Facebook Twitter
ბს-1428-1003(კ-05) 27 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირი ქ. კ-ე, წარმომადგენელი _ გ. ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირის _ ქ. კ-ის სარჩელზე): 1. ქ. ქუთაისის მერია (ამავდროულად, მოპასუხე შპს “ა-ის” სარჩელზე), წარმომადგენლები _ ე. ნ-ე, ვ. მ-ი; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი _ შ. ბ-ი; 3. ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველო; 4. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამმართველო (ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ მ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (ამავდროულად, მოსარჩელე) _ შპს “ა-ი”, წარმომადგენელი _ მ. დ-ე

მესამე პირები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), წარმომადგენელი _ ქ. ს-ე; 2. ი/მ “დ. კ-ე”; 3. ი/მ “ი. დ-ი”

ა. წ-ის ნდობით აღჭურვილი პირის _ ქ. კ-ის სარჩელის საგანი – მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა

შპს “ა-ის” სარჩელის საგანი – მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2000 წლის 4 ივლისს ა. წ-ის წარმომამადგენელმა ქ. კ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის ¹...... გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გენერალური გეგმისა და ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹9-ში 1959 წლის 15 ოქტომბრის ინვენტარიზაციის შედეგად შეთანხმებული გეგმა-ანაზომით გამოყოფილ ფართზე მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა.
1998 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში მდებარე მის კუთვნილ ობიექტზე _ ყოფილ მუნიციპალურ საწარმო უნივერმაღ “ქ-ზე” დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებად გამოცხადების თაობაზე. იმავე სამმართველოს წარედგინა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობა, 1995 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნიშნული ობიექტი აუქციონის წესით იყო შეძენილი უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ის მიერ, ხოლო იმავე ხელშეკრულების შესაბამისად, მიწის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსარჩელის მითითებით, მის მიერ ასევე გადახდილ იქნა გადასახადი 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მოსარჩელემ ასევე მიმართა განცხადებით მეორე ობიექტის _ ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹2-ში მდებარე ყოფილი მუნიციპალური საწარმო “წ-ის” საკუთრებად გამოცხადების შესახებ და წარუდგინა ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ობიექტი აუქციონის წესით შეძენილი იყო უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ის მიერ, გაცემული იყო 1995 წლის 13 დეკემბრის ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიწით სარგებლობის საკითხი გადაწყდებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გადახდილ იქნა გადასახადი.
მოსარჩელის მტკიცებით, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს მიერ განემარტა, რომ საკუთრების მოწმობის გაცემა ვერ მოხდებოდა, რადგან ორივე ობიექტზე დარღვეული იყო მიწის ნაკვეთის კანონიერი საზღვრები და მიწის ნაკვეთებზე განლაგებული იყო სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ნებართვიანი თუ უნებართვო შენობა-ნაგებობები, რის გამოც საკითხის განხილვა შეჩერდა და იმავე სამმართველოსათვის მიწოდებული ინფორმაციისა და ადგილზე შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ადგილი ჰქონდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მომიჯნავედ არსებულ შენობებში განთავსებული ფიზიკური პირების მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას, რათა მიეთვისებინათ ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე ფართი (ტ. 1, ს.ფ. 2-3).
ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი არ ცნო ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ და შესაგებელში მიუთითა, რომ ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა 1999 წლის 20 ოქტომბერს, რომლითაც მოითხოვა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში არსებული უნივერმაღის შენობაზე დამაგრებული, მის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, იმავე განცხადებას ერთვოდა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი, კერძოდ, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 1999 წლის 15 ოქტომბერს გაცემული გეგმა, რომლის მიხედვით, შენობაზე დამაგრებული მიწის ფართობი შეადგენდა 1828 კვ.მ-ს. მითითებული კანონით მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დაწესებული ერთჯერადი საზღაური შეტანილი იყო სხვაობით და დოკუმენტებს არ ახლდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული 1999 წლის მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნულის შესახებ ეცნობა განმცხადებელს 1999 წლის 25 ოქტომბრის საქმიანი ბარათით. ამასთან, მთავარი რეგისტრატორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოდან გამოთხოვნილ იქნა საარქივო მასალებში არსებული გეგმა-ანაზომები, რომლის მიხედვითაც მოხდა ობიექტის პრივატიზაცია. მიწის ნაკვეთის ფართობი გეგმაზეც ფიქსირდებოდა _ 1828 კვ.მ. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შევსების შემდეგ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება ა. წ-ს უნდა მინიჭებოდა 1828 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და 1999 წლის 13 დეკემბერს წარადგინა საქმიანი ბარათი, რომელსაც თან ერთვოდა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის ¹...... და 1975 წლის 25 ივნისის ¹...... გადაწყვეტილებები და აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ითხოვდა უნივერმაღის აღმოსავლეთით მიმდებარე მიწის ფართობის შეძენას უპირატესი შესყიდვის უფლებით. არსებული წესის საფუძველზე, იმავე წლის 28 დეკემბრის განცხადებით წარმოდგენილ იქნა ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 1999 წლის 2 დეკემბერს გაცემული გეგმა, რომელზეც 1999 წლის 9 ოქტომბერს გაცემული გეგმისაგან განსხვავებით, დაფიქსირებული იყო 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამ სამმართველოს მიწის რეგისტრატურის სამსახურის მიერ საკითხის განხილვა სცილდებოდა მის კომპეტენციას, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს 1999 წლის 17 დეკემბრის ¹902 და 1999 წლის 31 დეკემბრის ¹939 მიმართვებით. 1999 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელის მიერ რეგისტრატურის სამსახურში წარდგენილ იქნა განცხადება ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹7-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის და მიმდებარე ტერიტორიის საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ, რაზეც 1999 წლის 2 ნოემბრის ბარათით ეთქვა უარი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო სხვა პირების კუთვნილი შენობა-ნაგებობები.
