Facebook Twitter

ბს-151-147(კ-08) 8 მაისი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ბ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანების გამოცემა და ომის მონაწილედ ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. ბ-ემ 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანების გამოცემის და ომის მონაწილის ცნობის გაცემის დავალდებულება, ვეტერანთა დეპარტამენტისათვის ომის მონაწილეობის სტატუსის მინიჭებისა და შესაბამისი კოდის გაცემის დავალება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მან ვერ მიიღო საქართველოს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტიდან ომის მონაწილის მოწმობა, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში მისი ჩარიცხვის შესახებ. ამის გამო არ აძლევენ ყვითელი ფერის ცნობას, რომლის საფუძველზეც შემდგომში შეუძლია მიიღოს საქართველოს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტიდან ომის მონაწილის მოწმობა. სარჩელზე თანდართული საბუთების გარდა, აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მის მონაწილეობას მოწმეებიც დაადასტურებენ. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტი, 23-ე და 33-ე მუხლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე რ. ბ-ის წარმომადგენლის რ. ბ-ის განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გათხოვის გამო სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ; განუხილველად იქნა დატოვებული რ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს მიმართ ომის მონაწილის სტატუსის მინიჭების და შესაბამისი კოდის გაცემის დავალდებულების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რ. ბ-ეს უარი ეთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალებში ჩარიცხვის და ამორიცხვის ბრძანების გამოცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ. ბ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გამოცემა. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ს/ნაწილი ¹........ მეთაურის ზ. უ-ის ¹144 ბრძანების ასლის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ სერჟანტი რ. ბ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და 1993 წლის 15 მაისიდან დაინიშნა საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ს/ნაწილი ¹....... ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათეულის მეთაურად. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული ბრძანების ნამდვილობასთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე რ. ბ-ე 1993 წლის 15 მაისიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე დაინიშნა ს/ნაწილი ¹...... ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათეულის მეთაურად. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის და ამორიცხვის ბრძანების გამოცემის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ასეთი ბრძანება უკვე არსებობს ზემოაღნიშნული ბრძანების სახით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საბუთების მიხედვით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე რ. ბ-ის მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში, კერძოდ, აღნიშნული ფაქტი, ზემოთხსენებული ს/ნაწილი ¹...... მეთაურის ზ. უ-ის ¹144 ბრძანების გარდა, დასტურდება საქმეში არსებული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს უფროსის თ. დ-ას 2006 წლის 6 ივლისის ¹24-2/362 მიმართვის ანალიზიდან გამომდინარე, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსს ეთხოვა მოსარჩელე რ. ბ-ის მიმართ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემა. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, ყოფილი მე-..... საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მოადგილე მ. გ-ა, ასევე ბატალიონის შტაბის ყოფილი უფროსი ო. კ-ი, ამავე ბატალიონის კადრების განყოფილების ყოფილი უფროსი მ. შ-ა ადასტურებენ, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოსარჩელე რ. ბ-ე 1993 წლის მაისიდან აფხაზეთის დაცემის დღემდე ირიცხებოდა მე-...... კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათმეთაურად. გარდა ამისა, საქმეში არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ¹1/431 ოქმი, რომლის მიხედვითაც კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ რ. ბ-ე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების პერიოდში ჩარიცხული იყო და მსახურობდა ...... საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონის შემადგენლობაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მოსარჩელე რ. ბ-ის მონაწილეობის თუ არ მონაწილეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2006 წლის 29 ივლისის ¹4229 წერილით მოსარჩელეს განუმარტა, რომ მას არ გააჩნდა ინფორმაცია რ. ბ-ის შეიარაღებულ ძალების რიგებში მისი ჩარიცხვა-ამორიცხვისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოცემული ადმინისტრაციული აქტი, რადგან ის გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, აგრეთვე 96-98-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დამტკიცებული “საბრძოლო მოქმედების მოკვლევის წარმოების წესის შესახებ" დებულების შესაბამისად, საბრძოლო მოკვლევის საგანს წარმოადგენდა 1991-1993 წლებში შეიარაღებული ძალების სტრუქტურული შემადგენლობისა და ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების დაზუსტება, მათი და მათ შემადგენლობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და ა.შ. დადგენა; დებულების IV თავის მე-11 პუნქტით დეტალურად იყო განსაზღვრული იმ პროცედურათა შინაარსი, რომლის დაცვითაც უნდა ყოფილიყო გამოკვლეული დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებული გარემოებანი განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზნით. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუხედავად “საბრძოლო მოქმედების მოკვლევის წარმოების წესის შესახებ" დებულებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულებებისა, მოპასუხემ _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი სამართლებრივი შეფასებისა და გადამოწმების, სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების მოპოვების გარეშე მიიღო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ მსჯელობის საგნად არ გაუხდია შემდეგი მტკიცებულებები: სამხედრო ნაწილის ¹...... მეთაურის ზ. უ-ის ¹144 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სერჟანტი რ. ბ-ე გაწვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში და 1993 წლის 15 მაისიდან დაინიშნა საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე სამხედრო ნაწილის ¹...... ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათეულის მეთაურად; ყოფილი მე-.... საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მოადგილე მ. გ-ას, ამავე ბატალიონის შტაბის ყოფილი უფროსის ო. ქ-ის, კადრების განყოფილების ყოფილი უფროსის მ. შ-ას მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რ. ბ-ე 1993 წლის მაისიდან, აფხაზეთის დაცემის დღემდე ირიცხებოდა მე-..... კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათმეთაურად; საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ¹1/431 ოქმი, რომლის მიხედვითაც რ. ბ-ე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში ჩარიცხული იყო და მსახურობდა მე-..... საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის შემადგენლობაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რ. ბ-ე 1993 წლის მაისიდან, აფხაზეთის დაცემის დღემდე ირიცხებოდა მე-.... კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის საგზაო ტექნიკის ათმეთაურად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის გამორკვევის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე საერთოდ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოუკვლევია კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებანი, არ მიუცია სამართლებრივი შეფასება მასთან წარდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებებისათვის, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ხსენებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ამავე დროს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ" პუნქტების თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად კი მითითებულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლები, თუმცა სასამართლოს მიერ განმარტებულ არ იქნა, თუ კონკრეტულად 33-ე მუხლის რომელი ნაწილით იხელმძღვანელა მან. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავად მოაწესრიგა სადავო საკითხი ანუ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და ამავე დროს განუსაზღვრა მას აქტის შინაარსი (მოსარჩელის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მანაწილეობის შესახებ). ცხადია, თუ სასამართლო თვლიდა, რომ თავად უნდა მოეწესრიგებინა სადავო საკითხი, მაშინ მას ადმინისტრაციული ორგანოსათვის კი არ უნდა დაევალებინა კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, არამედ თავადვე (ფორმალური თავლსაზრისით) უნდა მიეღო გადაწყვეტილება რ. ბ-ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ცნობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მეორე ნაწილით, არამედ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავად ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაევალებინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ბ-ის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თუ არ მონაწილეობის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული აქტის სზაკ-ის მუხლებთან შეუსაბამობის შესახებ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, არც ერთმა სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, მაშინ როდესაც ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებებიდან ირკვევა, სასამართლომ სამინისტროს დაავალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა კომპეტენციის ფარგლებში, მის ხელთარსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით; “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ" პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა _ მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. ამდენად, კასატორის მითითებით, ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა ეფუძნებოდეს სამინისტროს ხელთ არსებულ დოკუმენტაციას, რაც ინახება სამინისტროს საარქივო მასალებში. პირის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის, ამორიცხვის, სამსახურებრივი გადაადგილების, კმაყოფაზე აყვანის, სამკურნალო მივლინებისა და ა.შ. ბრძანებათა არსებობა ადასტურებს ამ ადამიანის მიერ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის ფლობას და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტის შესაბამისად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში პირის სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის დადასტურების ან უარყოფის შესახებ გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კასატორის მითითებით, ვინაიდან, არ მოიძებნა კონკრეტული განმცხადებლის ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის “ტ” პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის (დეპარტამენტის საარქივო მასალების გამოკვლევის) გამოყენებით; კასატორის აზრით, ყოველივე ზემოთაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არასრულია, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სამართლებრივი და დოკუმენტალური საფუძვლის არ არსებობის პირობებში კანონიერ საფუძველს მოკლებულია. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეყრდნო მის ხელთარსებულ საარქივო მონაცემებს და 2006 წლის 29 ივლისის ¹4229 წერილით უარი უთხრა რ. ბ-ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობის გამო. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ “საბრძოლო მოკვლევას”, მის საფუძველზე საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის “უტყუარად და დასაბუთებულად” მიჩნევა არ გულისხმობს მისი შეიარაღებული ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.

уьикსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიეცათ მოსაზრების წარმოდგენის უფლება, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.