ბს-147-138(კ-07) 1 აგვისტო, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები): თ. კ-ა, ნ. კ-ი, მ. ნ-ე, მ. ღ-ე, ლ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
დავის საგანი: ქმედების განხორციელება, უფლების არსებობის აღიარება
გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.06წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
25.04.06წ. თ. კ-ამ, ნ. კ-მა, მ. ნ-ემ, მ. ღ-ემ და ლ. ა-ემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ......... სასამართლოს მოქმედ მოსამართლისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით თანხის ყოველთვიურად მოპასუხეებისთვის დაკისრება; იმის აღიარება, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას მათ სამისდღემშიო პენსიის მიღების უფლება აქვთ, რაც იცვლება მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად და აღიარება ამისა, რომ მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებს ენიშნებათ პენსია მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით.
მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების საფუძველზე 10 წლიანი უფლებამოსილების ვადით დანიშნულნი იყვნენ ........... სასამართლოს მოსამართლეებად. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში 23.06.05წ. და 25.11.05წ. შეტანილ ცვლილებების თანახმად, 2005 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებული იქნა ........... სასამართლო, თუმცა ფაქტობრივად განხორციელდა სასამართლოს არა ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹....... , ....... , ....... , ....... , ...... ბრძანებულებებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის და 541 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, განთავისუფლდნენ ....... სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. მათი განთავისუფლების დროს ძალაში იყო ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე, რომელიც განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით (სასამართლოს ლიკვიდაციისას) და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებრობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. ოდენობა განსაზღვრული იყო ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ბრძანებულებით, რომლის 1-ლი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, ........ სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 625 ლარით. მოსარჩელეთა განცხადებით, 2005 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიიღეს მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლი თანამდებობრივი სარგო 625 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნულით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაადასტურა ნება, რომ რეზერვში ჩარიცხვის შემდგომაც გადაეხადა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეებისათვის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლი თანამდებობრივი სარგო. 21.12.04წ. მიღებული იქნა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონი, რომელიც 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. კანონის 1-ლი მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, ......... სასამართლოს მოსამართლისათვის თანამდებობრივმა სარგომ 1600 ლარი შეადგინა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ რეზერვში ჩარიცხვის მომენტისათვის მათთვის ცნობილი და კანონით გარანტირებული იყო, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან მიიღებდნენ მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს. იმედოვნებდნენ, რომ რეზერვში ჩარიცხვით მათი მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესდებოდა, რის გამოც არ გაუსაჩივრებიათ (თ. კ-ას გარდა) მათი სამსახურიდან განთავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებები. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ შემდგომ მიღებული იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც შემცირდა ან გაუქმდა მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი გარატიები, ხოლო რეზერვში მყოფი მოსამართლეებისათვის ცალკე განისაზღვრა ,,თანამდებობრივი სარგოს” ოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონით დაუშვებლად იყო მიჩნეული მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი ოდენობის შემცირება, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 23.12.05წ. კანონით 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დადგინდა, რომ მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული მუხლიდან ამოღებული იქნა მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების ან ოდენობის შემცირების აკრძალვა. კანონიდან ამოღებული იქნა აგრეთვე 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსამართლეს ხელფასის სრული ოდენობით სამისდღემშიო პენსია ენიშნებოდა. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის ახალი რედაქციის მიხედვით, მოსამართლეს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება ,,სახელმწიფო კომპენსაციის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მოსარჩელეთა განმარტებით, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" 27.12.05წ. კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლეს მხოლოდ 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება ე.წ. “სახელმწიფო კომპენსაცია", ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ნამრავლს საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. ცვლილებების შეტანამდე არსებული რედაქციის მიხედვით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 82-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს უნდა დანიშვნოდა სამისდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას, რითაც მოსამართლეებს წაერთვათ ადრე მოქმედი კანონით მინიჭებული უფლებები.