შესაგებლის ავტორის განმარტებით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე განლაგებული სხვა პირების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საკითხის გარკვევამდე, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება იყო არამართლზომიერი, რადგან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლებოდა თქმოდა უარი, თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება იყო.
შესაგებლის ავტორის მითითებით, ამ საქმეში თანამოპასუხედ უნდა ჩაბმულიყო ქ. ქუთაისის მერია, რადგან უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ობიექტის პრივატიზაციის დროს არ დაფიქსირებულა მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთში, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის საკითხების განსაზღვრა განეკუთვნებოდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენდა სახელმწიფოს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაგებლის ავტორის მითითებით, მოცემულ საქმეში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირად უნდა ჩაბმულიყვნენ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა საკუთრებაში არსებული შენობებიც განთავსებული იყო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთებზე (ტ. 1, ს.ფ. 51-54).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა (ტ. 1, ს.ფ. 128).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველომ და ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ (ტ. 1, ს.ფ. 133, 134-135).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 22 ივლისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის გამო ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის შესახებ და შპს “ა-ის” დირექტორის სარჩელი ქ. ქუთაისის მერიის მიმართ შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 142).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2002 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა (ტ. 1, ს.ფ. 175).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის გამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ და შპს “ა-ის” სარჩელის გამო შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ საქმის წარმოება შეჩერდა სამოქალაქო საქმის _ ბ. წ-ის სარჩელის გამო ა. წ-ის მიმართ 1998 წლის 9 დეკემბრის და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების, ამ ხელშეკრულებებით გაცემული ქონების უკან დაბრუნებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმის გადაწყვეტამდე (ტ. 1, ს.ფ. 218-219).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 აპრილის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება განახლდა (ტ. 1, ს.ფ. 232).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, 1995 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის ¹612 დადგენილების შესაბამისად, უნგრეთის მოქალაქის _ ბ. წ-ის მინდობილობით თ. ზ-ემ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” შენობა 133978,8 აშშ დოლარად. ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო მიწით სარგებლობის საკითხი გადაეწყვიტა საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹....... მოწმობა. 1995 წლის 13 დეკემბრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹132 ხელშეკრულებით, უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ის მინდობილობით, თ. ზ-ემ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ი” 72081,79 აშშ დოლარად. 1996 წლის 5 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ბ. წ-ის სახელზე გაიცა ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო მიწით სარგებლობის საკითხი გადაეწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 1998 წლის 9 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით, ბ. წ-ის რწმუნებით, გ. მ-ემ ბ. წ-ის კუთვნილი შენობა, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში, აჩუქა ა. წ-ს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით, ბ. წ-ის რწმუნებით, თ. ზ-ემ ა. წ-ს აჩუქა არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹9-ში _ მუნიციპალური საწარმო “წ-ი”. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება 1998 წლის 9 დეკემბრის და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ბ. წ-ის სარჩელს, ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების ნაწილში, ეთქვა უარი. ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს 2000 წლის 10 აპრილის ¹173 და 2000 წლის 16 მაისის ¹154 პასუხებით ა. წ-ს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹9-სა და ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობაში აღრიცხული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის ¹...... გადაწყვეტილებით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს ...... გამზირზე უნივერმაღის მშენებლობისათვის გამოეყო 0,4 ჰა მიწის ფართობი. აღნიშნულის საფუძველზე შექმნილი გენერალური გეგმის მიხედვით, ....... გამზ. ¹50ა-ში მიწის საერთო ფართი განისაზღვრა 4000 კვ.მ-ით, მათ შორის, სკვერების ფართი შეადგენდა 1058 კვ.მ-ს. იგივე მონაცემები იყო დაფიქსირებული საქმეში წარმოდგენილ ქუთაისის მერიის ტერიტორიული აღრიცხვის ტექნიკური სამსახურის მიერ გაცემულ გეგმა-ანაზომებში. აღნიშნულზე დაყრდნობით, საქალაქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ს” დადგენილი წესით სარგებლობაში გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი. ობიექტი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სარგებლობდა იმავე ფართობით, რაც დასტურდებოდა ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ 1990 წელს დამტკიცებული გეგმით. იმ დრომდე ხსენებული აღმასკომის 1968 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში იყო და მასში რაიმე ცვლილება არ შესულა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე ობიექტის სარგებლობაში იყო 3003 კვ.მ მიწის ფართობი. ბ. წ-ის მიერ ობიექტების შეძენისას მიწა მთლიანად იყო სახელმწიფო საკუთრებაში და კერძო სამართლის პირებს მასზე მხოლოდ სარგებლობის უფლება შეიძლებოდა გადასცემოდათ.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საფუძვლიანი იყო. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. წ-ის მიერ გადახდილ იქნა სადავო მიწის ფართობზე მიწის გადასახადი, ხოლო ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ა-ის” სარჩელი ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹48ა-ში მდებარე შენობის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის სამი სიგრძივი მეტრის ფარგლებში სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, იმ მოტივით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა შენობის ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, საქმეში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 7 მაისის ცნობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹48ა-ში სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ი/მ თ. გ-ე (ტ. 1, ს.ფ. 293-299).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ა-ის” დირექტორმა და ქ. ქუთაისის მთავრობამ.
