ბს-150-140(კ-07) 20 ნოემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელი თ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი/მ “ც-თვის” ლიცენზიის აღდგენის თაობაზე
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელმა თ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2006 წლის 3 აპრილის ¹242 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი/მ “ც-თვის” ლიცენზიის აღდგენის თაობაზე /იხ.ს.ფ. 1-3/.
საქმის გარემოებები:
2005 წლის 16 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ი/მ ,,ც-ზე” გაიცა ლიცენზია ¹...... ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების, ,,ნავროზასა და ბიდარის" წყაროების შესწავლა-მოპოვებისათვის, სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნით, 2005 წლის 29 სექტემბერს კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹391 ბრძანებით, აღნიშნული ლიცენზია ბათილად იქნა ცნობილი. მითითებული ბრძანება ი/მ “ც-ოს” მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ხოლო სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹391 ბრძანება ი/მ ,,ც-ზე" გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 11 იანვარს, ხოლო 20 მარტს, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში დეპარტამენტის უფროსის თავმჯდომარეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რომელზეც ფაქტობრივად განხილულ იქნა მხოლოდ ერთი საკითხი: იყო თუ არა ყაზბეგის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე პ. ჩ-ი უფლებამოსილი პირი, ხელი მოეწერა მოსარჩელის მიმართვის საპასუხო წერილზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ი/მ ,,ც-ომ" 2005 წლის 8 აგვისტოს მიმართა ყაზბეგის რაიონის გამგეობას მხარდაჭერისათვის, იმ მოტივით, რომ ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, იგი განახორციელებდა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს ბალანსზე არსებული სათავე ნაგებობების ექსპლუატაციას შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ზეპირი მოსმენის შემდეგ ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა ი. კ-ამ მინისტრის სახელზე მოამზადა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებულია ცრუ გარემოებებზე, კერძოდ: ზეპირ მოსმენაზე თითქოს გამოვლინდა ი/მ ,,ც-ზე" გაცემული ლიცენზიის ბათილად გამოცხადების საფუძველი, დარღვეული იყო ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღის სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
ყაზბეგის რაიონის გამგეობასა და ი/მ ,,ც-ოს" შორის შეთანხმება არ არსებობდა, გარდა მხარდაჭერის წერილისა, რომელიც იძლეოდა თანხმობას მხოლოდ კონკურსში მონაწილეობისათვის. ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით განსაზღვრავს სამინისტრო და ავტომატურად გასცემს წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან ერთად. გამგებლის პირველი მოადგილე პ. ჩ-ი, რომელიც ხელს აწერდა გამგეობის საპასუხო წერილს, საერთოდ არ იყო მიწვეული ზეპირ მოსმენაზე; ზეპირი მოსმენის ოქმი შინაარსობრივად არსებითად განსხვავდება ი. კ-ას მიერ მითითებულ გარემოებებზე აგებული მოხსენებითი ბარათისგან, რომელიც საფუძვლად დაედო ლიცენზიის ბათილად ცნობის შესახებ ბრძანებას. წიაღით სარგებლობისათვის მიწის მინაკუთვნის განსაზღვრა და გაცემა ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით მთლიანად წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციას.
ამასთან, გამგეობის სარეკომენდაციო წერილი არ არის გათვალისწინებული ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიის მოპოვების აუცილებელ დოკუმენტთა ჩამონათვალში და მისი არსებობა ან არარსებობა არ შეიძლება გახდეს ლიცენზიის ბათილად ცნობის საფუძველი. მიწის მინაკუთვნს აწესებს და მის ზომებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით.
რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ არ ცნო ი/მ “ც-ოს” სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ი/მ ,,ც-ოს" სარჩელი. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტრომ, კერძოდ, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტმა, 2006 წლის 7 მარტის ¹05/1-16/316 წერილით აცნობა ი/მ ,,ც-ოს" ხელმძღვანელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოება სადავო საკითხზე გაიმართებოდა 2006 წლის 20 მარტს. სამინისტროში 2006 წლის 20 მარტს ჩატარებული სხდომის ოქმის შესაბამისად, გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, გამოვლინდა ი/მ ,,ც-ზე" გაცემული ლიცენზიის ბათილად გამოცხადების საფუძველი, კერძოდ, დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დარღვეული იყო ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით, მეწარმეს უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნს აწესებს და მის ზომებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ანუ,,წიაღის შესახებ" კანონის აღნიშნული მუხლი იმპერატიულად ადგენს რომ: “ა” მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს და “ბ” ამ მინაკუთვნის დაწესების უფლება სამინისტროს აქვს მხოლოდ მიწის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში.
მოპასუხის მითითებით, სხდომაზე ასევე გამოვლინდა, რომ ი/მ ,,ც-ოს" მიერ წარმოდგენილი მიწის მესაკუთრის თანხმობა ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც დადასტურდა სხდომაზე მიწვეული ყაზბეგის რაიონის გამგეობის წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გამგებლის პირველი მოადგილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი იყო, რადგან დოკუმენტს ხელს აწერდა გამგებელი. აღნიშნული გარემოების შესახებ სამინისტროსათვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, ხოლო დაზუსტებისა და გამოკვლევის შედეგად სამინისტრო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაცხადი დადგენილი მოთხოვნების დარღვევით იყო შეტანილი, ვინაიდან ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობის უფლება არ გაიცემა _ თუ მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ის არ იყო ვალდებული, დამატებით წარმოედგინა სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, უსაფუძლოა, რამდენადაც მიწის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის წარმოდგენის აუცილებლობა დადგენილია ,,წიაღის შესახებ საქართველოს კანონით", ანუ ამ სფეროში მოქმედი სპეციალური კანონით, ხოლო ის, რაც განისაზღვრა სპეციალური კანონით, არ შეიძლება ჩაითვალოს დამატებით პირობად /იხ.ს.ფ. 38-40/.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ “ც-ოს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ი/მ ,,ც-ოს" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წლის 16 სექტემბერს მიეცა წიაღით სარგებლობის ლიცენზია ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების ,,ნავროზასა და ბიდარის" წყაროების შესწავლა-მოპოვებისათვის, სასმელი და საყოფაცხოვრებო მიზნით. 2005 წლის 29 სექტემბერს კი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹391 ბრძანებით, აღნიშნული ლიცენზია ბათილად იქნა ცნობილი. მითითებული ბრძანება ი/მ ,,ც-ოს" მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹391 ბრძანება ი/მ “ც-ზე” გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ და სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე. ი/მ ,,ც-ოს" ხელმძღვანელობას 2006 წლის 7 მარტის @¹05/1-16/316 წერილით ეცნობა, რომ საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2006 წლის 20 მარტს. საქმის მასალებში არსებული ოქმის თანახმად, 2006 წლის 20 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ი/მ ,,ც-ოს" ხელმძღვანელი თ. ს-ე, ყაზბეგის რაიონის გამგებლის მოადგილე, გუდაურის გამგებელი და სამინისტროს წარმომადგენლები. განხილულ იქნა საკითხი _ იყო თუ არა უფლებამოსილი ყაზბეგის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე, ხელი მოეწერა ი/მ ,,ც-ოს" განცხადების პასუხზე. გამგებლის მოადგილე ვ. ს-მა აღნიშნა, რომ გამგეობაში შესული წერილების პასუხები იგზავნება გამგებლის ხელმოწერით, ხოლო პირველი მოადგილე ხელს აწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამგებელი ადგილზე არ იმყოფება, მოცემულ შემთხვევაში კი რაიონის გამგებელი იმყოფებოდა სამსახურში. ამდენად, გამგებლის პირველი მოადგილე მოცემულ შემთხვევაში არ იყო უფლებამოსილი პირი. სხდომაზე განიმარტა, რომ არსებობს მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელობის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. ს-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე არის არაუფლებამოსილი პირის, გამგებლის პირველი მოადგილის ხელმოწერა, ხოლო, რადგან სარეკომენდაციო წერილი გახდა ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი, რაიონის გამგებელი და მხარის რწმუნებული ითხოვენ მის გადახედვას. თ. ს-ემ ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მან განცხადებით მიმართა გამგეობას და კანცელარიის საშუალებით მიიღო პასუხი, ხოლო თუ ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს, მისთვის უცნობი იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ იგი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არ იყო ვალდებული, წარმოედგინა გამგეობიდან აღნიშნული სარეკომენდაციო წერილი.
