ბს-14-14(კ-07) 18 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კასატორი(მოსარჩელე) _ თ. ჩ-ე, წარმომადგენელი გ. ა-ე (03.10.07წ., ¹1-5812 რწმუნებულება), ც. ჯ-ი (21.12.06წ., ¹15848 რწმუნებულება).
მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხეები) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ნ. ქ-ე (02.07.07წ., ¹02/11-4060 მინდობილობა)
მესამე პირი _ ნ. დ-ე, წარმომადგენელი რ. პ-ა (09.07.07წ., ¹8644 რწმუნებულება)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.06წ. განჩინება.
დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა და მამკვიდრებელთა თანაბარი წილის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
12.09.05წ. თ. ჩ-ემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის და ნოტარიუს ი. დ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მესამე პირად ნ. დ-ე დაასახელა. მოსარჩელის განმარტებით, 05.08.05წ. საჩხერის რაიონის სანოტარო კანტორაში ნოტარიუს ი. დ-ის მიერ გახსნილი იქნა მ. დ-ის ბოლოს შედგენილი ანდერძი და შედგა შესაბამისი ოქმი. 22.08.03წ. ანდერძის თანახმად, ანდერძი ორ ეგზემპლარად იყო შედგენილი, ერთი გადაცემული ჰქონდა მოანდერძეს, ხოლო მეორე ნოტარიუსთან ინახებოდა. მოსარჩელის განცხადებით, ანდერძის გახსნისას აღმოჩნდა, რომ მოანდერძის კუთვნილი ერთი ეგზემპლარი მამკვიდრებლის მიერ ანდერძში დასახელებულ ერთ-ერთ მემკვიდრესთან, ნ. დ-ესთან ინახებოდა. 18.08.05წ. მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროდან კუთვნილი წილის მისაღებად, რაზედაც ნოტარიუსმა განუცხადა უარი იმ მოტივით, რომ თ. ჩ-ვის განკუთვნილი ქონება არ აღმოჩნდა სამკვიდროში. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურიდან გამოითხოვა საჩხერეში .... ქ. ¹90-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია. მოსარჩელის განმარტებით, მოპოვებული ინფორმაციის დიდი ნაწილი ადასტურებდა, რომ სადავო სახლის პირველი სართული ეკუთვნოდა მ. დ-ეს, ხოლო მე-2 სართული – ც. ანუ ე. დ-ეს. საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს 1990 წლის ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ჩანაწერით ე. (ც.) დ-ეს საკუთრებაში განსაზღვრული ჰქონდა სახლის 5/6, მ. დ-ეს - 1/6. აღნიშნული წილობრივი მონაცემები საჯარო რეესტრში დაფიქსირებული იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მ. დ-ისათვის არ იყო ცნობილი მისი დის სასარგებლოდ წილის 5/6-მდე გაზრდის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის დაკისრება და სადავო სახლზე დების თანაბარი წილის აღდგენა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე ნოტარიუსისათვის მის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება.
მესამე პირმა ნ. დურმიშიძემ წარმოადგინა შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მ. დ-ის კუთვნილი წილი იყო სადავო სახლის 1/6, რაც საერთო 98.4მ2 ფართიდან 16.4მ2 შეადგენდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. დ-ის განცხადებით, დავის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, თანახმა იყო გადაეცა ნ. ჩ-ისათვის პირველ სართულზე მდებარე 1 საცხოვრებელი ოთახი (ს.ფ. 60).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 14.11.05წ. განჩინებით საქმე აცილებული იქნა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ და იმის გამო, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოში არ იყო სხვა მოსამართლე, საქმე გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმე განსახილველად გადასცა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.
15.03.06წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურისათვის სადავო სახლის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის დავალდებულება მოითხოვა(ს.ფ. 124, მე-2 გვ).
