¹ბს-142-133(კ-07) 19 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის …ოზურგეთის ფილიალი (ამჟამად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ პენსიათა შორის სხვაობის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 5 აპრილს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. მ-მ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ერთინ წლის უკანდახევით პენსიის თანხის ანაზღაურება 504 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელემ 2004 წლის 23 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის მიმართ და მოითხოვა ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის ორი მინიმალური ოდენობით (42 ლარი) დანიშვნა. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და ამჟამად სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე 2004 წლის აპრილიდან იღებს პენსიას 129 ლარს. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, ასევე ეკუთვნოდა მოხუცებულობის პენსია ერთი წლის ოდენობით, რაც შეადგენს 504 ლარს (ს.ფ. 2).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის _ 504 ლარის გადახდა (ს.ფ. 19-20).
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 22).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე და 50-ე მუხლები ითვალისწინებდა 12 თვის მიუღებელი პენსიის გაცემას, მაგრამ 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ამოღებულ იქნა 27-58-ე მუხლები. ამდენად, დღეისათვის ხსენებული შეღავათი აღარ არსებობს. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მ. მ-ს სარჩელი აღძრული აქვს 2006 წლის 5 აპრილს (ს.ფ. 32-34).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილება მის მიმართ არ მოქმედებს, ვინაიდან მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება მოიპოვა 2004 წლის 23 აპრილიდან და შესაბამისად, მოიპოვა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის _ 504 ლარის მიღების უფლებაც (ს.ფ. 39-40).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ოზურგეთის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის ორი მინიმალური ოდენობით გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 მარტის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს. ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად, თუ პენსიონერმა მიიღოს პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადაანგარიშებლად მიმართვის დღეს. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებებით, რაც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ზემოაღნიშნული 48-ე და 50-ე მუხლები გაუქმდა. ამდენად, ერთი წლის უკანდახევით პენსიის მიღების უფლების დამდგენი ნორმა მოქმედებდა 2006 წლის 1 იანვრამდე, როდესაც მითითებული 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი ამოქმედდა.
მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ს ორი სახეობის პენსია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაენიშნა 2004 წლის 23 აპრილიდან. აღნიშნული პენსიის დანიშვნასთან ერთად მ. მ-მ, იმავდროულად, მოიპოვა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის 12 თვის სხვაობის მიღების უფლებაც. აღნიშნული წარმოადგენდა უფლებას, პერსპექტივაში (ამ უფლების დამდგენი ნორმის მოქმედების პერიოდში) ერთი წლის უკანდახევით პენსიის მიღებაზე, მოთხოვნის შემთხვევაში. მ. მ-ს აღნიშნული უფლების რეალიზაცია არ მოუთხოვია 2006 წლის 5 აპრილამდე _ მოცემული სარჩელის აღძვრამდე. ამდენად, აღნიშნული უფლება მისი არსებობის მანძილზე (2005 წლის 23 დეკემბრის კანონით განხორციელებულ ცვლილებებამდე) მოსარჩელის მიერ რეალიზებული არ ყოფილა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ძველი კანონის მოქმედების პირობებში მომხდარი და ძველი კანონის მოქმედების პირობებშივე დასრულებული ურთიერთობა.
2005 წლის 23 დეკემბრის კანონით “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებებით კანონის ზემოაღნიშნული 48-ე და 50-ე მუხლები გაუქმდა, შესაბამისად, გაუქმდა 12 თვის უკანდახევით პენსიის მიღების უფლებაც, რაც, იმავდროულად, ნიშნავდა ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის გაუქმებას. ამ კანონის მიღებამდე მ. მ-ს უფლება არ ყოფილა რეალიზებული, ხოლო ახალი კანონის მიღების შემდგომ აღნიშნული უფლების საკითხი უკვე ახალი კანონით წესრიგდება, რომელიც ძალადაკარგული ნორმის მოქმედების გაგრძელების შესახებ სპეციალურ დათქმას არ შეიცავს. ამდენად, დღეისათვის, როდესაც მოსარჩელე ითხოვს უკვე აღარ არსებული უფლების რეალიზებას, აღნიშნულ მოთხოვნას აღარ აქვს სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.