შპს “ა-ის” დირექტორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ა-ის” საკუთრების უფლების ცნობა მიწაზე, რომელზეც განლაგებული იყო შპს “ა-ის” კუთვნილი მაღაზია და შენობამდე მისასვლელი აუცილებელი გზის განსაზღვრა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნა და სავალდებულო მესამე პირად არ მოიწვია შპს “ა-ის” დირექტორი, რადგან მიწა, რომელზეც მის საკუთრებაში არსებული შენობა იყო აგებული, გადავიდა სხვის საკუთრებაში, რაზეც სასამართლომ არ იმსჯელა.
აპელანტის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ შპს “ა-ი” მიიჩნია არაუფლებამოსილ პირად, უნდა დაედგინა უფლებამოსილი პირი, ვის საკუთრებასაც წარმოადგენდა მაღაზია და მოეწვია სავალდებულო მესამე პირად. სასამართლოს წარედგინა ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში მდებარე შენობა წარმოადგენდა შპს “ა-ის” საკუთრებას. აღნიშნული ასევე დასტურდებოდა შპს “ა-ის” წესდებითა და რეგისტრაციის შესახებ დადგენილებით.
აპელანტის მითითებით, საქართველოს მიწის კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ქალაქის მიწაზე არსებულ ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადასვლისას საკუთრებაში გადადიოდა ამავე მიწის ნაკვეთით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლება. შესაბამისად, შენობაზე საკუთრების უფლება მიწის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ წარმოშობდა მიწაზე საკუთრების უფლებასაც.
ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება (ტ. 1, ს.ფ. 305-308).
ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და ა. წ-ის მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად. მითითებული კანონით კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით, მასზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლებოდა თქმოდა უარი, თუ არსებულ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება იყო. ამდენად, რადგან ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე ყოფილი მუნიციპალური საწარმო “ქ-ის” მიმდებარე სადავო მიწის ნაკვეთში _ სკვერში მდებარეობდა შენობა, რომელიც აიგო შესაბამისი პრეფექტურის 1991 წლის 13 ნოემბრის ¹532 განკარგულების საფუძველზე სათანადო პროექტით, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, უგულებელყო და არ გაეთვალისწინებინა ზემოაღნიშნული ფაქტი, ხოლო ...... ქ. ¹9-ში გამოყოფილ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, აპელანტმა მიუთითა, რომ იქ მდებარეობდა წყლის ჯიხური, რომლის კანონიერებასაც ადასტურებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და დ. კ-ეს შორის დადებული 1999 წლის 21 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო ფართზე იდგა ფეხსაცმელების ¹..... ჯიხური, რომელიც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით ეკუთვნოდა ი. დ-ს. ამასთან, ამ ჯიხურის პრივატიზაცია მოხდა ორი წლით ადრე, ვიდრე ბ. წ-ი გახდებოდა ...... ქ. ¹9-ში მდებარე აბანოს მესაკუთრე. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული იყო სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა საკუთრებაში მყოფი ობიექტები, სასამართლოს მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენება იყო უსაფუძვლო.
აპელანტის მითითებით, 1995 წლის 13 დეკემბრის ¹...... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით, ნასყიდობის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ს საკუთრების უფლება წარმოეშვა ....... ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო “წ-ზე”, აბანო ¹.... , 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა ყოფილ მეუღლეს _ ა. წ-ს. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა გამოყოფილი 3003 კვ.მ მიწის ფართობის საკუთრებასთან დაკავშირებით, არამართლზომიერი და დაუსაბუთებელი იყო.
აპელანტმა ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით, რადგან სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით და მიღება-ჩაბარების აქტით უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ს საკუთრებაში გადაეცა უნივერმაღი “ქ-ი” 1752 კვ.მ მიწის ფართობთან ერთად, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით 1998 წლის 9 დეკემბერს გადაეცა მის ყოფილ მეუღლეს _ ა. წ-ს _ მიწის ფართობის ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც მოქალაქე ბ. წ-ს იმ დროისათვის შეიძინა და მასზე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და არა 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რატომღაც სასამართლომ ა. წ-ის საკუთრებად გამოაცხადა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთები, რომლებზეც საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვდა ა. წ-ი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე იყო და წარმოადგენდა სკვერს. 1995 წელს, როდესაც მოხდა სადავო ობიექტების პრივატიზაცია ბ. წ-ის მიერ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას, რადგან მიწები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. 1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, მხოლოდ მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი მიწის იმ ნაკვეთის განკარგვა, რომელიც წარმოადგენდა სკვერს (ტ. 1, ს.ფ. 309-311).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად _ ი/მ “დ. კ-ე” და ი/მ “ი. დ-ი” (ტ. 2, ს.ფ. 44-46).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს “ა-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ....... ქ. ¹9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის აკაკი წერეთლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტ. 2, ს.ფ. 167-176).
სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ და შპს “ა-ის” დირექტორმა თ. გ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. წ-ისა და შპს “ა-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორი ა. წ-ი სასამართლოში აღძრული სარჩელით ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვდა მის მიერ პრივატიზებულ ობიექტებზე (უნივერმაღი და აბანო) რიცხული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაციას, რაც არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორ აკაკი წერეთლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო წინააღმდეგობრივი, გამოტანილი ზემოაღნიშნული კანონის არასწორი განმარტებისა და მტკიცებულებების სათანადო შესწავლა-გამოკვლევის გარეშე. ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდებოდა მიწის იმ ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით იყო დამაგრებული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი იყო, რომ ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1968 წლის 17 აპრილის ¹..... გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს უნივერმაღის მშენებლობისათვის გამოეყო 0,4 ჰა ტერიტორია ........ ქუჩაზე (ტ. 1, ს.ფ. 32). საქმეში წარმოდგენილი იყო სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ. წ-ს შორის 1995 წლის 12 ოქტომბერს დადებული ¹..... ხელშეკრულება, რომლითაც ბ. წ-მა 133978,80 აშშ დოლარად აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ ,,ქ-ის” ქონება, მათ შორის, 1752,90 კვ.მ ფართის შენობა, რაზეც 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობა. ამ მოწმობაში მიწის ფართი მითითებული იყო 1752,90 კვ.მ ოდენობით. 1998 წლის 9 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ბ. წ-მა პრივატიზებული ქონება _ უნივერმაღი ,,ქ-ი" აჩუქა კასატორ ა. წ-ს. ამდენად, ...... ქ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ ,,ქ-ის" შენობა იმჟამად წარმოადგენდა კასატორ ა. წ-ის საკუთრებას და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აკაკი წერეთლის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქვეშ მდებარე 1752,90 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, იყო კანონიერი.
