Facebook Twitter

ბს-146-142(კ-08) 8 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. მ-მა 2006 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის დავალება, კერძოდ, მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძვლად “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის გათვალისწინებით “ზღვრული ასაკის მიღწევა” მითითება, რაც შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხა 1993 წლის 3 იანვარს, ხოლო 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებით რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 2004 წლის 25 ნოემბრიდან დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. 2004 წლის 24 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1/543 ბრძანებით 2004 წლის 25 ივლისიდან გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამ დროისათვის მას ეკავა ეროვნული გვარდიის ....... სამმართველოს უფროსის თანამდებობა, სამხედრო წოდებით .......-ი. კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროისათვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა 50 წელი. ამასთან, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების IX და XII თავების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ არ მიღებულა ბრძანება სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე, რაც თავის მხრივ შესაძლებლობას აძლევდა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მიეღო პენსია. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის და შტატების შემცირების შედეგად არ მომხდარა ეროვნული გვარდიის ....... სამმართველოს უფროსის შტატის გაუქმება, რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას. კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ზეპირი ფორმით განუმარტეს, რომ სამინისტროში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ მისი გათავისუფლება მოხდებოდა ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლით. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ასევე ზეპირად განუმარტეს, რომ დათხოვილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, თუმცა არ უთქვამთ გათავისუფლების საფუძველი. მან ივარაუდა, რომ განთავისუფლება მოხდა ზღვრული ასაკის გამო, რასაც ადრე დაპირდნენ კიდეც. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ

გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული იყო რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, რის გამოც 2006 წლის 13 ოქტომბერს მიმართა განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ........ დეპარტამენტის უფროსს, შეესწავლათ პირადი საქმე და მინისტრის სახელზე წარედგინათ შუამდგომლობა მისი გათავისუფლების ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოსარჩელის მითითებით, ....... დეპარტამენტის 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹1/2-5658 წერილით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით. მისთვის უცნობია ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხზე ჩაატარა თუ არა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია თუ არა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები. განთავისუფლების ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე ...... დეპარტამენტის უფროსის წეილობითი უარი ადმინისტრაციული წარმოების წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან 2006 წლის 9 ნოემბერს, რაზეც პასუხი არ მიუღია. შემდგომ, 2006 წლის 8 დეკემბერს განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამობილიზაციო შტაბის უფროსს პირად საქმეში არსებული 2004 წლის 24 ივლისის .¹1/5435 და 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებების გაცნობისა და დადგენილი წესით გადმოცემის თაობაზე. ბრძანებათა გაცნობის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 15 მაისის ¹1267 ბრძანებით, თუმცა სრულიად გაუგებარი მიზეზით გათავისუფლების ბრძანების ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია არა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან მხარისათვის აქტის გაცნობის დღე, არამედ 2004 წლის 25 ნოემბერი, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელის მოსაზრებით, თავდაცვის მინისტრს ან უნდა მიეღო ბრძანება სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის გათვალისწინებით უნდა მიეღო ბრძანება ზღვრული ასაკის მიღწევის გამო მისი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებული ჩანაწერი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, კერძოდ, კარგავს კომპენსაციის მიღების უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე თ. მ-ს უარი ეთქვა მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულებაზე გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძვლის შეცვლის მიზნით 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. მ-ი 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და სხვადასხვა დროს ეკავა სხვადასხვა თანამდებობები; კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე მოსარჩელეს ეკავა საქართველოს ეროვნული გვარდიის ....... კადრების სამმართველოს უფროსის თანამდებობა; 2004 წლის 24 ივლისის ¹1/543 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; ამავე ბრძანებით ირკვევა, რომ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა გამოწვეული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის ¹186 ბრძანების საფუძველზე შტატების გაუქმებით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებით 2004 წლის 25 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად; სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 13 ოქტომბერს თ. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაში დათხოვნის საფუძვლის ფორმულირების შეცვლა იმგვარად, რომ მისი გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ყოფილიყო ზღვრული ასაკისათვის მიღწევა და არა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებათა განხორციელება; მოპასუხემ 2006 წლის 25 ოქტომბრის ¹1/2-5658 წერილით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელე არ დაეთანხმა აღნიშნული წერილის შინაარსს და იმავე წლის 9 ნოემბერს განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივრით) მიმართა მოპასუხეს და კვლავ დააყენა გათავისუფლების საფუძვლის შეცვლის მოთხოვნა, მაგრამ მოპასუხეს მითითებული განცხადება არ განუხილავს.