საქმის მასალების თანახმად, ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სახელზე წარდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზეპირი მოსმენის შედეგად გამოვლინდა ი/მ ,,ც-ზე" გაცემული ლიცენზიის ბათილად გამოცხადების საფუძველი, კერძოდ, დარღვეული იყო ,,წიაღის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, წიაღით სარგებლობის მიზნით, დაწესებული უნდა იყოს მიწის მინაკუთვნი მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შეთანხმება გამგეობასთან, რომელიც ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. შესაბამისად, არ არსებობდა ლიცენზიის გაცემის კანონიერი საფუძველი. ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსის აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა 2006 წლის 3 აპრილის ¹242 ბრძანებით ბათილად ცნო ი/მ ,,ც-ზე" გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია ¹....... და წიაღით სარგებლობის უფლება შეწყდა ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტი და განმარტა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 3 აპრილის ¹242 ბრძანება ი/მ ,,ც-ზე" გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 601.1. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, ი/მ ,,ც-ოს" ხელმძღვანელობას 2006 წლის 7 მარტის ¹05/1-16/316 წერილით ეცნობა, რომ საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2006 წლის 20 მარტს. 2006 წლის 20 მარტს კი სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში გაიმართა საქმის ზეპირი განხილვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ი/მ ,,ც-ოს" ხელმძღვანელის _ თ. ს-ის მონაწილეობით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში დაცულია ადმინისტრაციული აქტის _ 2006 წლის 3 აპრილის ¹242 ბრძანების მომზადებისა და გამოცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და მე-6 თავებით დადგენილი წესი და ამდენად, არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიცია და განმარტა, რომ ,,წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი სავალდებულო პირობად მიუთითებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის დაწესებას, რომელსაც ახორციელებს და მის ზომებს განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით. აღნიშნული გულისხმობს მიწის მესაკუთრის წინასწარ თანხმობას, რაც წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა. სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში გამგეობის წერილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის გამო, ლიცენზიის გაცემისას არ არსებობდა მისი გაცემისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა _ მიწის მესაკუთრის, ყაზბეგის რაიონის გამგეობის, თანხმობა. აღნიშნული გარემოება, საქმეში არსებული ზეპირი განხილვის ოქმთან ერთად, დასტურდება აგრეთვე ყაზბეგის რაიონის გამგებლის 2006 წლის 15 ივნისის ¹115 წერილით, რომლითაც გამგეობა კიდევ ერთხელ უდასტურებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომ იგი თანახმა არ იყო ი/მ ,,ც-თვის" გუდაურის საკრებულოს ტერიტორიაზე წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები /იხ.ს.ფ. 67-70/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ც-ომ”, რომლითაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
ი/მ “ც-ოს" ხელმძღვანელს 07.03.06 წლის წერილით სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა ი. კ-ამ აცნობა, რომ 2006 წლის 20 მარტს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სასამართლოს 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე ¹3/3095) აღსასრულებლად. ი. კ-ამ, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები და საკითხის განხილვაზე მიიწვია ისეთი პიროვნებები, რომლებიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ზეგავლენას ახდენდნენ საკითხის ობიექტურად განხილვაზე, ასევე სხდომის ჩატარების დროს დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51.2, 53-ე მუხლების მოთხოვნები.