მოსარჩელეების აზრით, ადრინდელი რედაქციისაგან განსხვავებით მოსამართლეებისათვის საუარესო ცვლილებები იქნა შეტანილი ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" კანონში. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის ძველი რედაქციის მიხედვით, მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებს ენიშნებოდათ პენსია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, თითოეულს თანაბარი პროპორციით. კანონში 23.12.05წ. შეტანილი ცვლილების შედეგად კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით". მოსარჩელეთა განცხადებით თავის მხრივ ამ უკანასკნელის მე-18 და მე-20 მუხლებით მნიშვნელოვნად იყო შემცირებული მარჩენალის დაკარგვის გამო მოსამართლის ოჯახის წევრებისათვის მისაცემი კომპენსაციის მოცულობა-გარდაცვლილის კომპენსაციის 75% და პირობები _ დადგენილია ნამსახურობის მინიმალური სტაჟი 10 წლის ოდენობით, რაც რეზერვში მყოფი მოსამართლისათვის დადგენილი 500 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 112 ლარს, ხოლო მოქმედი მოსამართლისათვის (1650 ლარის გათვალისწინებით) _ 367 ლარს, ისიც მაშინ, თუ გარდაცვლილი მოსამართლის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი იქნება 10 წელი. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ამავე კანონის მე-16 მუხლის ახალი რედაქციით ასევე შემცირდა მოსამართლის სოციალური გარანტიები, კერძოდ, დადგინდა, რომ მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 15.05.99წ.-დან ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი ქვეპუნქტის ,,მ" და ,,ო" ქვეპუნქტების და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, დაენიშნებოდათ სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 23.12.05წ. საქართველოს კანონით ......... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1650 ლარის ოდენობით, ხოლო ,,ლ" ქვეპუნქტით კანონმდებლობაში პირველად იქნა შეტანილი რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ცნება და იგი 500 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელეთა აზრით, ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მათზე გავრცელება ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებულ საკუთრების უფლებას. მოსარჩელეები თვლიან, რომ მოსამართლის თანამდებობის დაკავებით კანონით გარანტირებული ჰქონდათ 10 წლის განმავლობაში ხელფასის, ხოლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან საპენსიო ასაკის მიღწევისას-სამისდღემშიო პენსიის მიღება ხელფასის სრული ოდენობით. მოსარჩელეების განცხადებით, კანონით დადგენილი ხელფასისა და პენსიის თანხა ქონებრივი სიკეთეა, ხოლო მათი ოდენობის შემცირება _ ქონების ხელყოფა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ” ევროპის კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება დაცულია, რომელიც დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოიცავს ეკონომიკურ სფეროს და მისი მოქმედება ვრცელდება უძრავ და მოძრავ ქონებაზე, მატერიალურ და არამატერიალურ ინტერესებზე, როგორიცაა წილები, პატენტები, სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული შეღავათები, მათ შორის პენსიები და სხვა. მოსარჩელეთა აზრით, 2005 წლის დეკემბერში მიღებული ზემოხსენებული კანონების მათზე გავრცელებით ხდება საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების იგნორირება. ,,მოსამართლეთა სტატუსის შესახებ” ევროპის ქარტია აღიარებს მოსამსახურეთა უფლებას მიიღონ შრომის ანაზღაურება, რომლის ოდენობა უნდა იყოს ფიქსირებული, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ზემოქმედებისაგან, რაც ხელყოფს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. ქარტია ითვალისწინებს, რომ მოსამართლეებს, რომლებმაც მათთვის დაკისრებული სამოსამართლო ფუნქციების განხორციელება დაასრულეს განსაზღვრულ ვადაში და მიაღწიეს კანონით დადგენილ ასაკს, უნდა მიეცეთ პენსია, რომლის ოდენობა ახლოს იქნება ბოლო ხელფასის ოდენობასთან.
მოსარჩელეების განცხადებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში, ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის შესახებ" კანონში შეტანილი ზემოაღნიშნული ცვლილებების ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 23.12.05წ. კანონის და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის ამოქმედებამდე დანიშნული მოსამართლეების მიმართ გავრცელებით აშკარად გაუარესდა მათთვის დადგენილი სოციალური გარანტიები და შეღავათები. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიერ გამოვლენილი ნება _ დაეკავებინათ მოსამართლის თანამდებობა დაკავშირებული იყო სწორედ იმ მაღალ სოციალურ გარანტიებთან, რომლებიც მოსამართლის თანამდებობის, მისი სტატუსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ, ხოლო ახალი კანონის მიღებით ხელისუფლების სხვა შტომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები მოატყუა. მოსარჩელეთა აზრით, კანონით დადგენილი ახალი წესები მათზე არ უნდა გავრცელდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსამართლის უფლებამოსილების მათთვის დაკისრების დღიდან მათსა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნა ის ურთიერთვალდებულებები, რომლებიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 29-ე, 30-ე (მე-4 პუნქტი), 84-87-ე მუხლებში, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის, ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის შესახებ"კანონის იმ ნორმებში, რომლებიც მოქმედებდნენ მათი მოსამართლეებად დანიშვნის დღიდან რეზერვში ჩარიცხვამდე. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მოსამართლეთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიათა ამოქმედება იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებული იყო უფლებამოსილების ვადის გასვლასთან. შესაძლოა მათ მიმართ სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც გავრცელდეს ის კანონები, რომლებიც მიღებულია მოგვიანებით და რომლებიც აუარესებენ მოსამართლეთა მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობას.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" ორგანული კანონის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით არ არის დადგენილი უკუძალის მინიჭება ამ კანონებისათვის. მოსარჩელეთა განცხადებით, სპეციალურ კანონმდებლობაში დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და შრომის კანონთა კოდექსი. შრომის სამართალი სამოქალაქო სამართლის სისტემის ნაწილია, ხოლო სამოქალაქო სამართალი ზოგადი კერძო სამართალია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი, ფუძემდებლური დებულებები, რომლებიც განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში, ვრცელდება კერძო სამართლის სხვა დარგებზეც, კერძოდ, შრომის სამართალზეც. სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლში, ისევე, როგორც ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის პირველ ნაწილში, მითითებულია, რომ კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. ამასთანავე არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ,,ევროპის სოციალური ქარტიის" მე-12 მუხლი ითვალისწინებდა არათუ არსებულის გაუქმებას, არამედ სოციალური უზრუნველყოფის სისტემის თანდათანობით უფრო მაღალ დონეზე აყვანას და ამ სფეროში არსებული ეროვნული კანონმდებლობის თანახმად მიღებული შეღავათების მიცემას, შენარჩუნებას და აღდგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მის დაქვემდებარებაში არსებულ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს არ გააჩნდათ იურიდიული საფუძველი, რომ მიენიჭებინათ კანონისათვის უკუქცევითი ძალა და მათთვის ის თანხა მიეცა, რომელიც ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით იქნა დადგენილი. ამასთანავე, მოსარჩელეები თვლიან, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არც მომავალში არ ექნება სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ გაავრცელოს მათზე კანონები, რომლებიც აუარესებენ მათ მატერიალურ და სოციალურ მდგომარეობას.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.06წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (ს.ფ. 63).
