვა ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მ. კ-ას წარმომადგენელმა საპაექრო სატყვაში მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო მ. კ-ა დაეთანხმა თავის წარმომადგენელს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 25 აპრილამდე.

2007 წლის 13 მარტს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივარის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული საჩივარი დასაშვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.