რაც შეეხებოდა კასატორის მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი მთლიანი 0,4 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჭირო იყო მტკიცებულებების დამატებითი გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რადგან საქმეში არსებული უნივერმაღ ,,ქ-ის" გეგმის მიხედვით, ....... გამზირის ¹50ა-ში მდებარე 4000 ჰა ნაკვეთზე, გარდა 1752,90 კვ.მ ფართობის უნივერმაღის შენობისა, განთავსებული იყო ოთხი სკვერი, სულ 1058 კვ.მ ფართობით. ქ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის შესაბამისი ცნობის მიხედვით, ....... გამზ. ¹50ა-ში არსებული გაზონები აყვანილი იყო ქ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე. მოსარჩელის მითითებით, უნივერმაღის შენობის პრივატიზების შემდეგ, რადგან მიწის საკითხი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, მიწის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, გადაახდევინეს ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე მთლიანი 4000 კვ.მ ფართობის ღირებულება _ 1400 ლარი, რის საფუძველზეც იგი ითხოვდა 4000 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით იყო შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, საწარმოები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები). ამდენად, პარკები და სკვერები წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა კერძო საკუთრებაში გადაცემა, გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვები იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამ თვალსაზრისით, სასამართლოს არ უმსჯელია. ამიტომ პრივატიზებული უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის ნაწილშიც საქმე გამოსაკვლევი იყო და არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორი სასამართლოში აღძრული სარჩელით ასევე ითხოვდა ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე 3003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, რაც არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ. წ-ს შორის 1995 წლის 13 დეკემბერს დადებული პრივატიზების შესახებ ¹...... ხელშეკრულებით ბ. წ-მა 72081,79 აშშ დოლარად შეიძინა ....... ქუჩაზე მდებარე მუნიციპალური საწარმო ,,წ-ი" (აბანო ¹..... ), რაზეც 1996 წლის 5 იანვარს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობა, სადაც მითითებული იყო, რომ 1146,10 კვ.მ მიწის ფართობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ბ. წ-ამ 1996 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით მუნიციპალური საწარმო ,,წ-ი" აჩუქა ა. წ-ს და ამდენად, კასატორი ა. წ-ი საწარმო ,,წ-ის" მესაკუთრე იყო. საკასაციო სასამართლომ უნივერმაღ ,,ქ-ის" ანალოგიურად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, უნდა გადაეწყვიტა ა. წ-ის საკუთრებაში არსებული საწარმო ,,წ-ის" მიერ დაკავებული 1146,10 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის კასატორის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი, ხოლო, რაც შეეხებოდა დანარჩენი მიწის ნაკვეთის, სულ 3003 კვ.მ, საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჭირო იყო მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რადგან უნივერმაღისაგან განსხვავებით, საქმეში არც საწარმო ,,წ-ის" გეგმა იყო წარმოდგენილი და გაურკვეველი იყო, რომელ 3003 კვ.მ-ს ითხოვდა კასატორი და რის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო ასევე შპს ,,ა-ის" საკასაციო საჩივარი, რომელიც განთავსებული იყო ...... გამზირის ¹48-ში და რომელიც სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვდა მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვას, რადგან ერთადერთი მისასვლელი გზა ჰქონდა უნივერმაღის მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არც შპს ,,ა-ის" სარჩელი დაკმაყოფილდა მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, რაც უნდა გაუქმებულიყო და ხელახლა უნდა განეხილა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, რადგან შპს ,.ა-ი" ითხოვდა სერვიტუტით იმ მიწის ნაკვეთის დატვირთვას, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციასაც ითხოვდა ა. წ-ი, სერვიტუტის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ა. წ-ის სარჩელის გადაწყვეტასთან ერთად და იმ ეტაპზე შპს “ა-ის” სარჩელის ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივად შეუძლებელი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აკაკი წერეთლისა და შპს ,,ა-ის" საკასაციო საჩივრები საფუძვლიანი იყო. შესაბამისად, საჭირო იყო საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს “ა-ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. წ-ის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო “წ-ზე” დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი _ 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; შპს “ა-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹48ა-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს “ა-ს” უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1968 წლის 17 აპრილის ¹...... გადაწყვეტილებით ვაჭრობის სამმართველოს უნივერმაღის მშენებლობისათვის ....... ქუჩაზე გამოეყო 0,4 ჰა ფართობი. 1995 წლის 12 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, აუქციონის წესით, ბ. წ-მა 133978,8 აშშ დოლარად შეიძინა ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” ქონება, მათ შორის, 1752,9 კვ.მ ფართის შენობა, რაზეც 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობა. ამ მოწმობაში მიწის ფართი მიეთითა _ 1752,9 კვ.მ. 1998 წლის ჩუქების ხელშეკრულებით ბ. წ-მა პრივატიზებული ქონება _ უნივერმაღი “ქ-ი” აჩუქა ა. წ-ს. ამდენად, ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” შენობა იმჟამად წარმოადგენდა ა. წ-ის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწათსარგელობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. მიწათსარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს ა. წ-თვის მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა უნივერმაღ “ქ-ის” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც მიწის ფართი მითითებული იყო _ 1752,9 კვ.მ. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხდებოდა მიწის იმ ნაკვეთთან ერთად, რომელზეც ის არსებული წესით იყო დამაგრებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. წ-ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქვეშ მდებარე 1752,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ, იყო კანონიერი, ხოლო დანარჩენი 2247,1 ჰა მიწის დაკანონების მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან უნივერმაღ “ქ-ის” გეგმის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, გარდა 1752,9 კვ.