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონით განისაზღვრა რეზერვში მყოფი მოსამართლის ხელფასი. ახალმა კანონმა უნდა დაარეგულიროს მანამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობები, ხოლო კანონმდებელი უფლებამოსილია შეცვალოს სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რასაც არ გამორიცხავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლი. რეზერვში ყოფნა და მოსამართლეთა საპენსიო უზრუნველყოფა არ არის ერთჯერადი აქტი.
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.09.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.06წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.09.06წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
მოსარჩელეები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით 1998-2003წწ დანიშნულნი იყვნენ ....... სასამართლოს მოსამართლეებად 10 წლიანი უფლებამოსილების ვადით. 2005 წლის 1 ნოემბრიდან განხორციელდა ........... სასამართლოს ლიკვიდაცია. თ. კ-ა, ნ. კ-ი, მ. ნ-ე, მ. ღ-ე და ლ. ა-ე საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹..... , ¹..... , ¹..... , ¹..... და ¹...... ბრძანებულებებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტისა და 541-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განთავისუფლდნენ ....... სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებოებიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ 2005 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიიღეს თანამდებობრივი სარგო მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან თითოეული აპელანტის მიერ მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა თვეში 500 ლარი
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსამართლის თანამდებობიდან აპელანტების გათავისუფლებისას ძალაში იყო და ამჟამადაც მოქმედებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და არ ამორიცხულა რეზერვიდან, მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არ შეიცავს მოთხოვნას, რომ რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს იდენტური იყოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 21.12.04წ. საქართველოს კანონი უნდა ამოქმედებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე" საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათთვის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლება უზრუნველყოფილი იყო ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის და ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 21.12.04წ. კანონით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2006 წლის 1 იანვრამდე მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრებოდა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოების დანამატებისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულებით, რომლითაც რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგო ცალკე დადგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის გამო რეზერვში მყოფ მოსამართლეებს თანამდებობრივი სარგო ეძლეოდათ შესაბამისი რანგის მოქმედ მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, რაც ........ , ხოლო 2005 წლის 30 ნოემბრის შემდეგ, ....... სასამართლოს მოსამართლეებისათვის შეადგენდა 625 ლარს. 2006 წლის 1 იანვარს ამოქმედდა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელმაც პირველად განსაზღვრა რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგო, ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული კანონით პირველად მოხდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის საკანონმდებლო რეგულირება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტები 2005 წლის ნოემბერსა და დეკემბერში თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულებით დადგენილი მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, ვინაიდან რეზერვში მყოფი მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო არცერთი სხვა ნორმატიული აქტით არ იყო განსაზღვრული. 2006 წლის 1 იანვრიდან კანონმა ცალკე განსაზღვრა რეზერვში მყოფ მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგო, შესაბამისად, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტის აპელანტებზე გავრცელებით მოხდა არა ამ ნორმისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, არამედ მანამდე დაურეგულირებელი სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რეზერვში მყოფ მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს 500 ლარით განსაზღვრა ეწინააღმდეგება ,,მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" ევროპის ქარტიის 6.1 პუნქტსა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 82.2 მუხლს, რომელთა თანახმად, მოსამართლის შრომის ანაზღაურება უნდა იყოს ფიქსირებული და დაუშვებელია მისი შემცირება სამოსამართლო უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში. სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, ვინაიდან რეზერვში მყოფი მოსამართლე მისი განთავისუფლების დღიდან სახელმწიფოსთან შრომით ურთიერთობაში აღარ იმყოფება, აღნიშნული თანამდებობრივი სარგო სოციალური უზრუნველყოფის ფორმაა და თავისი არსით უახლოვდება პენსიას ან კომპენსაციას. რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურებისაგან განსხვავებულად განსაზღვრა, სააპელაციო პალატის აზრით, არ შეიძლება მოსამართლის შრომის ანაზღაურების შემცირებად ან მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვად ჩაითვალოს. სააპელაციო პალატის განმარტებთ, იგი არ ეწინააღმდეგება აგრეთვე ,,მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" ევროპის ქარტიის 6.2 პუნქტს, რომლის თანახმად, მოსამართლეთა ანაზღაურება შეიძლება განსხვავდებოდეს დაკისრებულ მოვალეობათა ბუნებისა და შესასრულებელი დავალებების მნიშვნელობის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტში 23.12.05წ. ორგანული კანონით შესული ცვლილების, რომლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან სამისდღემშიო პენსიის ნაცვლად მოსამართლეებს ენიშნებათ კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, მათზე გავრცელება აღნიშნული კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭებით განხორციელდება. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტები წარმოადგენდნენ რეზერვში მყოფ მოსამართლეებს, რომელთა უფლებამოსილების ვადა ჯერ არ იყო ამოწურული. არც საპენსიო ასაკს იყვნენ მიღწეულები. აპელანტები მხოლოდ მომავალში შეიძლება გამხდარიყვნენ აღნიშნული ცვლილებისა და შესაბამისად ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედების სუბიექტები.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტში 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით შესული ცვლილების მათზე გავრცელებით მოხდა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით და ,,ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ" ევროპის კონვენციის 1-ლი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შელახვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პენსია წარმოადგენს საკუთრების ობიექტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისადაც საკუთრების ობიექტი შეიძლება იყოს უფლება, მათ შორის პენსიის მიღების უფლება. ამასთანავე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონში ცვლილების შეტანით აპელანტების პენსიის მიღების უფლება არ გაუქმებულა. შეიცვალა პენსიის სახე და ოდენობა. ვინაიდან აპელანტებს პენსიის მიღების უფლება ჯერ არ გააჩნდათ, ამ პენსიის სახისა და ოდენობის შეცვლა ვერ გამოიწვევდა მათი საკუთრების ხელყოფას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე" საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის, კერძოდ, 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის გავრცელებით, ადგილი აქვს კანონისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭებას და მათი საკუთრების უფლების ხელყოფას. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული კანონით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა არცერთი აპელანტის მიმართ წარსულში არ წარმოშობილა და შესაძლოა მხოლოდ მომავალში წარმოიშვას, რის გამოც სააპელაციო პალატის აზრით, სრულიად შეუსაბამოა აპელანტების მხრიდან კანონის უკუმოქმედების ძალასა და საკუთრების უფლების დარღვევაზე მითითება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.06წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. კ-ამ, ნ. კ-მა, მ. ნ-ემ, მ. ღ-ემ, ლ. ა-ემ.
კასატორების აზრით, სინამდვილეს არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის 1-ლი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით განხორციელდა მანამდე დაურეგულირებელი სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება. კასატორები თვლიან, რომ აღნიშნული დასკვნის გაკეთება სააპელაციო სასამართლოს კანონის უკუძალის შესახებ მსჯელობის გამოსარიცხავად დასჭირდა. კასატორების განმარტებით, მათი მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის დროს მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულება, რომელშიც ცალკე დადგენილი არ ყოფილა რეზერვში მყოფი მოსამართლის თანამდებობრივი სარგო 500 ლარის ოდენობით და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულ პირებს სახელმწიფო სრულიად გააზრებულად უხდიდა მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.
კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა იმ საკითზე, რაც მათი დავის საგანს არ შეადგენდა. კერძოდ, გაუქმებული ნორმატიული აქტის, საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულების მათ მიმართ გავრცელების შესაძლებლობაზე.
კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსამართლეთათვის დადგენილი პენსიის სახისა და ოდენობის შეცვლით მათი უფლება არ დარღვეულა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოსამართლედ მათი დანიშვნის დროს მოქმედებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსამართლეს ენიშნება სამისდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. აღნიშნული გახდა მათ მიერ მოსამართლეებად გამწესებაზე სურვილის გამოთქმის ერთ-ერთი საფუძველი. კასატორთა განცხადებით, მოსამართლეებად გამწესებასთან ერთად მოიპოვეს არა ზოგადად პენსიის მიღების, არამედ გარკვეული საქმიანობის განხორციელების შემდეგ დადგენილი პენსიის დანიშვნის უფლება. განსაკუთრებული პენსიის მიღების უფლება, კასატორთა აზრით, მოსამართლის სტატუსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. პენსიის მიღების წესის ან მისი ოდენობის ნებისმიერი სახეცვლილება შემცირების თვალსაზრისით ხელყოფს მათ საკუთრების უფლებას საპენსიო თანხებზე.