აპელანტს მიაჩნია, რომ “ც-ომ" ყაზბეგის რაიონის გამგეობას მიმართა მხარდაჭერისათვის სალიცენზიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და მიიღო მისგან თანხმობა. არც მიმართვაში და არც გამგეობის პასუხში არ იყო მითითებული მიწის მინაკუთვნზე. 2006 წლის 20 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ ყოფილა გამოკვლეული მიწის მინაკუთვნთან დაკავშირებული საკითხი, რასაც ადასტურებს აღნიშნული სხდომის ოქმი. “წიაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მიწის მინაკუთვნი წარმოადგენს ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ “მიწის მინაკუთვნს” აწესებს და მის ზომებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით. ამდენად, მიწის მინაკუთვნის აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს თვითონ უნდა განესაზღვრა მისი ფართობი და შეეთანხმებინა ყაზბეგის რაიონის გამგეობასთან /იხ.ს.ფ. 76-80/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი/მ “ც-ოს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ი/მ „ც-ოს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წლის 16 სექტემბერს მიეცა წიაღით სარგებლობის ლიცენზია ¹......., ტიპი მე-6, ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების „ნავროზასა და ბიდარის“ წყაროების სასმელი საყოფაცხოვრებო მიზნით შესწავლა _ მოპოვებისათვის. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹391 ბრძანებით, აღნიშნული ლიცენზია ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული ბრძანება ი/მ „ც-ოს“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹391 ბრძანება ი/მ „ც-ზე“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ და სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ი/მ „ც-ოს“ ხელმძღვანელობას 2006 წლის 7 მარტის ¹05/1-16/316 წერილით ეცნობა, რომ საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2006 წლის 20 მარტს. საქმეში არსებული ოქმის შესაბამისად, 2006 წლის 20 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ი/მ „ც-ოს“ ხელმძღვანელი თ. ს-ე, ყაზბეგის რაიონის გამგებლის მოადგილე, გუდაურის გამგებელი და სამინისტროს წარმომადგენლები. განხილულ იქნა საკითხი, იყო თუ არა უფლებამოსილი ყაზბეგის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე, ხელი მოეწერა თანხმობაზე. სხდომაზე ასევე განიმარტა, რომ არსებობს მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელობის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. ს-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე არის არაუფლებამოსილი პირის, გამგებლის პირველი მოადგილის ხელმოწერა და ვინაიდან სარეკომენდაციო წერილი გახდა ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი, რაიონის გამგებელი და მხარის რწმუნებული ითხოვდნენ მის გადახედვას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 3 აპრილის ¹242 ბრძანება ი/მ „ც-ზე“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „წიაღის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი სავალდებულო პირობად ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღის ობიექტებზე მიწის მისაკუთვნის დაწესებას, რომელსაც ახორციელებს და მის ზომებს განსაზღვრავს სამინისტრო მიწის მინაკუთვნის დაწესების შესაძლებლობას, როცა არსებობს მიწის მესაკუთრესთან შეთანხმება, რაც წარმოადგენს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთ წინაპირობას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ი/მ „ც-ოს“ მიერ სამინისტროში წარდგენილ იქნა იმ პირის (გამგებლის პირველი მოადგილის) მიერ ხელმოწერილი თანხმობა, ვისაც ასეთის გაცემაზე უფლებამოსილება არ ჰქონდა, შესაბამისად, ი/მ „ც-ზე“ ლიცენზიის გაცემისას ადგილი ჰქონდა აღნიშნული ნორმის დარღვევით განცხადების შეტანის ფაქტს, რაც „წიაღის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წიაღით სარგებლობის უფლების გაცემაზე უარის თქმის და შესაბამისად, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა /იხ.ს.ფ. 146-151/
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ც-ომ”, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 159-163/.
კასაციის მოტივი:
2006 წლის 20 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი აგებულია ყაზბეგის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილის პ. ჩ-ის უფლებამოსილების საკითხზე, ხოლო ეს უკანასკნელი სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისად, მას განმარტება არ მიუცია. ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა ი. კ-ამ სხდომა დასრულებულად ისე გამოაცხადა, რომ საერთოდ არ განხილულა მეორე საკითხი _ ი/მ „ც-თვის“ მიწის მინაკუთვნის გამოყოფის შესახებ, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის I-V პუნქტების მოთხოვნები.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი არ იყო ვალდებული, წარედგინა რაიონის გამგეობიდან თანხმობა მიწის მინაკუთვნის მიღების შესახებ. ამასთან, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული, არ არის წარმოადგინოს ისეთი დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და რაც ლიცენზიის გაცემის საფუძველია. „წიაღის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მიწის მინაკუთვნს აწესებს სამინისტრო მიწის მესაკუთრესთან შეთანხმებით, რაც პროცესუალურად ხდება შემდეგნაირად: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წერილობით მიმართავს რეგიონალურ თვითმმართველობას თანდართული რუკის შესაბამისად განსაზღვრული რაოდენობის ფართობზე წიაღით სარგებლობისთვის თანხმობის გაცემის შესახებ და პასუხის მიღების შემდეგ წყდება ლიცენზირების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ი/მ „ც-ოს“ მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენდა მხოლოდ ყაზბეგის გამგეობის მხარდაჭერას ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისას და არა მიწის მინაკუთვნის აუცილებელ და სავალდებულო პირობას.