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 15.03.06წ. გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.06წ. განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 16.03.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. (ც.) დ-ე და მ. დ-ე იყვნენ დები, ცხოვრობდნენ და საკუთრების უფლებით ფლობდნენ ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹90-ში მდებარე სახლს და მიწის ნაკვეთს. აღნიშნულ ქონებაზე სხვადასხვა დროს გაცემული იქნა სხვადასხვა წერილობითი მონაცემები, კერძოდ: 13.06.68წ. ტექპასპორტით დების კუთვნილი წილი თითოეულისათვის მათი ქონების 1/2 შეადგენდა, 24.09.74წ. ტექ.პასპორტით ე. (ც.) დ-ე ფლობდა ქონების 5/6-ს, ხოლო მ. დ-ე - 1/6-ს. ე. (ც.) დ-ემ 22.03.91წ. ანდერძით საკუთარი წილი უანდერძა ნ. დ-ეს, რომელმაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 29.09.03წ. თავის სახელზე აღრიცხა სამკვიდრო – ბინის 5/6. მ. დ-ემ 22.08.03წ. ანდერძით ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹90 მდებარე მისი კუთვნილი ქონებიდან საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის 22 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი უანდერძა თ. ჩ-ეს, ხოლო დანარჩენი ქონება – ნ. დ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 29.09.03წ. ჩანაწერი, რომლითაც ..... ქ. ¹90-ში მდებარე ქონების 5/6 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ნ. დ-ის სახელზე, სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია 29.09.03წ. ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე
სააპელაციო პალატა თვლის, რომ თ. ჩ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა სხვა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებითაც. თ. ჩ-ემ 22.08.03წ. მ. დურმიშიძისაგან ანდერძით მიიღო 22 კვ.მ. ფართის 1 ოთახი. აღნიშნული ანდერძი სადავოდ არ გამხდარა, კანონით დადგენილი წესით მოსარჩელეს შეეძლო მიეღო ნაანდერძევი ქონება. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებით ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს 1968წ. ტექ.პასპორტის მონაცემები და რის საფუძველზე უნდა შეტანილიყო ცვლილებები 1974 წლის მონაცემებში. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ მ. დ-ეს თავის სიცოცხლეში სადავო არ გაუხდია 1974წ. ჩანაწერების სიზუსტე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ემ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინების აღწერილობით ნაწილში არ იყო სრულად გადმოცემული სააპელაციო საჩივრის შინაარსი განჩინების სამოტივაციო ნაწილი ეხებოდა მხოლოდ იმის დასაბუთებას, რაც გადმოცემული იყო აღწერილობით ნაწილში. კასატორის აზრით, პალატა თავს არიდებდა მისთვის არასასურველი ფაქტების გარშემო მსჯელობას, რაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას შეუძლებელს ხდიდა. კერძოდ, კასატორის განმარტებით, სასამართლომ თავი აარიდა 24.09.74წ. ტექპასპორტის იმ ჩანაწერის შესახებ მსჯელობას, რომლის თანახმად, ე. (ც.) და მ. დ-ების საკუთრებაში ე. (ც.) დ-ის საკუთრება 5/6-მდე გაიზარდა, ხოლო მ. დ-ისა 1/6-მდე შემცირდა. აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულია საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც დებს იდეალური თანაბარი საკუთრება დაუფიქსირდათ რეალური საკუთრების ფორმით. კერძოდ, ე. (ც.) დ-ის საკუთრებად განისაზღვრა სადავო სახლის მე-2 სართული, შესაბამისი მიწის ნაკვეთი ეზოდან, ხოლო მ. დ-ეს მიეკუთვნა პირველი სართული შესაბამისი მიწის ნაკვეთის მითითებით.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში დაცული მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ სადავო სახლი დებს თანაბარი წილობრივი მონაცემებით ეკუთვნოდათ. კასატორის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რეესტრის ცვლილებები თავის სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია მ. დ-ეს, ადასტურებს, რომ მან არ იცოდა აღნიშნული ცვლილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანდერძით არ განკარგავდა იმ ქონებას, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა.
კასატორმა მიუთითა აგრეთვე, რომ სახლის 1/6 არ შეადგენს 22 კვ.მ., ე. (ც.) დ-ის ანდერძის საფუძველზე ნ. დ-ემ მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის ქონება. ანდერძით განსაზღვრული არ იყო, სადავო სახლის რა ნაწილს მოიცავდა ეს ქონება და დამოკიდებული იყო საჯარო რეესტრის მონაცემებზე, რომელშიც არასწორად იყო დაფიქსირებული დების კუთვნილი წილი სადავო სახლში. ამდენად, კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის უზუსტო მონაცემი აყენებდა თ. ჩ-ის კანონიერ უფლებასა და ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს. კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, მხარეთა დასწრებით მისი განხილვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, ც. და მ. დ-ების საკუთრებად თითოეულის ცალ-ცალკე კვლავ სადავო სახლის 1/2-ის დარეგისტრირება მოითხოვა.