კასატორთა განცხადებით, საპროცესო კანონმდებლობით არ არის სავალდებულო, რომ უფლება, რომლის აღიარებასაც ითხოვს მხარე, არსებობდეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, რაც იმის შესაძლებლობასაც იძლევა, რომ აღიარებული იქნეს მომავალში, განსაზღვრული პირობების დადგომისას უფლების წარმოშობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებისათვის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით პენსიის მიღების უფლების აღიარების შესახებ მათი მოთხოვნა საფუძვლიანია.
კასატორთა შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად განსხვავებული სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით. სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან აბსოლუტურად განსხვავებული სამართლებრივი შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში ყოველთვიურად კომპენსაციის სახით იღებდნენ მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს. კასატორების აზრით, ასეთ ვითარებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სსკ-ის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოეტანა ახალი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ამასთანავე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ს 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პირობებს. კასატორების აზრით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განსხვავებულად არის განმარტებული კანონის ნორმები და ისეთ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არ არსებობდა დავა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ამ გარემოებებს მიეცათ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი სამართლებრივი შეფასებები, რაც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად კანონის სათანადო განმარტებას. კასატორებმა მიუთითეს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.02.06წ. გადაწყვეტილება საქმეზე ყოფილი ....... წევრის ა. ხ-ას სარჩელის გამო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის მიმართ).
კასატორებმა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, სააპელაციო პალატის 01.12.06წ. განჩინების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.09.06წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. კ-ას, ნ. კ-ის, მ. ნ-ის, მ. ღ-ის და ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ თ. კ-ა, ნ. კ-ი, მ. ნ-ე, მ. ღ-ე და ლ. ა-ე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით 1998-2003 წლებში დაინიშნენ ....... სასამართლოს მოსამართლეებად ათწლიანი უფლებამოსილების ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 29.11.05წ. ¹...... , ¹..... , ¹..... , ¹..... და ¹...... ბრძანებულებებით, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის და 541 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კასატორები გათავისუფლდნენ ......... სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში (ს.ფ. 10-15). 2005 წლის 1 ნოემბრიდან ............ სასამართლო ლიკვიდირებულად იქნა გამოცხადებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.05.06წ. ¹....... გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. კ-ას, ნ. კ-ის, მ. ნ-ის, მ. ღ-ის, ლ. ა-ის კონსტიტუციური სარჩელი, დადგენილია, რომ ........... სასამართლოს ლიკვიდაცია მოხდა სასამართლოს წყობილების შეცვლის, ლიკვიდაციის და არა რეორგანიზაციის შედეგად. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ, 2005 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, თ. კ-ამ, ნ. კ-მა, მ. ნ-ემ, მ. ღ-ემ და ლ. ა-ემ მიიღეს თანამდებობრივი სარგო მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს _ 625 ლარის ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან თითოეული აპელანტის მიერ მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა თვეში 500 ლარი (ს.ფ. 57-62).
საკასაციო პალატა თვლის, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის 1-ლი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობის კასატორების მიმართ გავრცელება არ წარმოადგენს აღნიშნული ნორმისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭებას. მანამდე მოქმედი ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტი ზოგადად უთითებდა, რომ რეზერვში მყოფი მოსამართლე, მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. ამავე კანონის 85.6 მუხლის მიხედვით ,,მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განისაზღვრებოდა. ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" 03.12.02წ. კანონის 5.2 მუხლის თავდაპირველი რედაქციის თანახმად მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კასატორების თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და რეზერვში ჩარიცხვამდე ხსენებული ნორმის 21.12.04წ. კანონით განსაზღვრული განახლებული რედაქციით დადგინდა, რომ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრებოდა საქართველოს კანონით. ამდენად, კასატორების რეზერვში ჩარიცხვამდე კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები საკანონმდებლო აქტით ანუ კანონით უნდა განსაზღვრულიყო. ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ” 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატისა და სოციალური დაცვის გარანტიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულება განსაზღვრავდა მხოლოდ მოქმედი მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს, მათ შორის ......... სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს (1-ლი პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტი). ბრძანებულება არ ადგენდა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეების თანამდებობრივ სარგოებს. თავის მხრივ რეზერვში მყოფი მოსამართლეები არ განეკუთვნებოდნენ არც .......... და არც ....... სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვს, უკანასკნელი 2005 წლის 1 ნოემბრიდან, ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში 23.06.05წ. და 25.11.05წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ლიკვიდირებულად