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და ჩათვალა, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის ფაქტობრივი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, რაც იმაში გამოიხატება, რომ სარჩელის მოთხოვნა დაფუძნებულია იმის მტკიცებაზე, რომ მოსარჩელეს, მას შემდეგ, რაც მან მიაღწია ზღვრულ ასაკს, არ გაუგრძელდა სამხედრო სამსახურის ვადა, რის გამოც სამსახურიდან დათხოვნილი უნდა ყოფილიყო ზღვრული ასაკის მიღწევის და არა შტატების შემცირების მოტივით. სასამართლომ ეს ფაქტობრივი გარემოება არ მიიჩნია 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძვლად. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე დაბადებულია 1953 წლის 2 მაისს, ამასთან, შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის მომენტისათვის მას გააჩნდა წოდება “ ........-ი ” “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკი შეადგენდა 50 წელს. მოპასუხეს ზღვრული ასაკის მიღწევისას (2003 წლის 2 მაისს) იგი სამსახურიდან არ დაუთხოვია, თავის მხრივ არც მოსარჩელეს უთხოვია სამსახურიდან დათხოვნა, არამედ მან გააგრძელა დაკავებულ თანამდებობაზე თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება.

სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების XII თავის მე-2 პუნქტზე მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე თ. მ-ის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს არ გამოუცია რაიმე სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის სამხედრო სამსახურის ვადის ხუთ წლამდე გაგრძელების თაობაზე, თუმცა არ გამოცემულა ასევე სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის 2003 წლის 2 მაისის შემდგომ ფაქტობრივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელებით მოსარჩელეს ასევე ფაქტიურად გაუგრძელდა სამხედრო სამსახურის ვადა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს და შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემდა, ხოლო მოსარჩელე იღებდა ამ მოვალეობათა ადექვატურ შრომით ანაზღაურებას; მიუხედავად სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობისა, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეთაგან არცერთს სადავოდ არ გაუხდია თ. მ-ის, როგორც საჯარო მოხელის უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა, რომ სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ყოველთვის დაკავშირებულია საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების განხორციელებასთან, რა დროსაც ივარაუდება, რომ მოსამსახურე რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია კვლავ დაინიშნოს რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ივარაუდებოდა, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თ. მ-ი გახლდათ ზღვრულ ასაკს მიღწეული, იგი კვლავ დანიშნულიყო რაიმე თანამდებობაზე და გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური 55 წლის ასაკამდე. რადგან რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელე არ იქნა დანიშნული თანამდებობაზე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” ბრძანებულების IX თავის მე-6 პუნქტის თანახმად იგი დაექვემდებარა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას სწორედ იმ საფუძვლით, რა მიზეზითაც იგი თავის დროზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან და გადაიყვანეს კადრების განკარგულებაში. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანება გამოცემის საფუძვლებითა და სამართლებრივი შედეგიანობით წარმოადგენს მისი წინსწრები აქტის – 2004 წლის 24 ივლისის ¹1/543 ბრძანების ლოგიკურ შედეგს; 2004 წლის 24 ივლისის ბრძანების არსებობის პირობებში დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგო 2005 წლის 11 მაისის ბრძანების გამოცემის საფუძვლების შეცვლა; კერძოდ, თუკი მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას ექვემდებარებოდა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, მოპასუხეს უნდა გამოეცა ბრძანება არა კადრების განკარგულებაში გადაყვანის, არამედ მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რადგან კადრების განკარგულებაში გადაყვანა სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებანი და ივარაუდება, რომ ოთხი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას თავისი მოხელის დასაქმების შესახებ; არაპრაქტიკულია და არასწორი ასაკის გამო გათავისუფლებას დაქვემდებარებული პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანა, კადრების განკარგულებაში მისი ოთხი თვით დაყოვნება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ობიექტური ფაქტორი _ ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, სამინისტროს სისტემაში განხორციელებული საშტატო-სარეორგანიზაციო ღონისძიებანი, ამ უკანასკნელის მიზეზით მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა და ოთხი თვის შემდეგ კადრების განკარგულებიდან დათხოვნა, აგრეთვე ორი სამართლებრივი აქტი _ 2004 წლის 24 ივლისის ¹1/543 ბრძანება და 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანება, რომლებიც ერთობლიობაში (ობიექტური ფაქტორები და სამართლებრივი აქტები) მიუთითებენ, რომ მოსარჩელის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა მოხდა სწორი სამართლებრივი საფუძვლით (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება); 2005 წლის 11 მაისის ბრძანებაში ცვლილების შეტანა იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიხილოს ამ აქტის გამოცემამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისაგან, ზემოთხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი აქტების ერთობლიობისაგან დამოუკიდებლად, განცალკევებულად, რაც არასწორია. თუკი სარჩელი დაკმაყოფილდება, ყოვლად გაუმართლებელი და სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმეტი და უსაფუძვლო აღმოჩნდება 2004 წლის 24 ივლისის ბრძანება, რადგან თუკი მოსარჩელე თვლის, რომ ზღვრული ასაკის მიწევის შემდეგ იგი დაექვემდებარა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას, მოსარჩელე არ უნდა გადაეყვანათ კადრების განკარგულებაში და იგი პირდაპირ უნდა დაეთხოვათ შეიარაღებული ძალების რიგებიდან; მიუხედავად ასეთი მსჯელობისა, მოსარჩელეს თავის დროზე არ უდავია ამ ბრძანებების კანონიერებაზე, არ მოუთხოვია მათი ბათილად ცნობა. კერძოდ, 2004 წლის 24 ივლისის მდგომარეობით მოსარჩელე ზღვრულ ასაკს _ 50 წელს გადაცილებული იყო ერთი წლითა და ორი თვით. მიუხედავად ამ გარემოებებისა, მოსარჩელეს არ გაუპროტესტებია არც თანამდებობიდან დათხოვნის საფუძვლები და არც კადრების განკარგულებაში გადაყვანა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ არასწორია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანების ძალაში შესვლის თარიღს წარმოადგენს 2004 წლის 25 ნოემბერი. ამ უკანასკნელის მითითებით მოპასუხემ სამართლებრივ წესრიგს დაუქვემდებარა კადრების განკარგულებაში მყოფი მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გარემოება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” IX თავის მე-6 პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. სწორედ 2004 წლის 25 ნოემბერს ამოეწურა მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადა და მოსარჩელის მსჯელობა 2005 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანების ძალაში შესვლის თარიღის გამო გავლენას ვერ მოახდენს დავის გადაწყვეტაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. მ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება დასაბუთებულია, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, იგი შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხა 1993 წლის 3 იანვარს. ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ¹1/543 ბრძანებით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამ დროისათვის მას ეკავა ეროვნული გვარდიის ...... სამმართველოს უფროსის თანამდებობა, სამხედრო წოდებით _ ........-ი. კადრების განკარგულებაში გადაყვანისას მას უკვე შესრულებული ჰქონდა 50 წელი. ამასთან, ზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების IX და XII თავების შესაბამისად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ არ ყოფილა მიღებული ბრძანება სამხედრო სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნას ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე, რაც თავის მხრივ აძლევდა შესაძლებლობას “სამხედრო, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მიეღო პენსია.

კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლებოდა კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ მისი გათავისუფლება ზღვრული ასაკის გამო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სარგებლობდა დისკრეციული უფლებამოსილებით _ რამდენიმე გადაწყვეტილებიდან აერჩია ისეთი ფორმა თანამდებობიდან დათხოვნისა, რომლითაც არ შეილახებოდა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები. ასევე გაუგებარია, თუ რომელი სამართლებრივი ნორმებით ევალება თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი უცილობლად იმ საფუძვლით გაათავისუფლოს, რომლითაც ეს პირი გაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების IX თავით მოწესრიგებულია ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი და პირობები. ამ წესების თანახმად, ოფიცერს, რომელიც შტატების შემცირებასთან დაკავშირებით უნდა გათავისუფლდეს, მიეცემა კუთვნილი შვებულება 45 კალენდარული დღის ოდენობით, ამასთან იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიცემის შემდეგ ამ უკანასკნელს უნდა შესთავაზონ სხვა თანამდებობა სამხედრო წოდებისა და თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნების პირობით, თუ ეს უკანასკნელი სრულად აკმაყოფილებს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დადგენილ კრიტერიუმებს, რასაც კასატორის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ იგი ჩაირიცხა რეზერვში, ისე, რომ არ გარკვეულა მისი ვარგისიანობა და ასაკობრივი ცენზი. მეტიც, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სამხედრო მოსამსახურეთა განთავისუფლების შესაძლებლობას გარკვეული პირობების დადგომის დროს. დადგენილია ამ პირობათა რიგითობაც. კასატორის მოსაზრებით, კანონის ზოგადი პრინციპის მიხედვით, თუ არსებობდა სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების საფუძველი ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით, იგი არ უნდა გათავისუფლდეს ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტით. საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს რაიმე პირობის დადგომას, რის გამოც ხდება სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანა. ამდენად, კასატორის აზრით, სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს მტკიცება იმის შესახებ, რომ სამხედრო მოსამსახურის რეორგანიზაციის საფუძვლით კადრების განკარგულებაში გადაყვანა გამორიცხავს ამავე პირის სხვა საფუძვლით შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესაძლებლობას, მათ შორის _ ზღვრული ასაკის მიღწევის საფუძვლითაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით თ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განესაზღვრა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.