ბს-144-135(კ-07) 26 ივნისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ლ. ჭანტურიას მდივნობით
კასატორი (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმომადგენელი _ გელა მალაყმაძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შ. ქ.-ე;
მესამე პირი _ მ. ნ.-ე;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შ. ქ.-მ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-2/.
საქმის გარემოებები:
2004 წლის 16 სექტემბრიდან მოსარჩელე მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 15 მარტის ¹138 განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი განკარგულება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და შ. ქ.-ე აღდგენილ იქნა წინანდელ თანამდებობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელმა გ. შ.-მ დროულად არ შეასრულა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და შ. ქ.-ის სამუშაოზე აღდგენა რეალურად მოხდა 2006 წლის 8 მაისის ¹212 განკარგულებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმავე დღეს იგი ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის ზემოქმედების, კერძოდ, დაჭერის მუქარის შედეგად, იძულებული გახდა დაეწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რის საფუძველზეც 2006 წლის 10 მაისის ¹215 განკარგულებით გათავისუფლებულ იქნა ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელემ განმარტა, რომ, ვინაიდან მას თავისი სურვილით არ დაუწერია განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რასაც დაადასტურებენ მოწმეები, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 10 მაისის ¹215 განკარგულება ექვემდებარება ბათილად ცნობას.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის ¹215 განკარგულება შ. ქ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
შ. ქ.-ე 2004 წლის 16 სექტემბრიდან მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად და ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 15 მარტის ¹138 განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ქ.-ე აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე. ხელვაჩაურის რაიონის გამგებელ გ. შ.-ის 2006 წლის 8 მაისის განკარგულებით შ. ქ.-ე 2006 წლის 8 მაისიდან აღდგენილ იქნა სამუშაოზე.
რაიონული სასამართლო დაეყრდნო მოწმის _ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის ბ. შ.-ის ჩვენებას, რომლის მიხედვით, შ. ქ.-მ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება არა თავისი სურვილით, არამედ მასზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად დაწერა და მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სარჩელში აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულება. ამდენად, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული განკარგულება შ. ქ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა წინანდელ თანამდებობაზე. ამასთან, მოსარჩელეს ასევე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მას უარი ეთქვა /იხ. ს.ფ. 51-52/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 56-58/.
აპელანტის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის გ. შ.-ს მოსარჩელესთან მიმართებაში რაიმე სახის იძულება ან მუქარა არ განუხორციელებია. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულ ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის _ ბ. შ.-ის ახსნა-განმარტებას, კერძოდ, ამ უკანასკნელმა პროცესზე განაცხადა, რომ შ. ქ.-ის თანდასწრებით რაიონის გამგებელთან და სხვა პირებთან იყო მსჯელობა ...-ს თემის საკრებულოში არსებული მატერიალური თუ სხვა სახის დარღვევების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა შ. ქ.-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის პერიოდში. მოწმემ აქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის იძულება არ ყოფილა და, ფაქტობრივად, გამგებელთან მსჯელობა იყო საკრებულოში არსებულ პრობლემებზე.
აპელანტის მოსაზრებით, პირის იძულება ან მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წესით განსახილველი სასამართლო პროცესის განსჯის საფუძველი და, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რამდენადაც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოსარჩელეზე რაიმე სახის იძულების ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2006 წლის 27 აპრილს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შ. ქ.-ე აღდგენილ იქნა ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 8 მაისის ¹212 განკარგულებით შ. ქ.-ე 2006 წლის 8 მაისიდან აღდგენილ იქნა ...-ს თემის საკრებულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე. ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 მაისის ¹215 განკარგულებით შ. ქ.-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმით პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. მოწმის სახით დაკითხული ბ. შ.-ის ჩვენებით, გამგებლის მხრიდან ზეწოლა იყო შ. ქ.-ის მიმართ, რათა მოსარჩელეს დაეწერა განცხადება და წასულიყო დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული ზეწოლა შ. ქ.-ის მიმართ დასტურდება, მით უფრო, რომ მოსარჩელე სამსახურში აღდგენილ იქნა 8 მაისის განკარგულებით, ხოლო 10 მაისის განკარგულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან /იხ. ს.ფ. 87-91/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. /.