მ ფართის უნივერმაღის შენობისა, განთავსებული იყო ოთხი სკვერი 1058 კვ.მ-ზე. ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში არსებული გაზონი აყვანილი იყო ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე. იმავე 4000 კვ.მ ფართში შედიოდა შპს “ა-ის” კუთვნილი შენობის მიერ დაკავებული მიწის ფართი, რომლის საკუთრების უფლებით რეგისტრაციასაც ითხოვდა შპს “ა-ი”.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთისა და დასასვენებელი ადგილების განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. ვინაიდან ა. წ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” ირგვლივ არსებული სკვერი წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა დასაშვები იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. კანონის აღნიშნულ მოთხოვნას ვერ შეცვლიდა ის გარემოება, რომ ა. წ-ს უნივერმაღის შენობის პრივატიზაციის დროს, მიწის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, გადაახდევინეს ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის მთლიანი ღირებულება _ 1400 ლარი. აღნიშნული საფუძვლით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო, მით უმეტეს, რომ უნივერმაღ “ქ-ის” პრივატიზაცია განხორციელდა 1995 წელს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვასთან დაკავშირებით შესაბამისი ნორმატიული აქტები კი ძალაში იყო 1998 წლის 28 ოქტომბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ ა. წ-ის მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ს შორის 1995 წლის 13 დეკემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ბ. წ-მა შეიძინა ...... ქუჩაზე მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ი”, რაზეც 1996 წლის 5 იანვარს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹...... მოწმობა, სადაც მითითებული იყო, რომ 1146,1 კვ.მ მიწის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ბ. წ-მა 1996 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით მუნიციპალური საწარმო “წ-ი” აჩუქა ა. წ-ს და ეს უკანასკნელი გახდა საწარმო “წ-ის” მესაკუთრე. საწარმო “წ-ზე” დამაგრებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1146,1 კვ.მ-ს, რაც მითითებული იყო ობიექტის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში და რაც წარმოადგენდა აღნიშნული ფართის მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე რეგისტრაციის საფუძველს. 3003 კვ.მ-ის ოდენობით მიწის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ა. წ-ს არ გააჩნდა, რის გამოც მისი მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში იყო უსაფუძვლო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს “ა-ის” მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული შენობის ქვეშ მდებარე 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ საფუძვლიანი იყო, რადგან ....... ქ. ¹48-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” გვერდით, ქუთაისის პრეფექტის 1991 წლის 13 ნოემბრის ¹532 განკარგულების საფუძველზე, სათანადო პროექტით აშენდა შენობა, რომელიც 1997 წლის 1 აპრილიდან შპს “ა-ის” საკუთრება იყო და იგი განთავსებული იყო 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 2000 წელს მოხდა ამ შენობის გადაპროექტება და მისასვლელი გზა მოეწყო ........ გამზირის მხრიდან არსებული სკვერის გავლით. ეს შენობა მიღებული იყო ექსპლუატაციაში 1995 წლის 25 იანვარს და მისი საერთო ფართი შეადგენდა 104,92 კვ.მ-ს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს “ა-ის” სახელზე რეგისტრაციის საფუძველი, რადგან 1998 წლის 28 ოქტომბრამდე, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, მას მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდა გამოყოფილი აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ა-ის” მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ და მიუთითა, რომ შპს “ა-ს” არ წარმოუდგენია მტკიცებულება სერვიტუტის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შესახებ, ამასთან, არ მიუთითებია საზღაურის ოდენობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტული პირობების შეთავაზების შემთხვევაში, ქ. ქუთაისის მთავრობა შესაძლოა დათანხმებულიყო სერვიტუტზე, რადგან ქ. ქუთაისის მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, შპს “ა-ს” სერვიტუტზე შეთანხმების მოთხოვნით არ მიუმართავს მათთვის. უდავო იყო, რომ შპს “ა-ი” შეუზღუდავად სარგებლობდა შენობასთან მისასვლელი გზით, რასაც ადასტურებდა თვით შპს “ა-ის” წარმომადგენელი, მაგრამ მისასვლელს არ გააჩნდა გზის გარეგნული იერსახე, რის გამოც იგი ითხოვდა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვას, რათა კეთილმოეწყო იგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ეტაპზე მოთხოვნის უარყოფა არ ართმევდა შპს “ა-ს” გზით სარგებლობის უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-ის წარმომადგენელმა ქ. კ-ემ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹9-ში მდებარე ყოფილ მუნიციპალურ საწარმო “წ-ზე” 3003 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ...... გამზ. .¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ზე” 4000 კვ.მ მიწის ფართის დამაგრების ფაქტის დადასტურებულად ცნობა ობიექტთა პრივატიზაციის მომენტისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ზე” დამაგრებული 4000 კვ.მ და ....... ქ. ¹9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო “წ-ზე” დამაგრებული 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ა. წ-ის კუთვნილ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე, რაც მას სადავოდ არ გაუხდია. ასევე უდავო იყო, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ა. წ-ს საკუთრების უფლება მიენიჭებოდა იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიწათსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ექნებოდა გამოყოფილი. არ არის სადავო, რომ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში დაფიქსირებულია ნაკლები ოდენობის მიწის ფართი, ვიდრე იგი ითხოვს. სადავოა ის გარემოება, რომ უნდა გაცემულიყო და არ გაიცა დოკუმენტი იმ ოდენობის მიწის ფართით სარგებლობაზე და მის ფლობაზე, რასაც კასატორი ითხოვს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1968 წლის 17 აპრილის ¹...... გადაწყვეტილებით ვაჭრობის სამმართველოს უნივერმაღის მშენებლობისათვის ...... ქუჩაზე გამოეყო 0,4 ჰა ფართობი. ამდენად, დადასტურებულია, რომ უნივერმაღ “ქ-ზე” პრივატიზაციამდე დამაგრებული იყო 0,4 ჰა მიწა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად, რომ სადავო 4000 კვ.მ მიწაზე, გარდა უნივერმაღის შენობისა, განთავსებული იყო 1058 კვ.მ ფართის ოთხი სკვერი, რომელიც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით აყვანილი იყო ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, ქ. ქუთაისის მთავრობის მოსაზრებით, ობიექტის საპრივატიზებოდ გატანისას მას ჩამოსცილდა დამაგრებული მიწის ნაკვეთის სკვერების ნაწილი და საპრივატიზებოდ გატანილ იქნა შენობა 1752 კვ.მ მიწით. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც არ შესრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებაში ასახული მითითებები. კასატორის მითითებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთზე პარკის არსებობას.
