¹ბს-1501-1076(კ-05) 18 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი(მოსარჩელე) – ლ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – იმერეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი – ლ. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.10.05წ. განჩინება
დავის საგანი – სააღსრულებო მოქმედების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
15.10.04წ. ლ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირის ლ. ც-ის მიმართ და სააღსრულებო მოქმედების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 07.10.04წ. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დ. ა-ემ იძულების წესით აღასრულა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 27.05.03წ. გადაწყვეტილება და გამოასახლა ქ. ტყიბულში, .... ¹1-ში მდებარე სარდაფიდან, რომლის საერთო ფართი 26,50 კვ.მ. შეადგენს. ლ. კ-ის აზრით, აღმასრულებელი გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებულ 27.05.03წ. გადაწყვეტილებით და ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ 18.02.04წ. განჩინებით, აღსრულება უნდა მომხდარიყო ქ. ტყიბულში, .... ¹1-ში მდებარე სარდაფის ნაწილიდან, 10 კვ.მ ფართიდან. გამოსახლება მოხდა მთლიანი 26 კვ.მ ფართიდან, რომელსაც მოსარჩელე ფლობდა მეიჯარის უფლებით და გახსნილი ჰქონდა სასურსათო მაღაზია.
ლ. კ-ის განმარტებით, სასამართლო აღმასრულებელმა არ დაადგინა ფართის ზუსტი ადგილმდებარეობა, საიდანაც სასამართლო გადაწყვეტილებით მისი გამოსახლება დაადგინა. სასამართლო აღმასრულებელმა მისი გამოსახლება მთლიანი სარდაფიდან იმით ახსნა, რომ ლ. კ-ს სარდაფის დანარჩენი ნაწილის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარდაფის იმ ნაწილიდან, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული, სასამართლო აღმასრულებელს ის არ უნდა გამოესახლებინა და ამით ხელი არ უნდა შეეშალა მისთვის სამეწარმეო საქმიანობაში. 06.12.04წ. ლ. კ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და საბოლოოდ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 07.10.04წ. ოქმის ბათილად ცნობა და აღმასრულებლის უკანონო მოქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.02.05წ. გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სარჩელი (ს.ფ. 46-47), რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ (ს.ფ. 48-49).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.10.05წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა იმ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო სასამართლოს მიერ, შეასრულა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21.1 მუხლის, 26-ე და 29-ე მუხლების მოთხოვნები. აღმასრულებელს არ ჰქონდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 33-35-ე მუხლებით გათვალისწინებული აღსრულების გადადების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული მოქმედება მან შეასრულა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან აღმასრულებლისათვის ცნობილი იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს 27.05.03წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე 18.02.04წ. მიღებული განჩინების შინაარსი, მას გაცემული სააღსრულებო ფურცლით არ უნდა მოეხდინა აღსრულება, რადგან იგი არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღმასრულებელი მოქმედებდა სასამართლოს მიერ გაცემული ფურცლის საფუძველზე და მის მიერ წარმოებული სააღსრულებო მოქმედების და ამ მოქმედების ამსახველი ოქმის გაუქმების საფუძველი არ არსებობს (ს.ფ. 83-87).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.10.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა:
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არასრულად და არაობიექტურად გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი აღნიშნავს, რომ 18.02.04წ. განჩინებით განმარტებული იქნა 27.05.03წ. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გამონთავისუფლებას დაექვემდებარა მხოლოდ სარდაფის 10 კვ.მ ფართი. აღნიშნული განმარტების განჩინება გასაჩივრებული იყო ლ. ც-ის მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