კასატორის მითითებით, სადავო ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52.1., მე-13 და 98-ე მუხლების დარღვევით, რის გამოც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-2 ნაწილების თანახმად, ექვემდებარება ბათილად ცნობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტი, რამდენადაც მითითებული ნორმა გამოიყენება როგორც წინასწარი უარი წიაღით სარგებლობის უფლების გაცემაზე. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 32-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, აგრეთვე 33-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელის _ თ. ს-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად /აბსოლუტური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელის თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებულია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ი/მ „ც-ოს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2005 წლის 16 სექტემბერს მიეცა წიაღით სარგებლობის ლიცენზია ¹........, ტიპი მე-6, ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე მიწისქვეშა წყლების „ნავროზასა და ბიდარის“ წყაროების სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო მიზნით შესწავლა _ მოპოვებისათვის. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ¹391 ბრძანებით, აღნიშნული ლიცენზია ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული ბრძანება ი/მ „ც-ოს“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2005 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის ¹391 ბრძანება ი/მ „ც-ზე“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ბათილად გამოცხადების შესახებ და სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ი/მ „ც-ოს“ ხელმძღვანელობას 2006 წლის 7 მარტის ¹05/1-16/316 წერილით ეცნობა, რომ საქმის ზეპირი მოსმენა გაიმართებოდა 2006 წლის 20 მარტს. საქმეში არსებული ოქმის შესაბამისად, 2006 წლის 20 მარტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში გამართულ სხდომას ესწრებოდნენ ი/მ „ც-ოს“ ხელმძღვანელი თ. ს-ე, ყაზბეგის რაიონის გამგებლის მოადგილე, გუდაურის გამგებელი და სამინისტროს წარმომადგენლები. განხილულ იქნა საკითხი, იყო თუ არა უფლებამოსილი ყაზბეგის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე, ხელი მოეწერა თანხმობაზე. სხდომაზე ასევე განიმარტა, რომ არსებობს მცხეთა-მთიანეთის მხარის ხელმძღვანელობის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თ. ს-ის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე არის არაუფლებამოსილი პირის, გამგებლის პირველი მოადგილის ხელმოწერა და ვინაიდან სარეკომენდაციო წერილი გახდა ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი, რაიონის გამგებელი და მხარის რწმუნებული ითხოვდნენ მის გადახედვას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი არ იყო ვალდებული, წარედგინა რაიონის გამგეობიდან თანხმობა მიწის მინაკუთვნის მიღების შესახებ. ამასთან, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებული არ არის, წარმოადგინოს ისეთი დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და რაც ლიცენზიის გაცემის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” კანონის 40.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში. “წიაღის შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს და განსაზღვრავს წიაღით სარგებლობის პირობებს და წესებს, როგორც სპეციფიური კანომდებლობა. სწორედ მითითებული კანონით იმპერატიულად განისაზღვრა წიაღით სარგებლობის დროს მიწის მინაკუთვნის მისაღებად მესაკუთრის თანხმობის აუცილებელი არსებობა, ანუ მიწის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, ხოლო ის პირობები, რაც განისაზღვრა იმპერატიულად “წიაღის შესახებ” კანონით, როგორც დამატებითი მოთხოვნები ამ სახის ლიცენზიის მისაღებად არ მოდის წინააღმდეგობაში “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” კანონთან, რამდენადაც “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვებით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიის და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის და გაუქმების წესებს, ანუ ზოგადი წინაპირობებს ლიცენზიასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო „წიაღის შესახებ“ კანონის 8.