კასატორის განმარტებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადავო მიწის დაყოფა, რადგან სახანძრო დანიშნულების მიწისქვეშა ავზი მდებარეობს სწორედ სადავო მიწის ნაწილზე. ამგვარი სტრატეგიული დანიშნულების ქონება არ შეიძლება სხვა მესაკუთრის ტერიტორიაზე იყოს განთავსებული. აღნიშნული ავზის ღირებულება გადახდილ იქნა ქონების პრივატიზაციისას და შევიდა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო ტერიტორიაზე განთავსებულია საქალაქო მნიშვნელობის სკვერი. ხსენებული ტერიტორია საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ გამოყოფილ იქნა არა ქალაქის და ზოგადად მოსახლეობის, არამედ უნივერმაღ “ქ-ის” მშენებლობისათვის და იგი მთლიანად ეკუთვნოდა ამ ობიექტს და არა ქალაქს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მიწის ნაკვეთზე სკვერი არ არის, საქმეში წარმოდგენილია უნივერმაღ “ქ-ის” ხარჯთაღრიცხვის მასალები, სადაც მითითებულია არა სკვერი, არამედ _ გამწვანება. ამდენად, კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის არსებობის შესახებ და მოქმედი კანონმდებლობით, მისი გასხვისებისათვის მთავრობის სპეციალური ნებართვაა საჭირო.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენელ ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენელ ქ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა 1995 წლის 13 დეკემბრისა და 13 ოქტომბრის ¹...... და ¹....... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა. წ-ის წარმომადგენელ ქ. კ-ის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 თებერვლის განჩინებით ა. წ-ის წარმომადგენელ ქ. კ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა და საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 18 მარტს, 12.00 საათზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ქ. ქუთაისის მერიის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო, რადგან შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე (ა. წ-ის სარჩელის გამო ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, ¹....... და ¹....... საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში ცვლილებების შეტანის შესახებ) სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის _ გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისის მთავრობისა და ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 2864 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის ფლობის დადასტურების ნაწილში; ა. წ-ის წარმომადგენლების სარჩელი ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹9/7-ში მდებარე საწარმო “წ-ის” (აბანო ......) 2864 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის მიერ მფლობელობის დადასტურებისა და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის მიერ მფლობელობის დადასტურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1995 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹...... ხელშეკრულებით (ტ. 1, ს.ფ. 17-18), “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისის ¹...... დადგენილების შესაბამისად, უნგრეთის მოქალაქის _ ბ. წ-ის მინდობილობით თ. ზ-ემ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ “ქ-ის” შენობა 133978,8 აშშ დოლარად. ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო მიწით სარგებლობის საკითხი გადაეწყვიტა საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹....... მოწმობა (ტ. 1, ს.ფ. 16). 1995 წლის 13 დეკემბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹...... ხელშეკრულებით (ტ. 1, ს.ფ. 12-13), უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ის მინდობილობით თ. ზ-ემ აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ...... ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ი” (აბანო ¹......) 72081,99 აშშ დოლარად. 1996 წლის 5 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ ბ. წ-ის სახელზე გაიცა ¹....... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტ. 1, ს.ფ. 11). 1995 წლის 13 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, მიწით სარგებლობის საკითხი გადაწყვიტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 1998 წლის 9 დეკემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით, ბ. წ-ის რწმუნებით, გ. მ-ემ ბ. წ-ის კუთვნილი შენობა, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... გამზ. ¹50ა-ში, აჩუქა ა. წ-ს (ტ. 1, ს.ფ. 15). 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით (ტ. 1, ს.ფ. 10), ბ. წ-ის რწმუნებით, თ. ზ-ემ ა. წ-ს აჩუქა არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹9-ში _ მუნიციპალური საწარმო “წ-ი” (აბანო ¹......). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება 1998 წლის 9 დეკემბრის და 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ბ. წ-ის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 227-230).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ კასატორი ა. წ-ი სასამართლოში აღძრული სარჩელით ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მოითხოვს სადავო 4000 კვ.მ და 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთების მის საკუთრებად რეგისტრაციას და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ ბ. წ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-სა და ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე ობიექტების შეძენისას 4000 კვ.მ და 3003 კვ.მ მიწის ფართობები მთლიანად იყო სახელმწიფო საკუთრებაში და კერძო სამართლის პირებს მასზე მხოლოდ სარგებლობის უფლება შეიძლებოდა გადასცემოდათ. ასევე უდავოა, რომ ა. წ-თვის დასახელებული ობიექტების ჩუქების ხელშეკრულებები კანონიერია და მათი ძალაში ყოფნა დადასტურებულია საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მთავარია იმის გარკვევა, გაჰყვა თუ არა ზემოთ მითითებულ პრივატიზებულ მუნიციპალურ საწარმოებს მათი პრივატიზებისას სადავო 4000 კვ.