საკასაციო პალატის 22.02.07წ. განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, მხარეებს განესაზღვრათ ვადა საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად. მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.06.07წ. განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. ჩ-ის მოთხოვნას საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა და სადავო ბინაში თანამესაკუთრე მამკვიდრებელთა თანაბარი წილის აღდგენა წარმოადგენდა. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო სამკვიდრო ქონება 2003 წლამდე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ე. (ც.) და მ. დ-ების სახელზე. 2003 წლის 22 აგვისტოდან აღნიშნული სახლის თანამესაკუთრეებად რეგისტრირებულები არიან თ. ჩ-ის მამკვიდრებელი მ. დ-ე და ნ. დ-ე, უკანასკნელის სახელზე ქონება რეგისტრირებული იქნა ანდერძის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის უკანასკნელ ჩანაწერში შესწორების შეტანა შეუძლებელია…მისი წინამორბედი ჩანაწერის უზუსტობის ფაქტის დადგენამდე და მასში შესწორების შეტანის გარეშე. ამასთანავე, 2003 წლამდე არსებულ ჩანაწერში შესწორების შეტანა გამოიწვევს ასევე შესწორების შეტანას საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებში, ვინაიდან ნ. დ-ეს მიღებული აქვს სადავო ქონება ე. (ც.) დ-ისაგან ანდერძით, რომლის თანახმად მოანდერძემ მემკვიდრეს ანდერძით დაუტოვა მთელი თავისი ქონება. ანდერძში არ არის სახელდებით მითითებული, რას მოიცავდა ეს ქონება. ამდენად, თუ სადავო სახლზე არსებულ თავდაპირველ ჩანაწერში განხორციელდება ცვლილება, შესაბამისად შეიცვლება საჯარო რეესტრის 29.09.03წ. ჩანაწერი, ვინაიდან წინა ჩანაწერი ამჟამინდელი ჩანაწერის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის 29.09.03წ. ჩანაწერში ცვლილების შეტანის გარეშე ვერ განხორციელდება მის წინ არსებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა და ჩანაწერის გასწორება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მამკვიდრებელთა შორის წილების გადანაწილება არ იწვევს მოსარჩელისათვის ანდერძით განსაზღვრული სამკვიდროს გაზრდას. ამასთანავე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ …მარგალიტა დურმიშიძის ანდერძით დატოვებული სამკვიდრო - 22 კვ.მ. ფართი, მოსარჩელეს შეეძლო მიეღო კანონით დადგენილი წესით და ამდენად, სადავო ჩანაწერის გაუქმების მიმართ თ. ჩ-ეს კანონიერი ინტერესი არ გააჩნდა. სადავო ჩანაწერის გაუქმებაზე აპელანტის კანონიერი ინტერესის არსებობის დადგენის მიზნით საქმეზე დადგენილი უნდა იქნეს, მოიცავს თუ არა მ. დ-ის სამკვიდრო თ. ჩ-სათვის ანდერძით გადაცემულ ქონებას _ პირველი სართულის 22 კვ.მ. ფართის ერთ ოთახს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით სადავო სახლის 5/6 ნუგზარ დურმიშიძის სახელზე, ხოლო 1/6 მ. დ-ის სახელზეა რეგისტრირებული. სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რომელ ფართს განეკუთვნება ანდერძით თ. ჩ-სათვის დატოვებული ფართი და 1/6 ნაწილი გამოითვალოს ფართის იმ ნაწილიდან (საცხოვრებელი, დამხმარე), რომელსაც განეკუთვნება ანდერძით დატოვებული ფართი. ამასთანავე, საქმეში დაცული სხვადასხვა პერიოდის დოკუმენტაციაში ასახულია სახლის საცხოვრებელი და დამხმარე ნაწილის და შესაბამისად, საერთო ფართის განსხვავებული ოდენობები. ამდენად, დავის მართებული გადაწყვეტის ინტერესი მოითხოვს საცხოვრებელი ფართის საერთო და საცხოვრებელი ფართის ოდენობების ზუსტ დადგენას. აღნიშნულის გარკვევის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სამკვიდრო მასა არ მოიცავს ანდერძით გათვალისწინებულ ქონებას, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის გათვალისწინებით, უნდა იქონიოს მსჯელობა მამკვიდრებელთა, კერძოდ, მ. და ე. (ც.) დ-ებს შორის წილების გადანაწილების მართლზომიერებაზე. ამასთანავე, ასეთ მსჯელობას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მოსაზრებები ანდერძის გაყალბების შესახებ, ვინაიდან საქმის განხილვის მომენტისათვის მამკვიდრებლების ანდერძები ბათილად ცნობილი არ არის, ანდერძის ბათილობის შესახებ სარჩელი 1409-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილი არ ყოფილა, ამასთანავე, ანდერძის ბათილად ცნობა, გვიანდელი ანდერძის ამოქმედება, თავისთავად გამოიწვევდა საჯარო რეესტრში შესაბამისი შესწორების შეტანას. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო მასა მოიცავს ანდერძით გათვალისწინებულ ქონებას, სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სარჩელის დასაშვებობის საკითხზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორი გადაწყვეტა, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. მტკიცებულებათა გამოკვლევის, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება სადავო სამართალურთიერთობის მხარეთა უფლებების ზუსტი განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.