ბს-144-140(კ-08) 10 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ო-სა და მისი წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 6 ნოემბერს ე. ო-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მესამე პირის – ო. ტ-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002 წლის 15 ივლისის ¹8/1121 ნებართვის ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 თებერვლის განჩინებით ე. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ე. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 თებერვლის განჩინება.
2006 წლის 7 აგვისტოს ე. ო-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის განჩინებით ე. ო-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა; ე. ო-ს უარი ეთქვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ო-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის განჩინება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ე. ო-მა და მისმა წარმომადგენელმა მ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ე. ო-სა და მისი წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით ე. ოგანეზოვისა და მისი წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ე. ო-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2008 წლის 22 თებერვალს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილების დასტურებიდან ირკვევა, რომ ე. ო-ის მეუღლეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 28 თებერვალს (ს.ფ. 105), ხოლო კასატორის წარმომადგენელს მ. გ-ეს - 2008 წლის 29 თებერვალს, მაგრამ ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ე. ო-ს და მის წარმომადგენელს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდათ 2008 წლის 10 მარტის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო მათ მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განჩინების (გადაწყვეტილების) გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების (განჩინების) მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. Uუწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში დაცულია გზავნილი, რომელსაც ხელს აწერს კასატორ ე. ო-ის მეუღლე – ზ. გ-ი, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა 2008 წლის 28 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ო-სა და მისი წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ო-სა და მისი წარმომადგენლის – მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.