გამოცხადდა. რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ (29.11.05წ.) კასატორები თანამდებობრივ სარგოს იღებდნენ საქართველოს პრეზიდენტის 15.02.05წ. ¹82 ბრძანებულებით დადგენილი მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, რადგან რეზერვში მყოფი მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო არცერთი სხვა ნორმატიული აქტით არ იყო განსაზღვრული. რეზერვში მყოფი პირებისათვის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოები გაიცემოდა ანალოგიით. ვინაიდან რეზერვში მყოფი პირებისათვის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა თავდაპირველად ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონის 1-ლი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით განისაზღვრა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადგილი არ აქვს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 23.12.05წ. კანონის უკუქცევით ძალას. მართებულია აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემული საქმე არ არის 21.02.06წ. საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი საქმის (¹ბს-856-442(კ-05)) იდენტური, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს არა მანამდე არსებული რეგულირებისაგან განსხვავებულ, არამედ პირველად რეგულირებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 23.12.05წ. კანონის 1-ლი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით პირველად მოხდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება, პირველად განისაზღვრა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. აღნიშნული კანონი შეიცავს რეზერვში მყოფი მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (500ლ) განმსაზღვრელ სპეციალურ ნორმას, ასეთ პირობებში კანონის ანალოგიის გამოყენება, რომელსაც ადრე ჰქონდა ადგილი და რეზერვში ჩარიცხული მოსამართლეებისათვის კანონის 1-ლი მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრული რეზერვში მყოფი მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ნაცვლად ............. სასამართლოს მოქმედი მოსამართლის თანამდებრობრივი სარგოს დანიშვნა მოკლებულია რაიმე საფუძველს. ,,მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" ევროპის ქარტიის თანახმად შრომის ანაზღაურების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან მოსამართლისათვის დაკისრებული მოვალეობების ხასიათისა და მათთვის მინდობილი ფუნქციების მნიშვნელობით (6.2 პ.). ამავე ქარტიის 1.2 პუნქტის თანახმად მოსამართლის სტატუსის ძირითადი პრინციპები გადმოცემული უნდა იქნეს უმაღლესი დონის შიდასახელმწიფოებრივ ნორმებში, რათა მათი მეშვეობით განისაზღვროს ამ სფეროში კანონმდებლობის მთელი შინაარსი. მოქმედ მოსამართლესთან შედარებით რეზერვში მყოფი მოსამართლის განსხვავებული თანამდებობრივი სარგოს დადგენა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების შემცირებას, ვინაიდან რეზერვში მყოფი მოსამართლე არ იმყოფება სახელმწიფოსთან შრომით ურთიერთობაში.
საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის კასატორებისათვის მათი თანამდებობებიდან გათავისუფლებამდე მიღებული ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 21.12.04წ. კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული .......... სასამართლოს მოსამართლის განაკვეთის 1600 ლარის 2006 წლის 1 იანვრიდან სამომავლოდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დანიშვნას, ვინაიდან იგი ძალაში არ შესულა, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით ხსენებული კანონი 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მის ამოქმედებამდე მიღებული იქნა ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე" 23.12.05წ. ¹2483-რს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 21.12.04წ. კანონი, ამასთანავე ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ" 23.12.05წ. მიღებული ¹2486-რს კანონით განისაზღვრა რეზერვში მყოფი მოსამართლეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, ნორმა წყვეტს თავის მოქმედებას მომდევნო ახალი ნორმის მიღების შემდეგ ძველი, გაუქმებული ნორმის ულტრააქტიურობა (ძალადაკარგული ნორმის მოქმედების გაგრძელება) ახალ საკანონმდებლო აქტში სპეციალური დათქმის შემთხვევაშია შესაძლებელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. უფრო მეტიც, ძველი კანონი საერთოდ არ შესულა ძალაში, ამდენად მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კარნონის არც ნამდვილ და არც არანამდვილ უკუქცევით ძალას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო შეუძლებლად თვლის რეზერვში მყოფი მოსამართლეებისათვის ძალაში არშესული 21.12.04წ. კანონის 1-ლი მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის საფუძველზე მომავალში ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 1650 ლარის დანიშვნას. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ყოველთვიურად ....... სასამართლოს მოქმედი მოსამართლისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მოპასუხეებისათვის გადახდის მოთხოვნის დაკმაყოფილება მით უფრო დაუშვებელია იმის გათვალისწინებით, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე თანამდებობრივი სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით მიღების უფლება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 541 მუხლის მე-3 პუნქტის თანამად აქვს მოსამართლეს, რომელიც არ ამორიცხულა რეზერვიდან. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი კასატორი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გამოყვანილ იქნა რეზერვიდან, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 27.06.07წ. ¹393 და 27.06.07წ. ¹397 ბრძანებულებების თანახმად კასატორები თ. კ-ა და ნ. კ-ი, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ” დებულების მე-4 მუხლის ,,ე1", ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გაწევა), გამოყვანილ იქნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან. აღნიშნული გარემოება ხსენებული პირებისათვის წარმოადგენს აგრეთვე დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს.