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ წიაღით სარგებლობის ობიექტებს წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით უწესდებათ მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მისი ზომები განისაზღვრება კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით. კანონის 8.2. მუხლის თანახმად, მიწის მინაკუთვნის ზომებს განსაზღვრავს სამინისტრო მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების ორგანოსთან შეთანხმებით.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „წიაღის შესახებ“ კანონის 8.1. მუხლი სავალდებულო პირობად ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღის ობიექტებზე მიწის მინაკუთვნის დაწესებას წიაღით სარგებლობის სახეობათა მიხედვით, ხოლო მიწის მინაკუთვნის ზომების განსაზღვრა სამინისტროს პრეროგატივაა, რომელიც ხორციელდება მიწათსარგებლობის სახელმწიფო რეგულირების ორგანოსთან შეთანხმების გზით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ი/მ „ც-ოს“ მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტი წარმოადგენდა მხოლოდ ყაზბეგის გამგეობის მხარდაჭერას ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობისას და არა მიწის მინაკუთვნის აუცილებელ და სავალდებულო პირობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა მიწის ლიცენზიით სარგებლობის დროს მიწის მინაკუთვნის მისაღებად წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა, ხოლო ამგვარის არარსებობის პირობებში სახეზეა არსებითი პროცედურული დარღვევა ლიცენზიის მიღებისათვის, რაც ლიცენზიის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს, რამდენადაც „წიაღის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წიაღით სარგებლობის უფლება არ გაიცემა, თუ მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას სარწმუნოდ უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარდგენა ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო სასამართლოში, რომ ი/მ „ც-ოს“ ლიცენზიის მიღების თაობაზე წარდგენილი განცხადება (გამგებლის პირველი მოადგილის მიერ ხელმოწერილი) გაცემული იყო უფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც მიწის მინაკუთვნის გაცემის თაობაზე მიწის მესაკუთრის თანხმობა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში თუ მას გასცემდა უფლებამოსილი პირი _ გამგებელი, გამგებლის მოადგილე არაუფლებამოსილია გასცეს ამგვარი დოკუმენტი, იმ პირობებში, როცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულება და ვერც კასატორის მიერ იქნა წარმოდგენილი, რომ გამგებლის მიერ მის მოადგილეზე ამგვარი უფლებამოსილიება იქნა დელეგირებული ან გამგებელი არ იმყოფებოდა ადგილზე, რა დროსაც მოადგილე შეასრულებდა მის მოვალეობას. ამდენად, ვინაიდან ამგვარი ფაქტები საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულილებებით იქნა გამყარებული, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ი/მ “ც-ზე” წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცა ერთ-ერთი მთავარი პირობის მიწის მინაკუთვნის მიღების შესახებ მესაკუთრის თანხმობის არარსებობის პირობებში. უფრო მეტიც, ყაზბეგის რაიონის გამგებელმა 2006 წლის 15 ივნისის ¹115 წერილით, კვლავ დაუდასტურა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომ გამგეობა თანახმა არ იყო ი/მ ,,ც-თვის" გუდაურის საკრებულოს ტერიტორიაზე წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე, ანუ ლიცენზიის გაცემის შემდეგაც მიწის მესაკუთრის მხრიდან არ განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული მოქმედების ლეგიტიმურობის დადასტურება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ მას, როგორც ლიცენზიის მფლობელს, არ სჭირდებოდა მიწის მინაკუთვნი, რამდენადაც წყალთა მეურნეობა 25 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობდა, ხოლო მიწის მინაკუთვნი გამოიყოფა ახალი საბადოების ათვისების და მისთვის აუცილებელი სამუშაოების წარმოებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ი/მ “ც-ოს” აღნიშნული გარემოება სარჩელის საფუძვლად არ გაუხდია, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობაზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, რამდენადაც სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება/ შედგება, როგორც სამართლებრივი, აგრეთვე ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელის თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელის თ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ “ც-ოს” ხელმძღვანელის თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.