ბს-146-137(კ-07) 12 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ჯ. ვ-მ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანების არაკანონიერად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე პროკურატურის სისტემაში მუშაობდა 1992 წლიდან. 1994 წლის 20 იანვარს იგი დაინიშნა ... რაიონის პროკურორის თანაშემწედ. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹168-პ ბრძანების საფუძველზე, “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროკურატურის ორგანოების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დროებით დაეკისრა ... რაიონული პროკურორის თანაშემწის მოვალების შესრულება. საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹448 ბრძანებით, “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ბრძანება პროკურატურიდან დათხოვნის შესახებ ჩაბარდა 2005 წლის 24 აგვისტოს. მოსარჩელის მოსაზრებით, სამუშაოდან მისი გათავისუფლებისას დაირღვა “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არსებობდა პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფი პროკურატურის მუშაკისათვის უნდა შეეთავაზებინათ მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაენიშნათ პროკურატურის სისტემაში. მოცემულ შემთხვევაში ... სამხარეო პროკურატურაში კადრები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი გათავისუფლებისას ასევე დარღვეული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ადმინისტრაციამ არ გამოარკვია, გააჩნდა თუ არა მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 53-54).
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 57-59).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ჯ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 78-81).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 85-87).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 125-133).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ჯ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ შტატების შემცირებისას. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკები გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიძლება გადაყვანილ იქნენ კადრების განკარგულებაში ან/და დაეკისროთ დროებითი მოვალეობის შესრულება. პროკურატურის მუშაკის კადრების განკარგულებაში ყოფნისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ არსებობს პროკურატურიდან დათხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კადრების განკარგულებაში მყოფ პროკურატურის მუშაკს უნდა შესთ-ონ მისი კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უნდა დაინიშნოს პროკურატურის სისტემაში. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მუშაკის კვალიფიკაციის შესაფერისი თანამდებობა, პროკურატურას მუშაკის პროკურატურის სისტემაში დანიშვნის ვალდებულება არ ეკისრება.
მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შემდეგ ...ის რაიონულ პროკურატურაში გაერთიანდა სი...ის, დ...ს და ს....ს რაიონული პროკურატურები, რომელთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 16 საშტატო ერთეულით, ხოლო რეორგანიზაციამდე საშტატო რიცხოვნობა შეადგენდა: სი...ის რაიონულ პროკურატურაში _ 7 საშტატო ერთეულს, ს...ს რაიონულ პროკურატურაში _ 8 საშტატო ერთეულს, დ...ს რაიონულ პროკურატურაში _ 6 საშტატო ერთეულს, მთლიანობაში 21 საშტატო ერთეულს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ განხორციელდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი რაიონული პროკურატურების, მათ შორის, საგარეჯოს რაიონული პროკურატურის რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა პროკურატურის მუშაკთა პროკურატურიდან დათხოვნის წინაპირობას, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში აღარ არსებობდა ჯ. ვ-ის კვალიფიკაციის შესაფერისი ვაკანტური თანამდებობა, რადგან საშტატო თანამდებობებზე დაინიშნენ სხვადასხვა პირები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს გენერალური პროკურორი “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილი იყო 2004 წლის 4 ნოემბერს გამოეცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კადრების განკარგულებაში მყოფი პირველი კლასის იურისტი ჯ. ვ-ის პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე (ს.ფ. 187-193).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ვ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹168-პ ბრძანების საფუძველზე, სი...ის, დ...ს და ს...ს რაიონების პროკურატურებში თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს 21 თანამშრომელი. გენერალური პროკურორის 2004 წლის 20 აგვისტოს ¹1 ბრძანების თანახმად, სი...ის რაიონულ პროკურატურაში გაერთიანდა დ...ს, სი...ის და ს...ს რაიონული პროკურატურები. გენერალური პროკურორის 2004 წლის 26 აგვისტოს ¹306 ბრძანების შესაბამისად, რეორგანიზებულ სი...ის რაიონულ პროკურატურაში განისაზღვრა 16 საშტატო ერთეული, კერძოდ: პროკურორის 1 საშტატო ერთეული, პროკურორის მოადგილის 2 საშტატო ერთეული, პროკურორის თანაშემწის 6 საშტატო ერთეული, გამომძიებლის 4 საშტატო ერთეული, კანცელარიის უფროსის 1 საშტატო ერთეული, სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული და მძღოლის 1 საშტატო ერთეული. შტატების შემცირების მოტივით სამივე რაიონის პროკურატურიდან გაათავისუფლეს კანცელარიის გამგეები, ამავე საფუძვლით სამუშაოდან გათავისუფლდა 2 მძღოლი, ე.ი. 21 საშტატო ერთეულიდან შემცირდა 5 და დარჩა 16 საშტატო ერთეული. გარდა ამისა, საპენსიო ასაკის გამო სამუშაოდან გათავისუფლდნენ სი...ის რაიონის პროკურორის მოადგილე და 2 პროკურორის თანაშემწე, ხოლო ს...ს რაიონის გამომძიებელი გადაიყვანეს ქვემო ქართლის პროკურატურაში და ამდენად, 16 საშტატო ერთეული კიდევ შემცირდა 12 საშტატო ერთეულით. ამის შემდეგ რეორგანიზებულ პროკურატურაში დაინიშნა 3 ახალი თანამშრომელი (კანცელარიის გამგე, სპეციალისტი და მძღოლი), რის გამოც დამტკიცდა 15 საშტატო ერთეული, ანუ ერთი საშტატო ერთეული (პროკურორის) დარჩა ვაკანტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში შტატების შემცირება არ მომხდარა, რის გამოც მისი სამუშაოდან დათხოვნა უსაფუძვლო იყო. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული გარემოებები, არ შეაფასა მისი არგუმენტები და არ დაასაბუთა მის მოთხოვნაზე უარის მოტივი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა შესაბამისი სამსახურის შეთანხმების გარეშე, “პროკურატურის შესახებ” კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით (ს.ფ. 198-206).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევის გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ პროკურატურის ორგანოებიდან პროკურატურის მუშაკის გათავისუფლების დამოუკიდებელი საფუძველია შტატების შემცირება, რაც გათვალისწინებულია “პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით. აღნიშნული საფუძველი გამორიცხავს ამავე კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დადგენილია მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზემომითითებული “ვ” ქვეპუნქტის პირობის არსებობა _ შტატების შემცირება. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არარსებობას.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.