2. საფუძველსმოკლებულია აგრეთვე კასატორების მოთხოვნა მათ მიმართ ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 82-ე მუხლის და ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის თავდაპირველი რედაქციის გავრცელების შესახებ. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 82-ე მუხლი, რომლის მიხედვით აკრძალული იყო მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან ოდენობის შემცირება, მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით, არ ამოქმედებულა ამავე კანონის 89-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანამად 82-ე მუხლი უნდა შესულიყო ძალაში ,,მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის ამოქმედებისთანავე. ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” 03.12.02წ. კანონი, კერძოდ ამ კანონის მე-16 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სამისდღემშიო პენსიის დანიშვნას ხელფასის სრული ოდენობით, 23.07.03წ., 31.12.03წ., 29.12.04წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2006 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" კანონში 23.12.05წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც ასევე 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მე-16 მუხლის განახლებული რედაქცია სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში და საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 23.12.05წ. კანონით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ანალოგიური დებულება გათვალისწინებულ იქნა ორგანული კანონის 82-ე მუხლში. ამდენად, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 82-ე მუხლის და ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის თავდაპირველი რედაქცია არ ამოქმედებულა, აღნიშნულ ნორმათა მოქმედება შეჩერებული იყო მათი მიღების დღიდან. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია კასატორთა მოსაზრება მათ მიმართ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 82-ე მუხლის და ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის თავდაპირველი რედაქციით გავრცელების, ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 23.12.05წ. კანონით მე-16 მუხლში შეტანილი ცვლილებების უკუქცევითი ძალის შესახებ. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი ადცვის გარანტიების შესახებ" კანონის მე-16 მუხლში 23.12.05წ. კანონით შეტანილ ცვლილებებს არ აქვს უკუქცევითი ძალა, შესაბამისად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოსარჩელეებზე გავრცელება არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით ახლებურად მოწესრიგდა იმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებზეც გავრცელდა აღნიშნული კანონი, ისინი დაექვემდებარენ ერთიან სახელმწიფო სოციალურ უზრუნველყოფას სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშნის სახით, კერძოდ ხსენებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე იმ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, აგრეთვე, მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ეწინააღმდეგება სოციალური უზრუნველყოფის თანასწორობის პრინციპს, მისი დაკმაყოფილება გამოიწვევს მოსამართლედ განწესების პერიოდის მიხედვით მოსამართლეთა სოციალური უზრუნველყოფის დონის მკვეთრ არათანაბრობას, რაც სცილდება სამართალურთიერთობის რეგულირების ლოგიკას და აღიქმება არა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტად, არამედ პირად პრივილეგიად. საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის საკასაციო საჩივრის მითითება ,,მოსამართლეთა სტატუსის შესახებ" ევროპის ქარტიაზე, რომელიც არ ითვალისწინებს პენსიაზე გასული და მოქმედი მოსამართლის თანაბარ ანაზღაურებას, ევროპული ქარტიის 6.4 მუხლი უთითებს საპენსიო ასაკს მიღწეული მოსამართლის და მოქმედი მოსამართლის ანაზღაურების არა სრულ იდენტურობაზე, არამედ შეძლებისდაგვარად მოქმედი მოსამართლის ანაზღაურებასთან მიახლოების მცდელობაზე. მხედველობაში მისაღებია აგრეთვე ის გარემოება, რომ ქარტია საუბრობს პროფესიულ ხარისხში მოქმედი მოსამართლეების საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლებმაც მიაღწიეს კანონით გათვალისწინებულ ასაკს და ახორციელებდნენ სამოსამართლეო უფლებამოსილებას განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ,,ევროპის სოციალური ქარტიის" მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი (საქართველოს პარლამენტის 01.07.05წ. დადგენილებით, რომლითაც მოხდა კონვენციის რატიფიკაცია, სავალდებულოდ არ არის აღიარებული საკასაციო საჩივარში მითითებული ქარტიის მე-12 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები), რომლითაც სახელმწიფომ იკისრა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით ზომების მიღების ვალდებულება, ასევე არ წარმოადგენს საკასაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან სოციალური სისტემის ფუნქციონირება, სოციალური პრეტენზიების უზრუნველყოფის დონე სახელმწიფოს შესაძლებლობებით არის დეტერმინირებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს არა კანონთა კოლიზია, რომელიც იძლევა მოქმედი ურთიერთსაწინააღმდეგო ნორმიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას, არამედ კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი, რომლის თანახმად რეზერვში ჩარიცხულ, აგრეთვე პენსიაზე გასულ მოსამართლეს არა აქვს მოქმედ მოსამართლესთან შედარებით თანაბარი ანაზღაურების მიღების უფლება. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით ძალაში შესული საკანონმდებლო აქტი სავალდებულოა შესასრულებლად. საერთო სასამართლო არ არის უფლებამოსილი უარი თქვას კანონის გამოყენებაზე, საერთო სასამართლოს კომპეტენციას სცილდება კანონის ნორმის გამოყენებაზე უარის თქმა, კანონის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აგრეთვე სსკ-ის მე-6 მუხლით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის მე-20 მუხლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან საკასაციო პალატის აზრით არ დასტურდება თვით უფლების დარღვევა, რადგანაც არ დამდგარა პენსიის დანიშვნის პირობები (უფლებამოსილების ვადის გასვლა ან საპენსიო ასაკის მიღწევა). ვინაიდან 23.12.05წ. კანონის მიღებამდე კასატორებს არ ჰქონდათ დანიშნული პენსია, ადგილი არ აქვს მის უკუქცევით ძალას. ამდენად, საფუძველსმოკლებულია სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას კასატორების მიერ სამისდღემშიო პენსიის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიღების უფლების აღიარების მოთხოვნა.
3. ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" 23.12.02წ. კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებისათვის, თითოეულს თანაბარი პროპორციით, მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით პენსიის დანიშვნას. ამავე კანონის მე-19 მუხლის მიხედვით კანონის მე-14 მუხლი გავრცელდა 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, 31.12.03წ., 29.12.04წ. კანონებით შეტანილი ცვლილებების თანახმად მე-19 მუხლი 2003 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნულ ნორმაში 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის უკუქცევით ძალას აქვს რამოდენიმე ხარისხი. განსახილველ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს ადგილი კანონისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭებას, ვინაიდან ადგილი არ აქვს წარსულში მომხდარ და წარსულშივე დასრულებულ ფაქტობრივ ურთიერთობებს (ე.წ. ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალა). სწორედ ასეთ შემთხვევას გულისხმობს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. მოცემულ შემთხვევაში ახალი კანონი ზემოქმედებს კანონის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე, კანონი ცვლის სამართალურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რასაც არ გამორიცხავს ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლი, კანონის ამგვარი მოქმედება მისი საყოველთაობის გამოვლენაა და არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო აქტში მისი მოქმედების წესის აღნიშვნაზე, ახალი კანონი ზემოქმედებს მის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. ახალი კანონით სოციალური უზრუნველყოფის მოცულობის შეზღუდვა, სამართლებრად არის არა ახალი კანონისათვის ნამდვილი უკუძალის მინიჭება, არამედ შესაბამისი სოციალური უფლების ლეგალური ტრანსფორმაცია. სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის ნორმაც იმპერატიულად გამორიცხავს კანონისათვის მხოლოდ ნამდვილი უკუძალის მინიჭებას, გარდა გამონაკლისი, კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.06.07წ. გადაწყვეტილება, საქმე ¹ბს-21-21(კ-07)). ამდენად არ არსებობს მარჩენალის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის არასრულწლოვან ან შრომისუუნარო წევრებისათვის მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით პენსიის დანიშვნის შესახებ აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ის გარემოება, რომ ,,მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ" 03.12.02წ. კანონის 14.3 მუხლის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული შემთხვევა არ დამდგარა, მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით დანიშვნა იყო შესაძლებლობა, რომელიც გააჩნდათ კასატორთა ოჯახების წევრებს, მისი წარმოშობის ალბათობა მხოლოდ მომავალში არსებობდა, ამ უფლების რეალიზაცია 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე არ მომხდარა, ანუ შესაძლებლობა არ ქცეულა სინამდვილედ, ამდენად ადგილი არ აქვს კანონის არც ნამდვილ და არც არანამდვილ უკუქცევით ძალას. სასამართლო ვალდებულია განახორციელოს მართლმსაჯულება რეალურად არსებული სამართალურთიერთობების მიმართ. მომავალში ასამოქმედებელი უფლების გაუქმება ახალი კანონით არ უნდა იქნეს მიჩნეული მდგომარეობის გაუარესებად და კასატორების მიმართ კანონის უკუქცევითი ძალის გამომრიცხავ გარემოებად. კანონის გამოქვეყნებამდე და ძალაში შესვლამდე არსებულ შემთხვევებთან კანონის გამოყენების გამორიცხვა მიზნად ისახავს სამართლებრივი გარკვეულობის განმტკიცებას, ახალი კანონით მისი გაუქმების დაუშვებლობას. უფლებრივი მდგომარეობის გაურკვევლობას არ იწვევს ჯერ კიდევ მოუპოვებელი უფლების გაუქმება. ვინაიდან საკანონმდებლო ნოვაციამდე ამ უფლების რეალიზაცია არ მომხდარა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი არგუმენტი იმის შესახებ, რომ აღნიშნული კანონით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა არცერთი მოსარჩელის მიმართ წარსულში არ წარმოშობილა და მისი წარმოშობის ალბათობა მხოლოდ მომავალში შეიძლება არსებობდეს, კანონის უკუქცევითი ძალის არ არსებობას და მაშასადამე უფლების აღიარებაზე უარს შეეხება და ამდენად მართებულია ამ არგუმენტის გამოყენება სასკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის მიმართ.
4. სსკ-ის 409-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადგილი არა აქვს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, ამასთანავე, საკასაციო პალატა შეზღუდულია დაშვების საფუძვლით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია და არ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე" და ,,ე1" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ემყარება კანონის დარღვევას, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. კ-ას, ნ. კ-ის, მ. ნ-ის, მ. ღ-ის და ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.06წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.