ბს-148-144(კ-08) 16 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ლ-ემ მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ კონკურსის შედეგებისა და ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო საგუშაგო “....” საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2002 წლის 9 სექტემბრის ¹177 ბრძანებით დაწინაურდა და გადაყვანილ იქნა უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2005 წლის 11 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ჩატარდა საჯარო მოხელეთა ატესტაცია ერთ ეტაპად (გასაუბრება), რომელიც ფორმალური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლებას. 2005 წლის 20 დეკემბერს ფოსტით ჩაჰბარდა საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹824 ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 81-ე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-14 მუხლების შესაბამისად, ატესტაციის მიზანია, მოხელის ცოდნისა და კვალიფიკაციის შეფასება პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მიმართებაში. ჩატარებული ატესტაცია ასეთ მიზანს საერთოდ არ ისახავდა. ამასთან, იგი ჩატარდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, დარღვეულ იქნა ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, პროფესიული ტესტირების და/ან გასაუბრების თემატიკა ქვეყნდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში _ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.” ამავე ბრძანების 30-ე მუხლის მიხედვით, ატესტაციისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მეთვალყურეებად დაიშვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, რაც კომისიის მიერ არ შესრულებულა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა ატესტაციის ჩატარების დროს, მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ მას არ სურს, გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. არავითარი შეთავაზება ხელმძღვანელობის მხრიდან მოსარჩელეს არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 დეკემბრის ¹409 ბრძანების 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პერსონალურად, ყველა მოხელეზე მოტივირებული დასკვნის სახით. მის მიმართ არანაირი მოტივირებული დასკვნა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, თუ რატომ არ შეესაბამებოდა იგი დაკავებულ თანამდებობას, არ გაკეთებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც იგი შეუსაბამოდ იქნა ცნობილი დაკავებულ თანამდებობასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹824 ბრძანების ბათილად ცნობას, საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო საგუშაგო “....” საბაჟო კონტროლის განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2005 წლის 11 დეკემბრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვიანიდან იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹824 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და თ. ლ-ე აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე; მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაევალა თ. ლ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დატოვებულ იქნა განუხილველად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებების გაუქმებასა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ფაქტობრივად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 22 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2008 წლის 6 მარტს თ. ლ-ემ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
2008 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გაადწყვეტილებას, თ. ლ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ თ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას თ. ლ-ეს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.