მ და 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთები სარგებლობაში, რაც ექვემდებარება შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებას. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ დასახელებული ობიექტების 1995 წელს განხორციელებული პრივატიზებისას მოხდა 1752 კვ.მ და 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემაც, რადგან აღნიშნულს არ ითვალისწინებდა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა და საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ არ იყო მიღებული საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსიც.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღ “ქ-ის” პრივატიზაცია განხორციელდა 1995 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......) პრივატიზაცია _ 1995 წლის 13 დეკემბერს. ხსენებული ობიექტების პრივატიზებისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემას საერთოდ არ ითვალისწინებდა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მართალია, საპრივატიზებოდ გატანილ იქნა ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღ “ქ-ისა” და ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ის” 1752 კვ.მ და 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთები, მაგრამ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ხსენებული 1752 კვ.მ და 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, იურიდიულად, ვერ მოხდებოდა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკანონმდებლო აქტები კი მიღებულ იქნა მოგვიანებით _ ამ ობიექტების პრივატიზების განხორციელებიდან მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 1998 წლის 28 ოქტომბერს მიღებულ იქნა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ასევე 1998 წლის 28 ოქტომბერს იქნა მიღებული ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ასევე ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო 1997 წლის 26 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან. ამდენად, წინა წლების განმავლობაში პრივატიზებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე პირს საკუთრების უფლების დაკანონება შეეძლო მოეხდინა მხოლოდ აღნიშნული აქტების ამოქმედების შემდგომ, ანუ ფაქტობრივად, 1998 წლიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ კასაციის მიზეზად “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობაზე მითითებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლი შეეხებოდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების წესს, ხოლო მე-4 მუხლი _ მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების მინიჭებასა და მისი რეგისტრაციის წესს. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ კანონის მე-3 მუხლი ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის დადასტურებულ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლებოდა თქმოდა უარი, თუ არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება იყო. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლს, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის (უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში) მიხედვით, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე, ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიწაზე უფლებრივ რეგისტრაციას წარმოადგენდა მიწის რეგისტრაცია შესაბამის საჯარო რეესტრის სამსახურში. 1997 წლის 25 ნოემბრამდე საქართველოში მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის რეგისტრაცია ხდებოდა ცალ-ცალკე, ანუ საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მიწა შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი პირის, ხოლო შენობა, რომელზეც იგი იყო განთავსებული, სხვა პირის საკუთრებაში. 1997 წლის 25 ნოემბრიდან კი, როდესაც ამოქმედდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მიწა და შენობა ერთმანეთისაგან განუყოფელი გახდა, ანუ მითითებული დროიდან მიწისა და მასზე განთავსებული შენობის საკუთრებაში გადაცემა ხდება ერთდროულად.
ზემოაღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღ “ქ-ისა” და ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......) 1995 წელს განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად, ხსენებული მუნიციპალური საწარმოების შენობები სწორედ საკუთრების უფლებით გადაეცა ერთ პირს _ უნგრეთის მოქალაქე ბ. წ-ს, ხოლო ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ დაუმაგრდა 1995 წლის 13 ოქტომბერსა და 1996 წლის 5 იანვარს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი ¹....... და ¹........ მოწმობებით, კერძოდ, 1752 კვ.მ და 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთები, მას გადაეცა სარგებლობის უფლებით და იმავდროულად, დასახელებული მიწის ნაკვეთები დარჩა მეორე პირის _ სახელმწიფოს საკუთრებაში.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში 1995 წელს განხორციელდა მუნიციპალური, ანუ სახაზინო საწარმოების _ ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღ “ქ-ისა” და ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......) პრივატიზაცია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა სახაზინო საწარმოების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ამდენად, ხსენებული კანონი პირდაპირ კრძალავდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახაზინო საწარმოების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სახელმწიფო საკუთრებიდან გამოსვლას და მათზე კერძო საკუთრების უფლების ამა თუ იმ პირისათვის მინიჭებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდებოდა იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით იყო დამაგრებული.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბ. წ-ს შორის 1995 წლის 12 ოქტომბერს დაიდო ¹...... ხელშეკრულება, რომლითაც ბ. წ-მს 133978,80 აშშ დოლარად აუქციონის წესით შეიძინა ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ ,,ქ-ის" ქონება, მათ შორის, 1752,90 კვ.მ ფართის შენობა, რაზეც 1995 წლის 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹....... მოწმობა. ამ მოწმობაში მიწის ფართი მითითებულია 1752,90 კვ.მ ოდენობით. 