Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1444-1402(კ-08) 3 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა კასატორ ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაზე საქმეზე ზ. ბ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინიტროს მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა 2006 წლის 28 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ და მის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობისათვის ჯარიმის სახით 13,425 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ გადახდის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ.-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ.-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით ზ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ.-მა.

საკასაციო სასამართლო ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოების მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის I ნაწილის მოთხონებს. ამ ნორმის შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს – ზ. ბ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა პირადად 2008 წლის 22 სექტემბერს (ს.ფ.38). შესაბამისად, მისთვის აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 23 სექტემბერს და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2008 წლის 23 ოქტომბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე ხუთშაბათი. კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 28 ოქტომბერს (ს.ფ.40), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის გაგრძელება (აღდგენა), ამავე მუხლის თანახმად დაუშვებელია.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ზ. ბ.-მა გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ვადა, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.