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. პირის იძულება ან მასზე მუქარა არ შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული წესით განსახილველი სასამართლო პროცესის განსჯის საფუძველი და შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. პირის იძულება ან მასზე მუქარა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას (დანაშაულს) და მისი არსებობის, დადგენის და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები განხილული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა პირის მიმართ იძულების შესახებ.
კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შ. ქ.-ის მიმართ რაიმე სახის უშუალო იძულება ხორციელდებოდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279. “დ” მუხლის საფუძველზე უნდა შეეჩერებინა აღნიშნული საქმის განხილვა, ვიდრე სისხლის სამართლის წესით არ იქნებოდა დადგენილი მოსარჩელის მიმართ მუქარის ან იძულების ფაქტის არსებობა.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია /იხ.ს.ფ. /.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა მისი დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/
მოწინააღმდეგე მხარემ _ შ. ქ.-მ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა_კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2. და 394 “ეI” მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ პირის მიმართ იძულების ფაქტის არსებობა, არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიმართ იძულება დადგენილი უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენადაც სწორედ მითითებული ნორმატიული აქტი განსაზღვრავს იძულებას, როგორც კანონით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას, დანაშაულის სახეს. ამდენად, პირის მიმართ იძულების ფაქტი უნდა დადგინდეს სისხლის სამართალწარმოების წესით, ხოლო იმ პირობებში, თუ სისხლის სამართლის საქმეზე იძულების ფაქტი იქნა დადგენილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, მას მიენიჭება პრეიუდიციული ძალა სადავო სამართალურთიერთობაში, რამდენადაც, მითითებული ნორმის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ მტკიცებას არ საჭიროებს. ამგვარ ფაქტებს განეკუთვნება ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგის შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტები უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში პრეიუდიციულობის ფარგლები განსხვავებულია, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის პრეიუდიუციული ძალა ამოიწურება ორი ფაქტით: ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი (ზიანის მიყენებას) და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება პირმა, რომლის მოქმედების სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმეს იხილავს სასამართლო (ამ პირის მიერ ზიანის ანაზღაურებას).
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას საქმის ფაქტობრივი გარემოება დადგენილ იქნა არასრულყოფილად, ვინაიდან სასამართლომ მოწმის ჩვენების, მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე მიიჩნია იურიდიული ფაქტი დადგენილად, რომ შ. ქ.-ის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას იძულებას ჰქონდა ადგილი, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოს არ გამოუკვლევია, არ მოუპოვებია ამგვარი დასკვნის მამტკიცებელი გარემოებანი, სრულიად უკრიტიკოდ გაიზიარა მოწმის ჩვენება, თუ სასამართლომ ამგვარი სარწმუნოდ მიიჩნია, იგი ვალდებული იყო მიეთითებინა შესაბამის დამადასტურებელ გარემოებაზე. შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მითითებული ნორმით დადგენილი პირობების დარღვეულად მიჩნევის პროცესუალური საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო იხილავდა რა დავას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არაუფლებამოსილი იყო მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე მიეჩნია დადგენილად შ. ქ.-ის მიმართა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერაზე იძულების ფაქტი, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. ქ.-ის მიმართ იძულების ფაქტი მიიჩნია დადასტურებულად მტკიცებულებით _ მოწმის ჩვენებით, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იძულების ფაქტის არსებობა, გარემოება, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნას, ექვემდებარება დამტკიცებას სისხლის სამართალწარმოების წესით, რა დროსაც, ამგვარის არსებობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მიენიჭება პრეიუდიციული ძალა სადავო სამართალურთიერთობაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება გამგებლის მიერ კანონსაწინააღმდეგო და არაკეთილსინდისიერი ქმედების /გამოხატულს _ განცხადების დაწერის იძულების ფორმით/ გარდა მოწმის ჩვენებისა, აღნიშნული მტკიცებულებით ვერ იქნება მიჩნეული, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შ. ქ.-ის გათავისუფლება მოხდა არა მისივე ინიციატივით, არამედ გამგებლის მიერ იძულების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, შ. ქ.-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, რამდენადაც სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება/ შედგება, როგორც სამართლებრივი, აგრეთვე ფაქტობრივი საფუძვლებისაგან, ამასთან სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.