გადაწყვეტილების აღსრულების დროს აღმასრულებლისთვის ცნობილი იყო, რომ 27.05.03წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ ემთხვეოდა სააღსრულებო ფურცლის შინაარსს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოსახლება მოახდინა მთლიანი ფართიდან და არა 10 კვ.-დან. სასამართლომ ჯეროვნად არ შეაფასა აღნიშნული ფაქტი და აღმასრულებლის მოქმედება ჩათვალა კანონიერად. ლ. კ-ის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი არარად და ბათილ აქტად უნდა გამოცხადებულიყო. ასევე სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები (ს.ფ. 93-94).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.05.03წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ც-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 06.03.03წ. გადაწყვეტილება, ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. კ-ი გამოსახლდა .... ქ. ¹1-ში მდებარე სარდაფიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ლ. ც-ეს, ლ. კ-ის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. 27.05.03წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კრედიტორ ლ. ც-ის სახელზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ 29.01.04წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად ლ. კ-ი უნდა გამოსახლებულიყო ქ. ტყიბულში, .... ქ. ¹1-ში მდებარე სარდაფიდან და იგი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩაბარებულიყო ლ. ც-ეს. ამდენად ფართიდან გამოსახლება განხორციელდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-20, 26-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება განახორციელა სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად. ვინაიდან სსკ-ის 262 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო გადაწყვეტილებას განმარტავს მისი შინაარსის შეუცვლელად, საოლქო სასამართლოს 18.02.04წ. განჩინებით მიცემულ განმარტებას არ შეუტანია ცვლილება ამავე სასამართლოს 27.05.03წ. გადაწყვეტილებაში. ამდენად, უკანასკნელის აღსასრულებლად გაცემულ სააღსრულებო ფურცელს სზაკ-ის 60 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის და მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ვერ ცნობდა არარად და ბათილად, მით უფრო, რომ განსახილველ საქმეში სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისად დავის საგანს წარმოადგენს არა სააღსრულებო ფურცელი, არამედ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 07.10.04წ. ოქმი ქ. ტყიბულში, .... ქ. ¹1-ში მდებარე სარდაფის იძულებითი გამოთავისუფლების შესახებ (ს.ფ. 5, 14).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააღსრულებო ბიუროს არ შეეძლო სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოქმედების, კერძოდ ლ. ც-ის თავისუფალ მდგომარეობაში სარდაფის ჩაბარება ლ. კ-ის სარდაფის მთლიანი ფართიდან გამოსახლების გარეშე. საქმის კონკრეტული გარემოების, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ სარდაფის 10 კვ.მ. არ იყო იზოლირებული სარდაფის დანარჩენი ფართისაგან, გაურკვეველი იყო პრივატიზებული ფართის კონკრეტული ადგილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ სარდაფის ნაწილის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, სარდაფის დანარჩენი ნაწილიდან კასატორის გამოსახლების გარეშე, იყო შეუძლებელი. ლ. კ-ს სსკ-ის 263-ე მუხლის მიხედვით აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა არ მოუთხოვია. ამასთანავე არ არსებობდა სააღსრულებო მოქმედების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს არ გააჩნია სარდაფის ნაწილის კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. საქმის მასალებით დასტურდება და აღსასრულებელი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც არის მითითებული, რომ სასამართლოს მიერ მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების თანახმად ლ. კ-ს უფლება ჰქონდა 1996 წლის დეკემბრიდან 1999 წლის 20 დეკემბრამდე ჩათვლით ესარგებლა სარდაფით, ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სარდაფს. ოქმის მიხედვით ლ. კ-მა განაცხადა, რომ ნებაყოფლობით გაათავისუფლებდა სარდაფს წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილებული. სააღსრულებო ბიურომ იძულებითი აღსრულების მოხდენამდე წინასწარ მიმართა ყველა იმ ორგანოს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ პრეტენზია სარდაფის ნაწილზე, კერძოდ გამგეობას, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, ტექაღრიცხვის სამსახურს, შპს ,,....", აღსრულებისას სარდაფის დარჩენილ ნაწილზე პრეტენზია მათ მიერ გამოთქმული არ ყოფილა. ამასთანავე, ოქმის თანახმად ფართი ლ. ც-ეს გადაეცა განკარგვის გარეშე, კრედიტორ ლ. ც-ეს განემარტა, რომ სარდაფის დარჩენილი ფართის საკითხის გარკვევამდე არ მოეხდინა სარდაფში ნებისმიერი სამუშაოების და რეკონსტრუქციების ჩატარება. გარდა ამისა, ოქმის თანახმად მაღაზია არ ფუნქციონირებდა, იგი დაკეტილი იყო 2004 წლის 14 სექტემბრიდან ანუ იძულებითი აღსრულების დაწყებამდე. ამდენად არ დასტურდება ლ. კ-ის უფლების ან კანონიერი, პატივსადები ინტერესის დარღვევა აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების შედეგად, მით უფრო, რომ სასამართლოს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების წინადადება წერილობით ჩააბარა ლ. კ-ს (ს.ფ. 9). შესაბამისად არ არსებობს ოქმის გაუქმების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მთითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.10.05წ. განჩინება;
2. კასატორ ლ. კ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.