Facebook Twitter

¹ბს-145-136(კ-07) 18 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 აგვისტოს კ. ც-ამ, რ. ბ-მა და მ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელე კ. ც-ამ აღნიშნა, რომ 1992 წლის 18 მაისიდან 2001 წლის 16 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატას გააჩნდა სახელფასო დავალიანება _ 744,74 ლარი. მოსარჩელე რ. ბ-მა მიუთითა, რომ 1993 წლის 6 სექტემბრიდან 2003 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატას გააჩნდა სახელფასო დავალიანება _ 1002,50 ლარი. მოსარჩელე მ. ტ-ემ აღნიშნა, რომ 1992 წლის 18 მაისიდან 2004 წლის 25 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მის მიმართ საქართველოს კონტროლის პალატას გააჩნდა სახელფასო დავალიანება _ 656,37 ლარი. მოსარჩელეების განმარტებით, მათი მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას აღნიშნული დავალიანება არ დაუფარავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს კონტროლის პალატისათვის სახელფასო დავალიანების სახით მოსარჩელე კ. ც-ას სასარგებლოდ _ 744,74 ლარის, მოსარჩელე რ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1002,50 ლარის, მოსარჩელე მ. ტ-ის სასარგებლოდ კი _ 656,37 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს. მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ სარჩელს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობდა. მისი განცხადებით, მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა საქართველოს კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრული დაფინანსება, რაც გათვალისწინებული არ იქნა შემდგომში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის 2000-2006 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით. საქართველოს კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია, რის გამოც მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელე კ. ც-ვის _ 744,74 ლარის, მოსარჩელე რ. ბ-ის _ 1002,50 ლარის, მოსარჩელე მ. ტ-ვის კი _ 656,37 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელე კ. ც-ას მიმართ 744,74 ლარის, მოსარჩელე რ. ბ-ის მიმართ 1002,50 ლარისა და მოსარჩელე მ. ტ-ის მიმართ 656,37 ლარის სახელფასო დავალიანება გააჩნდა და საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აენაზღაურებინა მოსარჩელეებისათვის კუთვნილი სახელფასო დავალიანება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს კონტროლის პალატასთან და მათი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობდა საჯარო შრომითი ურთიერთობიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება საქართველოს კონტროლის პალატამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სახელფასო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა. მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანება გამოიწვია 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა საქართველოს კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. კასატორი განმარტავს, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს სოლიდალურ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 21 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 აპრილამდე. 2007 წლის 9 მარტს საქართველოს კონტროლის პალატამ უზენაეს სასამართლოში წარადგინა ახსნა-განმარტება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; 2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.