1998 წლის 9 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ბ. პრივატიზებული ქონება _ უნივერმაღი ,,ქ-ი” აჩუქა კასატორ ა. წ-ს. ამდენად, ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე უნივერმაღ ,,ქ-ის” შენობა ამჟამად წარმოადგენს კასატორ ა. წ-ის საკუთრებას და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ასევე მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ა. წ-ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქვეშ მდებარე 1752,90 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კანონიერია. ასევე კანონიერია ა. წ-ის მოთხოვნა 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹7-ში _ მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......), შესაბამისი 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 1995 წლის 13 ოქტომბერს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹....... მოწმობაში მიწის ფართობი მითითებულია _ 1752,90 კვ.მ, ანუ 1995 წლის 12 ოქტომბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹....... ხელშეკრულებაში აღნიშნულია მხოლოდ ხსენებული ფართობის მიწის ნაკვეთი. ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო უნივერმაღ ,,ქ-ის” ქონების მიღება-ჩაბარების აქტშიც (ტ. 1, ს.ფ. 19-20) მითითებულია შენობა და სხვა ქონება. ქ. ქუთაისში, ....... გამზ. ¹50ა-ში მდებარე შენობის ბ. წ-ის მიერ ა. წ-თვის 1998 წლის 9 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებაშიც მითითებულია, რომ მთლიანი შენობა, არასაცხოვრებელი ფართი განლაგებულია მიწის გამოყოფის საბუთებით 1752,90 კვ.მ-ზე (ტ. 1, ს.ფ. 15). გარდა ამისა, 1996 წლის 5 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ ბ. წ-ის სახელზე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹....... მოწმობაშიც მიწის ფართობად მითითებულია _ 1146,10 კვ.მ (ტ. 1, ს.ფ. 11). ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......) ქონების მიღება-ჩაბარების აქტში (ტ. 1, ს.ფ. 14) მითითებულია მხოლოდ შენობასა და სხვა ქონებაზე. 1999 წლის 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებაში ბ. წ-ის მიერ ა. წ-თვის არასაცხოვრებელი ფართის, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... ქ. ¹7-ში _ მუნიციპალური საწარმო “წ-ის” (აბანო ¹......) გადაცემის თაობაზე, მითითებულია 1146,10 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე (ტ. 1, ს.ფ. 10). ამდენად, ხსენებულ ჩუქების ხელშეკრულებებშიც საერთოდ არ არის და ვერც იქნებოდა მოხსენიებული სადავო 4000 კვ.მ და 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთები, რომელთა საკუთრებაში გადაცემასაც მოითხოვს კასატორი. ამდენად, უდავოა, რომ ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში მდებარე 1752,90 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთები ბ. წ-ს სარგებლობაში გადაეცა, რის შემდეგაც საკუთრებაში დაუმაგრდა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ბ. წ-ს დანარჩენი მიწა სარგებლობის უფლებით ვერ გადაეცემოდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოების დამტკიცებულად მიჩნევას, რომ სადავო 4000 კვ.მ მიწაზე, გარდა უნივერმაღის შენობისა, განთავსებულია 1058 კვ.მ ფართის ოთხი სკვერი, რომელიც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, აყვანილია ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში, ა. წ-ის საკუთრებაში არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე გაზონების შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 99), მაგრამ აღნიშნული არ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ სადავო 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებობს სკვერები. ამასთან დაკავშირებით, კასატორი ამტკიცებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთზე სკვერების არსებობას, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი იხდიდა მიწის გადასახადს სადავო მიწის ნაკვეთებზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც ამ საფუძვლით შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით და იგი ვერ დაედება საფუძვლად ამ მიწის ნაკვეთებზე ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის საფუძველზე ა. წ-თვის საკუთრების უფლების მინიჭებას. საქმეში წარმოდგენილია მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ტ. 1, ს.ფ. 7-9, 97-98, 254, 256), ასევე ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 21 მარტის მიმართვა ა. წ-მი (ტ. 1, ს.ფ. 231) იმის შესახებ, რომ მიწის მართვის სამმართველოს მიერ გადაცემული ინფორმაციით, მას გადასახდელად დაერიცხა 2002 წლის მიწის გადასახადი _ 1385 ლარი, მათ შორის, ქ. ქუთაისში, ........ გამზ. ¹50ა-ში (უნივერმაღი) _ 700 ლარი (4000 კვ.მ) და ....... ქ. ¹9/7-ში (¹..... აბანო _ “წ-ი”) _ 685 ლარი (3003 კვ.მ).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი სარჩელის სამართლებრივი საფუძველია არა ლეგალიზაციის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობა, არამედ _ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონი და მართალია, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახაზინო საწარმოებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია არ დაიშვებოდა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც კონკრეტული ქონების პრივატიზაცია განხორციელდა, მას სარგებლობაში გადაეცა მიწის ნაკვეთების სადავო ფართიც, თუმცა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისას იგი უკვე იყო ფიზიკური პირი და არა სახაზინო საწარმო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. წ-ს არ მოუთხოვია სადავო მიწის ნაკვეთებზე მისი საკუთრების უფლების აღიარება “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული კანონთან მიმართებაში ა. წ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, კრიტიკულად აფასებს ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 28 ნოემბრის ¹1795 ბრძანებით შპს “ი-თვის” პირდაპირი განკარგვის წესით, სადავო საკითხის სასამართლოს მიერ საბოლოოდ გადაწყვეტამდე, თვითმმართველი ერთეულის, ქ. ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების _ ....... გამზირის ¹50-ის დასავლეთით მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას აღნაგობის უფლებით, ამავე მერიასა და შპს “ი-ს” შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ აქტის _ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 28 ნოემბრის ¹1795 ბრძანების კანონიერებაზე, რადგან იგი სარჩელის საგანს არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ხსენებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 53-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 243.2 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. წ-ის წარმომადგენლის _ ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.